Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ვასილიოს N”-ი ვალეტაში შეუშვეს


ლიბიიდან გაქცეულ და მალტაში ჩასული გემი "ვასილიოს N"-ი თითქმის ერთი კვირის განმავლობაში იდგა რეიდზე დედაქალაქ ვალეტის პორტის სიახლოვეს. 15 მარტს მას, როგორც იქნა, პორტში შესვლის ნება დართეს. გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ახალაძე, ამბობს, რომ ეს ვალეტის პორტის კაპიტნის გადაწყვეტილება იყო. ამჟამად "ვასილიოს N"-ი პორტის აკვატორიაში იმყოფება. ახალაძის თქმით, იურიდიული პროცედურებიც მალე მოგვარდება.

ჩვენ ვესაუბრეთ "ვასილიოს N"-ის კაპიტანს, ანტონ ყურაშვილსაც. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე ეკიპაჟს საკმარისად აქვს საკვებიც და წყალიც. ყველანი კარგად არიანო, დასძენს კაპიტანი. ის კმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ამჟამად ნათლად ხედავს საქართველოს ხელისუფლების თანადგომის შედეგებს და ეკიპაჟიც თავს მიტოვებულად აღარ გრძნობს.

"მინდა მადლობა ვუთხრა იტალიაში საქართველოს კონსულს, ვახტანგ ანდღულაძეს, დესპანს ირაკლი ხუცურაულს. ასევე, მამუკა ახალაძეს - გემების რეგისტრაციისა და დროშის კონტროლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, ისინი მხარში გვიდგანან და გვეხმარებიან" - ამბობს ანტონ ყურაშვილი და დასძენს, რომ რადიო "თავისუფლება" ერთადერთი მედიასაშუალებაა, რომელსაც ინტერვიუს აძლევს და მომავალშიც, ყველა სიახლის შესახებ ინფორმირებას ჰპირდება.

"ვასილიოს N"-ის ეკიპაჟის წევრებს ვალეტაში გადაადგილების უფლებაც მიეცათ. "ისინი ოჯახის წევრებს დაუკავშირდებიან და ბოლო დღეების თავგადასავალსაც უამბობენ", - გვეუბნება გემის კაპიტანი.
XS
SM
MD
LG