Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პარკირების სისტემა კვლავ გამარტივდა


თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში პარკირების სისტემა გამარტივდება. სიახლის თანახმად, მძღოლებს აღარ მოუწევთ პარკირების საათობრივი გადასახადის გადახდა, როგორც ამას ერთი თვის წინ შემოღებული პარკირების წესები ითხოვდა. მერიის ინიციატივით, დაიბეჭდება 25 ლარის ღირებულების ერთწლიანი ბარათები, რომელთა მფლობელებს უფლება ექნებათ ავტომობილები პარკირებისთვის დასაშვებ ნებისმიერ ადგილზე გააჩერონ.

საქართველოს მწვანეთა პარტიის მონაცემებით, თბილისის ქუჩებში ყოველდღიურად 300 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს. შესაბამისად, გადატვირთულია როგორც საავტომობილო გზები, ასევე პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილები, თუმცა ერთი თვის წინ შემოღებულმა სიახლემ თბილისელებს ახალი თავსატეხი გაუჩინა. 65 წლის ბატონი ოთარი თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ავტომობილების სადგომზე მუშაობს.

„შემცირდა ტრანსპორტი, ბევრი აღარ აჩერებდა. სადაც დახაზული არ იყო, იქ იმალებოდნენ“, - ბატონ ოთარის თქმით, მძღოლები ამგვარად პარკირების ტენდერში გამარჯვებული კომპანიის, „სიტი პარკის“, ინსპექტორებს ემალებოდნენ. საქმე ისაა, რომ ერთი თვის წინ შემოღებული პარკირების ახალი სისტემის მიხედვით, დედაქალაქი სამ - 20 თეთრიან, 50 თეთრიან და 1 ლარიან - ზონად დაიყო. მძღოლი, ვინც არ გადაიხდიდა პარკირების დაწესებულ საფასურს დადგენილი წესით, ანუ პარკირების მობილური ბარათით, პარკომეტრითა და პარკირების გადასაფხეკი ბარათით, პირველ ჯერზე ოცი ლარით ჯარიმდებოდა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მძღოლების დიდმა ნაწილმა თავი საავტომობილო სადგომების მახლობლად მდებარე ქუჩებს შეაფარა, რამაც ამ ქუჩების მცხოვრებლებს ერთგვარი დისკომფორტი შეუქმნა.

„ძალიან ბევრი მანქანა დგას ჩვენს ქუჩაზე, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს მომრავლდა. მეზობლებმა პატრულიც კი გამოიძახეს. შემრცხვა, გარეთ ვერ გამოვედი. უჭირს ადამიანს და როგორ ვუთხრა, რატომ ტოვებ ჩვენს ქუჩაზე მანქანასო“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა.

თბილისელების გულისტკივილს მყისიერად გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ორიოდე დღის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ, პარკირების სისტემით უკმაყოფილო ადამიანებთან ერთად, საკრებულოს წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართა.

სულ მალე, ლეიბორისტების მსგავსად, პარკირების მოქმედი სისტემა მმართველი პარტიის წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს. მოგვიანებით კი გიგი უგულავამ განაცხადა, რომ თბილისელებს სთავაზობს პარკირების გადასახადის ახალ, გამარტივებულ და გაიაფებულ ვარიანტს:

„დაიბეჭდება წლიური ბარათები, რომელთა ღირებულება იქნება 25 ლარი. ამ ბარათს მძღოლები გააკრავენ საქარე მინაზე და ნებისმიერ დასაშვებ ადგილზე შეეძლებათ მანქანის გაჩერება.“

თბილისის მერის მიერ გაცხადებული ეს სიახლე სიხარულით მიიღეს როგორც მძღოლებმა, ასევე ეგრეთ წოდებულმა „სტაიალშიკებმა“.

მერიის ინფორმაციით, სიახლე ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა, თუმცა მანამდე დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ურთიერთობის გარკვევა მოუწევს „სიტი პარკთან“, კომპანიასთან, რომელმაც პარკირების სისტემის ადმინისტრირების თხუთმეტწლიანი უფლება ჯერ კიდევ 2007 წელს ტენდერის საშუალებით მოიპოვა. ამასთან, ტარიფები, რომელთა მოცულობამ თბილისელები აღაშფოთა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერაა გამოთვლილი და დამტკიცებული, პარკირებიდან მიღებული შემოსავლის სამოცი პროცენტიც ადგილობრივ ბიუჯეტში ირიცხებოდა. „სიტი პარკის“ წარმომადგენელი გიორგი ჯაფარიძე ამბობს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, ანუ გაასაჩივრებს თუ არა მერიის გადაწყვეტილებას სასამართლოში, კომპანიას პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია.

სავარაუდოდ, ასევე რამდენიმე დღეში გაირკვევა, რა ბედი ეწევათ „სიტი პარკის“ მიერ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში დაჯარიმებულ მძღოლებს. პარტია „სამართლიანი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პეტრე მამრაძე, ამ კატეგორიის მძღოლებისთვის ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG