Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თემურ იაკობაშვილი: „შეტევა აფხაზეთიდან უნდა წამოსულიყო, მაგრამ აფხაზები ვერ დაიყოლიეს“


„კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ის, რომ გვიღალატეს“, - ამბობს თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2008 წელს, და რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა უძღოდა კოდორის ხეობის დაკარგვას, როგორ გეგმავდნენ რუსები საქართველოზე შეტევას აფხაზეთიდან, მაგრამ „ბაღაფში ვერ დაიყოლიეს“. თემურ იაკობაშვილი ერთ-ერთია საქართველოს მაშინდელი მთავრობის წევრებიდან, ვინც 2008 წლის აგვისტოს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული.

- ბატონო თემურ, გთხოვოთ, გაიხსენოთ, რა ხდებოდა 2008 წელს კოდორის ხეობაში.

კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ის, რომ, სამწუხაროდ, გვიღალატეს

- როდესაც კოდორის რეგიონში შეტევები დაიწყო, ხელისუფლება ასეთი არჩევანის წინაშე დადგა - ან საკმაოდ დიდი მსხვერპლის ხარჯზე წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია, ან კოდორის ხეობიდან ჩვენი შენაერთები გამოგვეყვანა. კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ის, რომ, სამწუხაროდ, გვიღალატეს. ამაზე სხვა ყოფილ მინისტრებს უფრო უნდა ჰკითხოთ - ვანო მერაბიშვილს და სხვებს. ბევრი ისეთი ინფორმაცია გამჟღავნდა, რომელიც მოწინააღმდეგეს არ უნდა სცოდნოდა. ამ სიტუაციაში ჩვენ გმირობის გარდა, იქ უკვე ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებდით.

- აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასაც ჰყავს თავისი დაზვერვა და რუსეთს - მით უფრო. რა ინფორმაცია იყო ისეთი, რასაც ისინი ვერ გაიგებდნენ?

- იყო. კოდორის ხეობა არ არის ის ადგილი, რომლის დაზვერვა მარტივია, რომელსაც დურბინდით გახედავ და დაინახავ. საუბარია ადგილობრივებთან კონტაქტებზე ან ისეთ კონტაქტებზე, რომელიც ადამიანურ ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

- საბოლოოდ, კოდორის ხეობა აიღეს დესანტით და ავიაციით, რომელიც ხეობას ბომბავდა. საქართველოს ხელისუფლებას წინააღმდეგობის გაწევა რომ გადაეწყვიტა, კოდორის ხეობას საავიაციო იერიშისგან დაიცავდა?

კოდორის ხეობაში რეალობა შეიცვალა მხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად და არა იმიტომ, რომ შამბამ რაღაც თქვა

- ეგ ისეთი დეტალებია, რომელიც ჩემს კომპეტენციაში არც მაშინ შედიოდა და ახლა - მით უმეტეს.

- დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა ამბობს, რომ იმ დღეებში მუდმივად უკავშირდებოდა ქართულ მხარეს, თქვენ პირადად და მოგიწოდებდათ, კოდორის ხეობა დაგეტოვებინათ. რაზე მიდიოდა მოლაპარაკებები?

- ძალიან ბევრ რამეზე იყო მაშინ საუბარი. მათ ჰქონდათ ჩამონათვალი, ჩვენ - ჩვენი მოთხოვნები. კოდორის ხეობაში რეალობა შეიცვალა მხოლოდ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შედეგად და არა იმიტომ, რომ შამბამ რაღაც თქვა ან მოლაპარაკებებზე რამე მოხდა.

სერგეი შამბა: „გადავწყვიტეთ, იერიში კოდორის ხეობაზე მიგვეტანა, აქედან დარტყმას არ ელოდნენ“

- ანუ აფხაზები ითხოვდნენ, რომ ქართულ ჯარს კოდორის ხეობა დაეტოვებინა?

- რა თქმა უნდა, ითხოვდნენ. მეტსაც გეტყვით: თავიდან რუსული გეგმა ის იყო, რომ აფხაზეთიდან შემოსულიყვნენ, ანუ პროვოკაციები მზადდებოდა არა ცხინვალის რეგიონიდან, არამედ - აფხაზეთიდან. 2008 წლის გაზაფხულზე ე.წ. საინჟინრო ჯარებით აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაც კი დაიწყეს.

- საინჟინრო ჯარი რას ნიშნავს?

- რუსეთს აქვს ასეთი რამ - საინჟინრო ჯარი, რომელსაც, ალბათ, თავდაცვითი ზღუდეების აგება ან დანგრევა ევალება, მაგრამ ჯარი მაინც ჯარია. გაეროს მანდატით განსაზღვრული იყო, როგორი ჯარები უნდა ყოფილიყვნენ ამა თუ იმ ტერიტორიაზე. საინჟინრო ჯარებს ეს ფორმატი არ ეხებოდა. რუსეთმაც შეიყვანა აფხაზეთში საინჟინრო ჯარები და მათ რკინიგზის აღდგენა დაიწყეს.

იყო ასეთი ინფორმაცია, რომ შეტევა ძირითადად აფხაზეთიდან უნდა წამოსულიყო, იგივე პროვოკაციები, რაც ცხინვალში მოხდა, მაგრამ აფხაზები ვერ დაიყოლიეს. აფხაზებმა უთხრეს: კი, თქვენ ხუთი დღის მერე კი მოხვალთ და დაგვეხმარებით, მაგრამ მანამდე ქართველები სულ გაგვჟლეტენო. ბაღაფში ვერ დაიყოლიეს, როგორც ამბობენ, კოკოითი - კი.

- სერგეი შამბა ამბობს, რომ როდესაც კოდორის ხეობის აღება გადაწყვიტეს, მაქსიმალურად შეეცადნენ, მსხვერპლი არ ყოფილიყო, მათ შორის კოდორის ხეობის მოსახლეობაშიც...

- შამბა რას ამბობს, ეს არ არის საინტერესო, რადგან კოდორის ხეობა აფხაზებს არ აუღიათ, რუსებმა აიღეს. თან რაში სჭირდებოდათ დანაკარგი ან თავისი, ან სხვისი, მით უფრო, როცა წინააღმდეგობას არ გიწევენ.

- კოდორის ხეობის მცხოვრებლები დღემდე ამბობენ, რომ ისინი საფრთხის შესახებ არავინ გააფრთხილა, არც მათ ევაკუაციაზე იზრუნეს. ხალხმა თავისით დატოვა ხეობა.

- ვერაფერს გეტყვით. ხეობის ხელმძღვანელობა ვინც იყო იმ დროს, მათ უნდა მოჰკითხოთ.

ჩვენ დაველოდეთ, როდის შემოვიდოდა რუსეთი როკის ხეობაში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ჯობდა, როცა შეგვეძლო, როკის გვირაბი დაგვენგრია.

- თქვენ რაზე გწყდებათ გული? რა შეიძლებოდა ქართულ მხარეს მაშინ გაეკეთებინა და ვერ ან არ გააკეთა?

- ძალიან ძნელია წარსულზე ილაპარაკო, რა აჯობებდა და რა არ აჯობებდა. ვფიქრობ, ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ პარტნიორები რუსეთის განზრახვის სერიოზულობაში დაგვერწმუნებინა. სამწუხაროდ, ვერ შევძელით და ამას უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დასჭირდა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი შეცდომაა. თუმცა ბევრი წვრილმანია, რომლის სხვაგვარად გადაწყვეტაც სხვა შედეგს მოიტანდა. მაგალითად, ჩვენ დაველოდეთ, როდის შემოვიდოდა რუსეთი როკის ხეობაში. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ჯობდა, როცა შეგვეძლო, როკის გვირაბი დაგვენგრია.

- რუსეთ-უკრაინის ომისა და მთელი იმ ცვლილებების გათვალისწინებით, რაც ამ ომს მოჰყვა, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე?

- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ადრე თუ გვიან, და მე იმედი მაქვს, რომ უფრო ადრე, ვიდრე გვიან, რუსეთს ორივე ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება მოუწევს - მთელი აფხაზეთის, თავის კოდორის ხეობიანად და „სამხრეთ ოსეთის“. მე ამაში არცერთი წამით არ მეპარება ეჭვი.

რაღაც ეტაპზე ჩვენ მაინც სალაპარაკო გვექნება აფხაზებთან, რადგან ეს ძირითადი მოსახლეობაა და მათთან თანაარსებობის რაღაც ფორმულა უნდა გამოვნახოთ. მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნება, სანამ იქაურობას რუსები აკონტროლებენ. თუმცა რუსეთის განვითარების ტრაექტორია საითკენაც მიდის, ამას ყველა კარგად ვხედავთ.

ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს. გამარჯვებაში მე მისი ყველა ტერიტორიის დაბრუნებას ვგულისხმობ. როგორც კი რუსეთში სიტუაცია შეიცვლება, ეს ხელოვნურად ჩაჭიდებული ტერიტორიები - აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“, დნესტრისპირეთი და ასე შემდეგ - დომინოსავით მიჰყვება ამ ყველაფერს და რუსეთის თავის ტკივილი, მაგალითად, ის იქნება, რა უყონ შუა ევროპაში გამომწყვდეულ კალინინგრადს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG