საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ორი ქვეყანის სტრატეგიული ურთიერთობა ალიანსის დონეზეა, თანამშრომლობას კი აქვს როგორც საერთაშორისო, ასევე ორმხრივი ფორმატის ხასიათი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან მცხეთაში, "შატო მუხრანში" გამართული შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ შეხვედრისას განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ყარაბაღის მეორე ომის შედეგად ჩამოყალიბებული რეალობა და აზერბაიჯანის მიერ სომხეთისთვის შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმების ხუთპუნქტიანი გეგმა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, იმედოვნებენ, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებას დაიწყებს და ხელს მოაწერს შეთავაზებულ პრინციპებს.
„ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და იარსებებს ახალი შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მანვე აღნიშნა, რომ სომხეთის მზადყოფნის შემთხვევაში, მზად არის დღესვე დაიწყოს საქართველო-სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამმხრივი კონსულტაციების ფორმატი.
რაც შეეხება აზერბაიჯანი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატს, ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ იზრდება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა.
„ბოლო 9 თვის განმავლობაში გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას, აზერბაიჯანს 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული და ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი სიტყვებით, საუბარი შეეხო სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკას, რათა გაიზარდოს აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.
„ჩვენ ვაპირებთ 22 მლნ კუბური ტონის ექსპორტს და ვაპირებთ, კიდევ უფრო გავზარდოთ მომავალ წლებში. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს თავისი ბუნებრივი აირის ექსპორტს ევროკავშირის მიმართულებით და ვაპირებთ 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი და ეს, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ამასობაში ბაქო- თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი და გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალი. ვიცი, რომ ახლა ის არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა, რომ დავტვირთოთ ეს არხიც“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
მისი თქმით, აზერბაიჯანი აპირებს გაზარდოს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოზე.
ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაზრდილია 75%-ით. ამასთან, მისი თქმით, შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის დატვირთვის გაზრდაც 65 მლნ ტონა ტვირთით, რისთვისაც მომავალი წლისთვის მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.
„ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისთვის, რომ აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახლი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებაზე დატვირთვა, საქართველო ევროპისკენ წავიდეს და პირიქით და მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა შეგვიძლია“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი განმარტებით, სატრანზიტო მიმართულებებით საქართველოსთან თანამშრომლობა უნდა გაიზარდოს.
"სატრანსპორტო შესაძლებლობის განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა. სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა", - აღნიშნა ალიევმა.
"საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი", - განაცხადა ილჰამ ალივმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს, 24 ოქტომბერს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია.