საქართველოში ფიჭვები მასობრივად ხმება, განსაკუთრებით ქალაქებში. შეიძლებოდა თუ არა, საქმე აქამდე არ მისულიყო? ამ კითხვაზე ექსპერტების პასუხი არაერთგვაროვანია.
თბილისში გამხმარი ფიჭვების მოჭრა დაიწყეს. ფერდობებზე ხეები ერთმანეთის მიყოლებით იკაფება. იქ, სადაც ფიჭვის ტყეა, პრობლემის მასშტაბიც ნათლად ჩანს: მთელი ტყე გაყვითლებული და გადამხმარია.
მატლები, რომლებიც ფიჭვებს ახმობენ, დიდი მებაღე და პატარა მებაღეა, სხვანაირად მათ ლაფანჭამიასაც ეძახიან. საველე მეგზურში, რომელიც GLOBAL ENVIRONMENTAL FACILITY-მ და UNDP-მ მოამზადეს, მინიშნებულია, რომ თუ ეს პარაზიტი გაუჩნდა, საჭიროა ახლად დაზიანებული ხეები მოიჭრას და ძირკვები და ღეროები გაიქექოს. ბალახი და პარკები პრეპარატებით უნდა დამუშავდეს; პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს მარტსა და აპრილში.
ფიჭვებს დაავადება წლების წინ გაუჩნდა, თუმცა გამხმარი ხეები თვალშისაცემი ბოლო 10 წლის განმავლობაში გახდა. გარემოსდამცველებმა მაშინვე თქვეს, რომ სასწრაფოდ სანიტარიული ჭრები იყო ჩასატარებელი. თბილისის მერიამ კვლევაც ჩაატარა.
„ჯერ კიდევ გიგი უგულავას დროს მოიწვიეს გერმანელი ექსპერტი, რომელმაც სამოქმედო გეგმა დადო, მაგრამ ეს ნაშრომი მერიის თაროებზე შემოდეს და, ალბათ, დღემდე იქ დევს, არავის არაფერი გაუკეთებია“, - ამბობს პარტიზანი მებაღე თამარ ბაქრაძე. ის შიშობს, რომ ახლა პარაზიტი არა მხოლოდ ფიჭვებს, კვიპაროსებსა და კედრებსაც შეესია, - „საბურთალოს სასაფლაოზე უკვე უამრავი კვიპაროსი გახმა“.
თბილისში დაავადება განსაკუთრებით მოდებულია საბურთალოზე, ვაკესა და ნაძალადევში. მერიაში აცხადებენ, რომ წელს 15 ათასი ხის მოჭრა აქვთ დაგეგმილი, დანარჩენს მომავალ წელს მოჭრიან. კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ფიჭვების გადარჩენა, მერიის გარემოს დაცვის სამოქალაქო სამმართველოს უფროსი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ამ მწერის წინააღმდეგ წამალი არ არსებობს:
„თუ თითოეულ ხეს გაუკეთდება ინექცია, არის ალბათობა, რომ ხეს ეშველოს, თუმცა გარანტიას აქაც ვერავინ იძლევა. 15 ათას ხეს ნემსი რომ გაუკეთო, ამას რა ბიუჯეტი ეყოფა? ბიუჯეტზეც არ არის. ყველა ქვეყანაში, სადაც იგივე პრობლემა აქვთ, რეკომენდებულია ხე მოიჭრას და ჯანმრთელი ნერგით ჩანაცვლდეს“.
გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ საცხოვრებელ გარემოში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად უკვე რგავენ ხეებს, ფოთლოვანსაც და წიწვოვანსაც. რაც შეეხება სატყეო ფართობს, იქ ტყე ბუნებრივად უნდა განახლდეს.
სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებში არ არის მომწიფებული აზრი, რომ [სანიტარიული ჭრები] საჭიროაკარლო ამირგულაშვილი
ფიჭვები ხმება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, განსაკურებით კი ქალაქებში, სადაც ეს ხე ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ხელოვნურად გააშენეს. გარდა პარაზიტებისა, ხეებზე დაბინძურებული გარემო, გლობალური დათბობა და ასაკიც მოქმედებს.
„ტყეებში, მათ შორის ბორჯომში, მწერსაჭერები გვაქვს განთავსებული. ჭრამდე არ მიგვყავს საქმე. ტყეებში სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ქალაქებზე და მაგისტრალების მიმდებარე ტერიტორიაზე იგივე არ ითქმის. აქ, სამწუხაროდ, სათანადო ყურადღება არ ექცევა. თბილისმა დაიწყო, მაგრამ სხვა ქალაქებმაც უნდა დაიწყონ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებში არ არის მომწიფებული აზრი, რომ [სანიტარიული ჭრები] საჭიროა“, - ამბობს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, კარლო ამირგულაშვილი. - „თუ დროულად არ დაიგეგმა ღონისძიებები და, ჩემი აზრით, უკვე დაგვიანებულიცაა, ეს პრობლემა უფრო თვალშისაცემი იქნება“.
კარლო ამირგულაშვილი განმარტავს, რომ ქალაქები გარემოს დაცვის სამინისტროს არ ეხება და მუნიციპალიტეტებმა დაავადებასთან ბრძოლა საკუთარი ძალითა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს დახმარებით უნდა წამოიწყონ. ამბობს, რომ თბილისში დაწყებული სანიტარიული ჭრები სხვა ქალაქებისთვის მაგალითი უნდა გახდეს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რატომ მივიდა იმავე თბილისში საქმე ფიჭვების მოჭრამდე, თუკი ტყეებში დაავადების შეკავებას ამჯერად მწერსაჭერებით ახერხებენ:
„თბილისში უკვე დაგვიანებული იყო. რატომ იყო დაგვიანებული, მაგას ვერ გეტყვით, რადგან ეს ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ფიჭვების პრობლემა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2013 წელს, მაგრამ არსებითი ღონიძიებები მხოლოდ შარშან დაიწყეს“, - ამბობს კარლო ამირგულაშვილი.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ფიჭვების მოჭრის გარდა აუცილებელია მათი გაქერქვა და ტერიტორიიდან გატანა, რომ დაავადება სხვა ხეებზეც არ გადავიდეს.