მორად ვეისი
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, გენერალი ისმაილ ღაანი ირანის ელიტური „ყუდსის ძალების“ ახალ სარდლად დანიშნა მალევე მას შემდეგ, რაც აშშ-ის საავიაციო დარტყმის შედეგად 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში დაიღუპა გენერალი ყასემ სოლეიმანი.
ამ ნაბიჯით ხამენეის სურდა ეჩვენებინა ირანის მოსახლეობისათვის, რომ „ყუდსის ძალები“ ძველებურად განაგრძობენ საქმიანობას, ‘წამებულ’ გენერალ სოლეიმანის გეგმის თანახმად“, - ნათქვამია გენერალ ისმაილ ღაანის დანიშვნის განკარგულებაში.
მაგრამ ვინ არის გენერალი ღაანი თუ სხვა სამხედრო მეთაურები, რომლებმაც მათი დაღუპული უმაღლესი მეთაურის საქმეები უნდა განაგრძონ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისათვის საინტერესოა თავდაპირველად გავიხსენოთ, თუ რა ადგილი უჭირავს „ყუდსის ძალებს“ირანის სამხედრო ძალებში.
„ყუდსის ძალების“ დაბადება
ქაღალდზე „ყუდსის ძალები“ ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ერთ-ერთი სახეობაა, ისევე როგორც სამხედრო-საზღვაო ძალები, სამხედრო ავიაცია, სახმელეთო ძალები და ბასიჯების (წინააღმდეგობის სამობილიზაციო რეზერვი) დაჯგუფება.
მაგრამ რეალობაში „ყუდსის ძალების“ სარდალი უშუალოდ ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს სასულიერო ლიდერს.
როგორც ისლამური რესპუბლიკის ექსტერიტორიულ სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, „ყუდსის ძალების“ სპეციალიზაციას წარმოადგენს სამხედრო დაზვერვა და არაკონვენციური საომარი მოქმედებების წარმოება.
აქედან გამომდინარე, „ყუდსის ძალები“ მხარს უჭერენ არაოფიციალურ სამხედრო დაჯგუფებებს, მათ შორის „ჰამასს“, ლიბანურ „ჰეზბოლას“, პალესტინურ „ისლამურ ჯიჰადს“, იემენელ „ჰუთიტებს“ და ასევე ერაყში, სირიაში, ბაჰრეინსა და ავღანეთში მოქმედ შიიტურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.
ამ ორგანიზაციების უმრავლესობას ვაშინგტონი ტერორისტულ დაჯგუფებებად მიიჩნევს.
„ყუდსის ძალებმა“ თავისი გავლენა ახლახან გაავრცელეს ასევე ზოგიერთ სამხრეთ აფრიკულ სახელმწიფოში. ამ საქმიანობის გამო აშშ-მა „ყუდსის ძალები“ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცების სიაში შეიტანა.
ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) დანაყოფი, „ყუდსის ძალები“, არის ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ირანის გარეთ მოქმედ აქტიურ პროირანულ გასამხედროებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ეს დანაყოფი 1988 წელს.
ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ყოფილი მეთაური, აჰმად ვაჰიდი, ახლად შექმნილი სპეცდანიშნულების ძალების საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა.
შემდგომში, 2009-2013 წლებში, როგორც უკვე ირანის თავდაცვის მინისტრი, ვაჰიდი ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკისა და აშშ-ის დელეგაციას შორის 1986 წლის სადავო საიდუმლო შეხვედრაში ღებულობდა მონაწილეობას.
ამასთან, „ყუდსის ძალები“ ვაჰიდის ჩრდილოვანი მმართველობის ქვეშ იმყოფებოდნენ 1988-1997 წლებში.
სოლეიმანის აღზევება
1997 წლიდან, როდესაც ყასემ სოლიემანმა ვაჰიდი შეცვალა, „ყუდსის ძალებმა“ აყვავება და გაძლიერება დაიწყეს ირანშიც და მის ფარგლებს გარეთაც. როგორც ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) ერთ-ერთმა გამორჩეულმა სამხედრო ლიდერმა, სოლეიმანმა დიდი პატივისცემა მოიპოვა, როგორც ანგარიშგასაწევმა ფიგურამ მთელი ირანის მასშტაბით.
გენერალმა სოლეიმანმა „ყუდსის ძალები“ დაყო ცალკეულ სამმართველოებად, რომლებიც აკონტროლებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ ირანული სპეცდანიშნულების დანაყოფებს. ყველა სამმართველო უშუალოდ ექვემდებარებოდა გენერალ ყასემ სოლეიმანს. მეტიც, მან შექმნა ხუთი ახალი, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი, ფილიალი - სადაზვერვო, საფინანსო, პოლიტიკური, საბოტაჟისა და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტები. ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეს დეპარტამენტები სოლეიმანის ლიდერობის ქვეშ არსებულ „უმაღლეს მეთაურთა საბჭოს“ ექვემდებარებოდა.
ასეთი დიდი გავლენის მიუხედავად, „ყუდსის ძალების“ ლიდერი გაურბოდა მედიაში გამოჩენას სირიაში 2011 წლის სამოქალაქო ომის დაწყებამდე.
სირიაში, რომელსაც სოლეიმანი უწოდებდა ირანის ისლამური რესპუბლიკის „სტრატეგიულ სიმაღლეს“, „ყუდსის ძალების“ სპეციალისტებმა დაიწყეს ავღანელი და პაკისტანელი შიიტების გადამზადება სამოქალაქო ომში ბაშარ ალ ასადის მხარეზე საბრძოლველად.
ახალი მეთაური
ყასემ სოლეიმანის მემკვიდრე, 62 წლის ბრიგადის გენერალი ისმაილ ღაანი, ირანის სიდიდით მეორე ქალაქ მეშჰედში დაიბადა,ხორასნის პროვინციაში, სადაც ისლამის რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) წარმომადგენლები სირიასა და ერაყში საბრძოლველად ავღანელ შიიტებს წვრთნიან.
ისმაილ ღაანი 1980-88 წლების ირან-ერაყის ომის ვეტერანია, მეთაურობდა „ნასრ 5“-ისა და „რეზა-21“ის ბრიგადებს, რომლის ბაზაზეც შემდეგ ცალკეული დივიზია ჩამოყალიბდა.
ღაანი 1988 წლიდან, ანუ დაარსებიდან, არის „ყუდსის ძალების“ წევრი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში იყო დაზვერვის ხელმძღვანელი და უმაღლესი მეთაურის, გენერალ ყასემ სულეიმანის, მოადგილე.
როდესაც სოლეიმანის მემკვიდრედ ნიშნავდა, ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ღაანის უწოდა „ისლამური რევოლუციის გვარდიის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მეთაური“.
2012 წლის 27 მარტს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ღაანი შეიყვანა „განსაკუთრებულ პირთა შავ სიაში“ (SDN) ლიბანური ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ და, ასევე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში „ყუდსის ძალების“ ქვედანაყოფების დაფინანსებისა და შეიარაღების საქმეში მისი როლის გამო.
ვინაიდან „ყუდსის ძალების“ უმაღლეს მეთაურთა საბჭოს სხვა წევრთა ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ძნელი სათქმელია, ვინ დაიკავებს ისმაილ ყაანის ადგილს უმაღლესი მეთაურის მოადგილის პოსტზე.
სავარაუდოდ, სახელდება ბრიგადის გენერალი აჰმად საბოური, რომელიც ამჟამად „ყუდსის ძალების“ ერთ-ერთი მთავარი კოორდინატორია.
„ყუდსის ძალების“ სამეთაურო შემადგენლობიდან ცნობილია ასევე გენერალი ირაჯ მასჯედი, ამჟამად ბაღდადში თეირანის ელჩი, რომელიც ასევე განიხილება ისმაილ ღაანის მოადგილის პოსტზე, მის ადგილმონაცვლედ.
მასჯედის, დიდი ხანია, კავშირი აქვს ერაყის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან, მათ შორის გავლენიან ქურთ პოლიტიკოსებთან. მის ბიოგრაფიაში არის კიდევ ერთი დეტალი, რაც ზრდის გენერალი მასჯედის კიდევ უფრო დაწინაურების ალბათობას „ყუდსის ძალების“ სამეთაურო შემადგენლობაში.
ცნობილია, რომ, ბაღდადში თეირანის ოფიციალურ წარმომადგენლად მოღვაწეობის პარალელურად, გენერალი ირაჯ მასჯედი უშუალოდ ხელმძღვანელობს „ყუდსის ძალებში“ ერაყის საქმეთა სპეციალურ დეპარტამენტს.