Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთმა გენოციდის აქტად აღიარა ყირიმელი თათრების დეპორტაცია


ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მონაწილე
ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მონაწილე

2024 წლის 18 დეკემბერს ჩეხეთის სენატმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც გენოციდის აქტად აღიარებს 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაციას.

ჩეხეთის სენატში გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 74 რეგისტრირებული სენატორიდან 70-მა. ჩეხეთი მეშვიდე ქვეყანაა უკრაინის, კანადის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, რომელმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. კენჭისყრის დროს დარბაზში იმყოფებოდნენ ყირიმელი თათრების წარმომადგენლები, მათ შორის ყირიმელი თათრების ეროვნული ლიდერი, უკრაინის სახალხო დეპუტატი და ყოფილი საბჭოთა პოლიტპატიმარი, მუსტაფა ჯემილევი.

ჩეხეთის სენატის თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პაველ ფიშერის თქმით, ჩეხეთი სისტემატურად ადევნებს თვალს და ეხმარება უკრაინას მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წელს, საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფით, მოახდინა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია.

„ამიტომ ჩვენთვის ეს იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. მუსტაფა ჯემილევი, მეჯლისის წარმომადგენლებთან ერთად, მუდამ გვახსენებენ იმ საშინელ რეპრესიებს, რომლის პირობებშიც უწევთ ცხოვრება ყირიმელ თათრებს რუსული საოკუპაციო ხელისუფლების პირობებში. 2024 წელს შესრულდა სტალინის მიერ მოწყობილი ყირიმელი თათრების გენოციდის 80 წლისთავი. უკრაინის პარლამენტის მიმართვის საფუძველზე, გადავწყვიტეთ მიგვეღო რეზოლუცია გენოციდის ცნობის შესახებ“, - განაცხადა ჩეხმა სენატორმა.

მუსტაფა ჯემილევი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას, 2024 წ. 18 დეკემბერი
მუსტაფა ჯემილევი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას, 2024 წ. 18 დეკემბერი

მუსტაფა ჯემილევმა ჩეხი სენატორების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მადლობას იხდიდა არა მხოლოდ ყირიმელი თათრების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატა როგორც სამხედრო დახმარების, ასევე უკრაინელი ლტოლვილების მიღების სახით.

„საუბარია იმ ათობით ათასი ლტოლვილის დახმარებაზე, რომლებიც იძულებული იყვნენ რუსული რაკეტების შიშით დაეტოვებინათ მშობლიური ადგილები. 1944 წლის სტალინური დეპორტაციის გენოციდად ცნობაც ასევე დიდი მხარდაჭერაა უკრაინისა და ყირიმის მოსახლეობისათვის, რომელიც ოკუპანტების წარმოუდგენელი რეპრესიების ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა მუსტაფა ჯემილევმა.

გენოციდის ანატომია

ყოველი წლის 18 მაისს უკრაინასა და მთელ მსოფლიოში იხსენებენ ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთ. 80 წლის წინ, 1944 წლის 18 მაისს დაიწყო მათი იძულებითი გადასახლება. ადამიანები - ქალები, ბავშვები, მოხუცები სატვირთო მანქანებით გადაჰყავდათ რკინიგზის სადგურებზე, საიდანაც სატვირთო ვაგონებით გზავნიდნენ აღმოსავლეთისკენ. საბჭოთა ხელისუფლება ყირიმელ თათრებს ბრალს სდებდა მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობაში. ჯამში, НКВД-მ (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა) ნახევარკუნძულიდან ყირიმის ძირძველი მოსახლეობის თითქმის სრული შემადგენლობა - 240 ათასი ადამიანი გაასახლა. ისტორიკოსების აზრით, ყირიმელი თათრების 40%-ზე მეტი (100 ათასამდე) გარდაიცვალა გადასახლებაში გაუსაძლისი პირობების, შიმშილისა და დაავადებებისგან.

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, 1944 წლის 11 მაისს, ყირიმის ნახევარკუნძულის ნაცისტური გერმანიის ჯარებისაგან სრული განთავისუფლებისთანავე, იოსებ სტალინმა ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1944 წლის 11 მაისის № ГОКО-5859 დადგენილებას ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლების შესახებ. დეპორტაციის დასასაბუთებლად მოამზადეს ლავრენტი ბერიას საანგარიშო მოხსენება, რომელშიც კერძოდ აღნიშნული იყო:

გადასახლებული ყირიმელი ოჯახები, რომლებსაც უარი ეთქვათ ყირიმში დაბრუნებაზე. 1968 წ.
გადასახლებული ყირიმელი ოჯახები, რომლებსაც უარი ეთქვათ ყირიმში დაბრუნებაზე. 1968 წ.

„თათრების მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად თანამშრომლობდა გერმანელ-ფაშისტ ოკუპანტებთან და აწარმოებდა ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა არმიის ნაწილებიდან დეზერტირი გახდა 20 ათასი ყირიმელი თათარი, რომლებმაც გაყიდეს სამშობლო და ჩადგნენ გერმანელების სამსახურში და იარაღით ხელში ებრძოდნენ წითელ არმიას“.

გამოცხადდა, რომ ყირიმის თათრული მოსახლეობა მხარს უჭერდა გერმანელი ოკუპანტების მიერ შექმნილ „თათრების ეროვნულ კომიტეტს“, რომელმაც თავის მხრივ საბჭოთა პარტიზანებისა და წითელი არმიის წინააღმდეგ მებრძოლი თათართა სამხედრო ფორმირებები შექმნა. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მონაცემებით, ყირიმის გათავისუფლების შემდეგ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს 5000-ზე მეტი „სამშობლოს გამყიდველი, გერმანელ-ფაშისტთა თანამზრახველი და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტი“, მოსახლეობიდან ამოიღეს 6 ათასი ერთეული იარაღი და ნაღმსატყორცნი.

ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის და რადიო თავისუფლების პროექტის, krim.realii-ს მიმომხილველის სერგეი გრომენკოს მონაცემებით, გერმანელებთან თანამშრომლობაში ჩართული იყო დაახლოებით 3500 ყირიმელი თათარი, რომლებიც მოგვიანებით საოკუპაციო ჯარებთან ერთად გავიდნენ გერმანიაში. როგორც იურისტები ამბობენ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ყირიმელი თათარი მონაწილეობდა საოკუპაციო ძალების მიერ შექმნილ შეიარაღებულ ფორმირებებში, საბჭოთა ხელისუფლებას არ ჰქონდა მთელი ხალხის დასჯისა და დეპორტაციის უფლება. ამასთან, ის ყირიმელი თათრები, რომლებიც იბრძოდნენ წითელი არმიის ნაწილებსა და პარტიზანულ რაზმებში, ასევე დაექვემდებარნენ ადმინისტრაციულ გასახლებას.

მოხსენებითი ბარათის ავტორი საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას („საბჭოთა ხალხის წინააღმდეგ ყირიმელი თათრების მოღალატური ქმედებების გათვალისწინებითა და ყირიმელი თათრების საზღვრისპირა რეგიონებში ცხოვრების არასაიმედოობის საფუძველზე“) სთავაზობდა ყირიმის ტერიტორიიდან ყველა ყირიმელი თათრის გასახლებას. ყირიმიდან თათრების დეპორტაციის ოპერაციის ხელმძღვანელობა დაევალა სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისრების მოადგილეებს ბოგდან ქობულოვსა და ივან სეროვს.

საბჭოთა მილიცია შლის მოსკოვის საბჭოს შენობასთან შეკრებილი ყირიმელი თათრების დემონსტრაციას. 1988 წლის 28 აგვისტო.
საბჭოთა მილიცია შლის მოსკოვის საბჭოს შენობასთან შეკრებილი ყირიმელი თათრების დემონსტრაციას. 1988 წლის 28 აგვისტო.

საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. ამ დროიდან მოიხსნა ყირიმში თათრების დაბრუნების აკრძალვა.

უკრაინის უზენაესმა რადამ 2015 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა და 18 მაისი გამოაცხადა ყირიმელი თათრების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

მუსტაფა ჯემილევი: "ყირიმელი თათრებისთვის ოკუპაცია ნიშნავს მთელი ხალხის სიკვდილს"

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური მუსტაფა ჯემილევს ესაუბრა ჩეხეთის სენატის გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და ყირიმის დეოკუპაციის პერსპექტივებზე.

- რამდენად მნიშვნელოვანია ჩეხეთის სენატის ეს გადაწყვეტილება როგორც იმ ყირიმელი თათრებისთვის, რომლებიც ამჟამად რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან, ასევე 1944 წელს დეპორტირებულთა ხსოვნისთვის?

მუსტაფა ჯემილევი: ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით იმ ყირიმელი თათრებისთვის, რომლებიც ახლა ოკუპაციის პირობებში ცხოვრობენ. ეს მათთვის მორალური მხარდაჭერაა. ამავდროულად, ეს არის მორალური მხარდაჭერა უკრაინისთვისაც, რომელიც ახლა საომარ მდგომარეობაშია ჩვენს არცთუ ისე კარგ მეზობელთან.

უკვე მეშვიდე ქვეყანაა, რომელმაც ყირიმელი თათრების გენოციდი აღიარა. რა თქმა უნდა, ეს აღიარება უკრაინის უმაღლესი რადამ დაიწყო. შემდეგ იყო ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, შემდეგ კანადა, პოლონეთი და ახლა ჩეხეთი. ჩვენ ასევე ვთხოვეთ ჩეხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა, რათა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ ყირიმელი ხალხის გენოციდი. გვითხრეს, რომ დაგვეხმარებიან ამაში.

ყირიმის ავტონომიის პრობლემა კარგად ესმით მხოლოდ პოსტსაბჭოთა, პოსტკომუნისტურ ქვეყნებს, სხვა ქვეყნებისთვის კი ძალიან უცხო საკითხია. კანადაში იმიტომ გამოვიდა, რომ ძალიან კარგად იმუშავა უკრაინულმა დიასპორამ, ძალიან კარგად.

მუსტაფა ჯემილევი
მუსტაფა ჯემილევი

- კიდევ რომელმა ქვეყნებმა შეიძლება აღიარონ ყირიმელი თათრების გენოციდი? რამდენად რთულია ეს პროცესი?

მუსტაფა ჯემილევი: იმ ქვეყნებთან მუშაობას, რომლებიც რუსეთის ზეწოლისა და გავლენის ქვეშ არიან, აზრი არ აქვს. მაგრამ სხვა ყველა ქვეყანასთან შესაძლებელია მუშაობა. მე პირადად ვესაუბრე სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. მაგრამ მესმის, რომ ახლა ეს ადვილი არ იქნება, რადგან უმრავლესობა პრემიერ-მინისტრ ფიცოს აქვს.

იყო საუბარი იმაზე, რომ გერმანიის ბუნდესტაგში უნდა გამოვსულიყავი. სწორედაც რომ გენოციდის აღიარების თემაზე. მაგრამ თქვეს, რომ ახლა, არჩევნების გამო, ეს არ იქნებოდა ძალიან დიპლომატიური, არჩევნების შემდეგ კი, გვითხრეს, მობრძანდითო.

- ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ არ აქვს ძალა, რომ სამხედრო გზით დაიბრუნოს დონბასი და ყირიმი. რას ფიქრობთ ამ განცხადებაზე და დაკარგულია თუ არა დეოკუპაციის პერსპექტივა?

მუსტაფა ჯემილევი: მე ნამდვილად მესმის პრეზიდენტის, რადგან მან თქვა, რომ ყირიმის ძალისმიერი განთავისუფლებისთვის საჭირო იქნებოდა 40 ათასი ჩვენი ჯარისკაცის გაწირვა. კაბინეტიდან იოლია თქმა: „არა, მოდი გავწიროთ!“, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანებზე, მათ სიცოცხლეზე.

ვფიქრობ, მის პოზიციაზე დიდი გავლენა იქონია ზოგიერთი დასავლური ქვეყნის პოზიციამ, განსაკუთრებით კი, აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამბობს, რომ მას სრულიად განსხვავებული გეგმები აქვს. და ზელენსკისაც, ვფიქრობ, ესმის, რომ თუ დღის წესრიგში დადგება პირობები, რომლებიც არ ითვალისწინებს დასავლეთისა და შეერთებული შტატების დახმარებას, ძალიან გაგვიჭირდება სამხედრო გზით [ამის გაკეთება].

ახლა ევროპული ქვეყნები, უპირველეს ყოვლისა, საფრანგეთი და გერმანია, გამოხატავენ მტკიცე მზადყოფნას, რომ თუ შეერთებული შტატები შეასუსტებს მხარდაჭერას, საკუთარ თავზე აიღოს უკრაინის დახმარება. თუ ისინი მართლა გააკეთებენ ამას, შესაძლოა ჩვენ კვლავ დავუბრუნდეთ დეოკუპაციის სამხედრო ვარიანტს.

- რა კეთდება პოლიტპატიმრებისა და მსჯავრდადებული ყირიმელი თათრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით?

მუსტაფა ჯემილევი: ბოლო მონაცემებით, ყირიმში ამჟამად 288 პოლიტპატიმარია, მათ შორის დაახლოებით 65-70% ყირიმელი თათარია. ჩვენ ყველა ფრონტზე ვმუშაობთ, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტთან, ვიყენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია. რუსეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით არ სურს ყირიმელი თათრების გათავისუფლება. მოსკოვს მიაჩნია, რომ თუ გაცვლიან ყირიმელ თათრებს, ეს გარემოება შთააგონებს ყირიმში დარჩენილ პირებს აქტიური ბრძოლისკენ. ასეთია რუსეთის პოზიცია.

- რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს თურქეთის როლი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში?

მუსტაფა ჯემილევი: რამდენიმე კვირის წინ გვქონდა შეხვედრა „თურქეთ-უკრაინის“ საპარლამენტო ჯგუფთან. შევხვდით როგორც საპარლამენტო ჯგუფს, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს, თურქეთის ზოგიერთ ოფიციალურ პირს და ერდოანის პირველ მრჩეველს. გამოვთქვით ჩვენი პოზიცია, რომ არ არსებობს სამშვიდობო წინადადებები ტერიტორიების დეოკუპაციის გარეშე.

მაგრამ თქვენ იცით, მათ აქვთ ოდნავ განსხვავებული მიდგომა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გამოვთქვით ჩვენი მკაფიო პოზიცია. ვთქვით, რომ ცეცხლის შეწყვეტა იმ პირობით, რომ ოკუპირებული ტერიტორიები განუსაზღვრელი ვადით დარჩება ოკუპაციის ქვეშ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

ყირიმელი თათრებისთვის ეს ნიშნავს მთელი ხალხის სიკვდილს. იქ უბრალოდ შეუძლებელია ცხოვრება. ნახევარი საუკუნე ვიბრძოდით სამშობლოში დასაბრუნებლად და ახლა ისევ გვიწევს იქიდან გაქცევა.

თურქეთს აქვს თავისი პოლიტიკა, თავისი ინტერესები. ვერ უსაყვედურებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან არმიერთების გამო. წარმოუდგენლად დიდი ეკონომიკური კავშირები აქვთ, მათ შორის, ბუნებრივი აირის მიწოდება, რუსული სახსრებით ატომური ობიექტების მშენებლობა.... ერთი სიტყვით, ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ მადლობელი ვართ თურქეთის, რომ ერდოანი ყველა პლატფორმაზე საუბრობს და ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინას უნდა დაუბრუნდეს.

სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში მე და თავდაცვის მოქმედი მინისტრი პრეზიდენტის სახელით ჩავედით თურქეთში იმ შეიარაღების ჩამონათვალით, რომელიც სასწრაფოდ გვჭირდებოდა... დაახლოებით 25-30 პუნქტი იყო, მათ შორის პირველ რიგში „ბაირაქთარები“ და ჩვენ მივიღეთ ისინი. მიუხედავად იმისა, თურქეთი ყოველთვის ითხოვს თავი შევიკავოთ აფიშირებისგან, ყოველთვის აქვთ ჩვენი დახმარების სურვილი, თუმცა იმ პირობით, თუ ზიანი არ მიადგება მათ ქვეყანას.

მუსტაფა ჯემილევი - პოლიტიკოსი, ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი, დისიდენტური მოძრაობის მონაწილე, პოლიტპატიმარი, უკრაინის სახალხო დეპუტატი. 1961 წელს ტაშკენტში დააფუძნა ყირიმელი თათრების ახალგაზრდული კავშირის განყოფილება, 1969 წელს კი - ადამიანის უფლებათა დაცვის საინიციატივო ჯგუფი. 1966-1983 წლებში ექვსჯერ დააპატიმრეს. საერთო ჯამში საბჭოთა ციხეებში გატარებული აქვს 15 წელი „საბჭოთა სისტემისათვის ძირგამომთხრელი იდეების გავრცელებისთვის“. 1975-1976 წლებში, ომსკის ციხეში გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც 303 დღის განმავლობაში არ შეუწყვეტია. ციხიდან გაათავისუფლეს 1986 წელს. 1987-1989 წლებში ხელმძღვანელობდა ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ცენტრალურ საინიციატივო ჯგუფს, ხოლო 1989-1991 წლებში - ყირიმელი თათრების ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციას. 1991 წლიდან 2013 წლამდე ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელი და ფონდ „ყირიმის“ პრეზიდენტია. 1999 წლიდან ხელმძღვანელობს ყირიმელი თათრების წარმომადგენელთა საბჭოს. 2014 წლის 20 აგვისტოდან 2019 წლის მაისამდე იყო უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული ყირიმელი თათრების საქმეებში. მუსტაფა ჯემილევი არის სელჩუკის უნივერსიტეტის (თურქეთი) სამართლის საპატიო დოქტორი და პ. ორლიკის საერთაშორისო პრემიის - „უკრაინის საზოგადოების დემოკრატიზაციისთვის“ - ლაურეატი. დაჯილდოებულია ნანსენის მედლითა (გაერო) და იაროსლავ ბრძენის V და IV ხარისხის ორდენით. 2023 წელს მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება.

ყირიმელი თათრები და ანექსია

ყირიმელი თათრებისთვის ახალ გამოწვევად იქცა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წლის მარტში. მოსალოდნელი დევნის გამო ბევრმა ყირიმელმა თათარმა დატოვა სამშობლო, ნაწილს კი რუსეთის ხელისუფლებამ აუკრძალა ნახევარკუნძულზე შესვლა, მათ შორის აუკრძალა ყირიმელი თათრების ლიდერებს, მუსტაფა ჯემილევსა და რეფატ ჩუბაროვს.

2014 წლის თებერვალში შეიარაღებულმა პირებმა, ე.წ. მწვანე ადამიანებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ რაიმე სახის ამოსაცნობი ნიშნები, იერიშით აიღეს: ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი რადა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო, ასევე სიმფეროპოლის აეროპორტი, ქერჩის საბორნე გადასასვლელი და სხვა სტრატეგიული ობიექტები. მათვე დაბლოკეს უკრაინის ჯარების მოქმედებები. რუსეთის ხელისუფლებამ თავდაპირველად უარი თქვა იმის აღიარებაზე, რომ ყირიმის ოკუპაციაში რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ „მწვანე ადამიანები“ სწორედაც რომ რუსი სამხედროები იყვნენ.

"მწვანე კაცუნები" - რუსი ოკუპანტები ყირიმში, 2014 წ.
"მწვანე კაცუნები" - რუსი ოკუპანტები ყირიმში, 2014 წ.

2014 წლის 16 მარტს, ნახევარკუნძულის სტატუსის შესახებ გამართული „რეფერენდუმის“ შემდეგ (რეფერენდუმს არ აღიარებს მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა), რუსეთმა ყირიმი თავის შემადგენლობაში შეიყვანა. არც უკრაინამ, არც ევროკავშირმა და არც შეერთებულმა შტატებმა არ აღიარეს „რეფერენდუმის“ შედეგები. 2014 წლის 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი შევიდა რუსეთის შემადგენლობაში.

უფლებადამცველების თქმით, მოსკოვი დღემდე აგრძელებს ყირიმელი თათრების ისტორიული სამშობლოდან განდევნის სტალინურ პოლიტიკას. ФСБ (უსაფრთხოების ფედერალური სამსახური) და სხვა ე.წ. ძალოვანი უწყებები ხშირად აკავებენ ამ ყირიმელი თათრების წარმომადგენლებს და ატარებენ ჩხრეკას მათ სახლებში, ხოლო დონის როსტოვის სამხრეთ ოლქის სამხედრო სასამართლოში რეგულარულად ასამართლებენ ყირიმელი თათრების აქტივისტებს - ადამიანის უფლებათა გაერთიანებების „ყირიმის სოლიდარობის“ წევრებს, რომლებსაც ბრალად უყენებენ რუსეთში აკრძალულ და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ისლამური განთავისუფლების პარტიის“ („ჰიზბ უტ-ტაჰრირი“) წევრობას.

საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ოკუპაცია და ანექსია უკანონოდ აღიარეს და დაგმეს რუსეთის ქმედებები. დასავლეთის ქვეყნებმა ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს. მოსკოვი უარყოფს ნახევარკუნძულის ანექსიას და მას „ისტორიული სამართლიანობის აღდგენას“ უწოდებს. უკრაინის უმაღლესმა რადამ 2014 წლის 20 თებერვალი ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის დროებითი ოკუპაციის დაწყების თარიღად.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG