საქართველოც მზად არის და აზერბაიჯანსაც სწორედ საქართველოს ჩართულობით წარმოუდგენია სამშვიდობო მოლაპარაკებების „თუნდაც დღესვე“ დაწყება სომხეთთან, რომელსაც ჯერ არ განუცხადებია თანხმობა, ყარაბაღში სამხედრო მარცხის შემდეგ, ბაქოს მიერ შეთავაზებულ ყველა პირობაზე. საქართველოს ფასილიტაციის საგანგებო როლზე რადიო თავისუფლებასთან ბაქოელი ექსპერტიც ლაპარაკობს.
თუკი „რეგიონში მშვიდობა დაისადგურებს“, ილჰამ ალიევი საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივ მომავალში მრავალ პერსპექტივას ხედავს და მათ შორის, დიდწილად, ევროკავშირთან ენერგეტიკული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების ჭრილში.
საქართველოს როლი
სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო თანამშრომლობის ინიციატივები სხვადასხვა დროს გახმაურებული აქვს როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ეს ინიციატივები სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართულობას გულისხმობს.
"მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა” არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და, მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ... მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი ფორმატის მექანიზმის შექმნაზე სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რომელიც 24 ოქტომბერს, მცხეთაში, "შატო მუხრანში" შედგა.
ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მზად არის თუნდაც „დღესვე დაიწყოს საქართველო-სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი კონსულტაციები“; თუკი სომხეთი მზად იქნება, მიიღოს აზერბაიჯანის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო პირობები, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ შექმნილი რეალობის ფონზე, რის მიმართაც სომხეთის მოქალაქეებში არაერთგვაროვანი მიდგომაა.
ბაქოელ ჟურნალისტს, კონფლიქტოლოგ ილგარ ველიზადეს არ უკვირს საქართველოს ჩართულობის ზრდაც, რადგან, როგორც გვეუბნება, „აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობებში, საქართველოს განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია“ და ეს წარსულშიც დადასტურდა.
„საქართველო ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მშვიდობის აღდგენის პროცესში სამხრეთ კავკასიის სხვა ორ ქვეყანას შორის... ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ფასილიტაციით, აზერბაიჯანმა მიიღო ნაღმების რუკები, ხოლო სომხეთს გადასცა სამხედრო ტყვეები... მას შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ და ამ პროცესს წარმატებით გაგრძელების პოტენციალი აქვს“, - ამბობს ველიზადე.
„როგორც მიკრო-, ასევე მაკრორეგიონის სტაბილურობასა და მშვიდობას“ - აზერბაიჯანისა და საქართველოს ზიარი ინტერესების ერთ-ერთ უმთავრეს შემადგენელ ნაწილად ასახელებს ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძეც. მისი განმარტებთ, მიკრორეგიონში სამხრეთი კავკასია იგულისხმება, ხოლო მაკრორეგიონი ფართო შავი ზღვის რეგიონს მოიცავს.
„მაკრორეგიონის [ფართო შავი ზღვის რეგიონის] შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის ფაქტორი და აქ საერთაშორისო თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ვითარება, მინიმუმ, არ გაუარესდეს“, - გვეუბნება ფხალაძე.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის ამ ორი ქვეყნის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ მეტი წონა შეიძინა ამჟამად, როცა რუსეთი რეგიონში პოზიციებს კარგავს და ევროკავშირი მზად არის, სამშვიდობო მისია გააგზავნოს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე.
უკრაინა, მოლაპარაკებები, დაძაბულობა რეგიონში
საქართველოსა და აზერბაიჯანის ლიდერებს თავიანთ გამოსვლებში რუსეთზე არ ულაპარაკიათ. უკრაინა კი, ერთხელ, მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილმა ახსენა.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკებების გზით“, - თქვა მან, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, „რა ხდება“ უკრაინაში და ვინ „ყველა“ თანხმდება უკრაინაში მიმდინარე ომის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებაზე. პუტინის რუსეთთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს თავად უკრაინა და მის პოზიციას იზიარებენ ძირითადი საერთაშორისო პარტნიორები.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანს დაეძაბა ურთიერთობები რუსეთის მოკავშირე ირანთან, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ექსპერტების განმარტებით, თავს იზოლირებულად გრძნობს. ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთს სამხედრო შეიარაღებით ეხმარება და უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის.
თითქმის ერთი კვირაა, ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან მასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო და 21 ოქტომბერს, სომხეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ კაპანში, აზერბაიჯანის საზღვართან ძალიან ახლოს, გენერალური საკონსულოც გაიხსნა. ილგარ ველიზადე გვეუბნება, რომ აზერბაიჯანი თანდათან ღიად უპირისპირდება ირანს.
„გუშინ აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიამ გააკრიტიკა ირანი და რუსეთი ერთდროულად... ასეთი რამ სხვა დროს არ მახსენდება... როგორც ჩანს, ბაქო უკვე საჭიროდ თვლის - აგრძნობინოს თავისი დამოკიდებულება თეირანს იმისთვის, რომ სამხედრო წვრთნებს ატარებს აზერბაიჯანის საზღვართან და საკონსულოც გახსნა კაპანში“, - გვეუბნება ველიზადე.
ვაჭრობა, ენერგეტიკა
აზერბაჯანის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის „შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა“ სჭირდება ბოლო პერიოდში გაჩენილი ახალი შესაძლებლობების გამოყენებას, რაც, თავის მხრივ, სტაბილურ და სანდო გარემოს მოითხოვს.
ილჰამ ალიევმა საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება, ევროკავშირის მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალზე - ენერგეტიკული თუ სავაჭრო მიმართულებებით.
აზერბაიჯანი აპირებს, 2027 წლისთვის, ევროპაში თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაიტანოს და ეს მარშრუტი საქართველოზე გადის. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოეწერა ივლისში, როცა ბაქოს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურზულა ფონ დერ ლაიენი სტუმრობდა. მაშინ ექსპერტებმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას სინანულით აღნიშნეს, რომ ბაქოში იმ დროს საქართველოდან არავინ იყო ჩასული.
ალიევმა 24 ოქტომბერს ილაპარაკა სუფსის ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე და ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანი ელექტროენერგიის ექსპორტსაც გეგმავს - საქართველოზე გაივლის.
ალტერნატიული წყაროების მოძიების საჭიროება ევროპის ქვეყნებს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუჩნდათ, როდესაც რუსეთი დამკვეთების მიერ არასანდო პარტნიორად იქნა აღიარებული.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ჩამოტანილი კიდევ ერთი მესიჯია - საჭირო პირობების შექმნა მუდმივად მზარდი ტვირთბრუნვისთვის ევროპის მიმართულებით.
ბოლო თვეებში, რუსეთზე გამავალი მარშრუტისთვის თავის არიდება აუცილებელი გახდა საერთაშორისო გადამზიდავებისთვისაც.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო-თბილისი-ყარსი [რკინიგზა] შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალის დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ „შუა დერეფნის“ კონცეფციის ეფექტიანად ამოქმედება საქართველოს ინტერესებშიც შედის, აზიასა და ევროპას შორის ტვირთების სულ უფრო მზარდი ნაკადების გასატარებლად.
თავისთავად მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ ევროკავშირის ინტერესების გაზრდაში, ექსპერტები მნიშვნელოვან, პოლიტიკურ და უსაფრთხოების ამოცანებთან დაკავშირებულ სარგებელსაც ხედავენ; მთავარია, რომ ეს შესაძლებლობები სწორად იყოს გამოყენებული.