Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები "შატო მუხრანში" გააკეთეს.

"საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია აზერბაიჯანის და აზერბაიჯანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი", - თქვა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას მიმოიხილეს ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი და ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად განიხილა მსოფლიოში და რეგიონში არსებული ვითარება:

"ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით, რეგიონსა და მსოფლიოში რთული გამოწვევების პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას".

ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ საქართველო აცხადებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მშვიდობიანი პოლიტიკის ხელშეწყობა:

"მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება, და მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ.

მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი ფორმატის მექანიზმის შექმნაზე სამხრეთ კავკასიაში".

ღარიბაშვილის თქმით, მათ, ასევე განიხილეს არსებული ენერგეტიკული, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტები.

"ბოლოს, ბატონო პრეზიდენტო, მინდა, დავესესხო თქვენს მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს, გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს: "აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონია, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების და მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა. ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს", - მიმართა ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს, 24 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.

XS
SM
MD
LG