Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევმა და ღარიბაშვილმა დაათვალიერეს გამოფენა „ყარაბაღის სახანოს მემკვიდრეობა“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს „შატო მუხრანში" უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს „შატო მუხრანში" უმასპინძლა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაათვალიერა გამოფენა „ყარაბაღის სახანოს მემკვიდრეობა“. ცნობას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოფენის შესახებ ნახსენები არ ყოფილა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები აღებულია ადრე გამოცემული წიგნიდან - „ყარაბაღის სახანო. ისტორიული და კულტურული იდენტობა“. მისი ავტორია ქართველი ეთნოლოგი და მეცნიერი ელდარ ნადირაძე. პრესრელიზში მითითებულია, რომ წიგნი შეიცავს ინფორმაციას ექსპონატებზე, რომლებიც ეხება ყარაბაღის სახანოს მემკვიდრეობას. ის ამჟამად ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ალიევს და ღარიბაშვილს გამოფენა წარუდგინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.

პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი გამოფენას „შატო მუხრანში“ გაეცნენ. სწორედ აქ გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა, რომლის შემდეგაც მათ მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

ილჰამ ალიევი საქართველოს ბოლოს 2015 წელს სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG