Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმცროსი ექიმები - რატომ ანებებენ რეზიდენტურაში სწავლას თავს საქართველოში


რეზიდენტურა სამედიცინო უნივერსიტეტის 6-წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ იწყება, როდესაც სტუდენტები უკვე დიპლომირებული მედიკოსები ხდებიან.
რეზიდენტურა სამედიცინო უნივერსიტეტის 6-წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ იწყება, როდესაც სტუდენტები უკვე დიპლომირებული მედიკოსები ხდებიან.

საქართველო იმ გამონაკლის ქვეყნებს ეკუთვნის, სადაც მომავალი ექიმები რეზიდენტურის ეტაპზე სამედიცინო პრაქტიკაში ფულს თავისი ჯიბიდან იხდიან. შრომის პარალელურად, სწავლის გადასახადზე ზრუნვა ბევრისთვის გადაულახავი პრობლემაა, რის გამოც მომავალი ექიმები მასობრივად ანებენენ თავს პრაქტიკას, ან სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ. ბევრი სამედიცინო სფეროსაც ტოვებს.

ამ სტატიაში მოგიყვებით, რა პრობლემები აქვთ მომავალ ექიმებს და როგორ ეხება ეს პირდაპირ თუ ირიბად ყველა მოქალაქეს.

რესპუბლიკური საავადმყოფო. რეანიმაციული განყოფილება. 2021 წელი
რესპუბლიკური საავადმყოფო. რეანიმაციული განყოფილება. 2021 წელი

რეზიდენტურის ეტაპი რომელიმე ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში მომზადებასა და დახელოვნებას გულისხმობს. მაგალითად, თუკი მედიცინის სტუდენტს უნდა, კარდიოლოგი, ნეფროლოგი ან ნეიროქირურგი გახდეს, რეზიდენტურის ეტაპზე შესაბამის პროგრამას ირჩევს.

საქართველოში რეზიდენტურის ორი - სახელმწიფო და კერძო პროგრამები არსებობს. ორივეგან სწავლა ფასიანია და მიმართულების მიხედვით 2-დან 6 წლამდე გრძელდება. განსხვავება რეზიდენტურის საფასურშია, სახელმწიფო პროგრამები თვეში 150-200 ლარი ღირს, კერძო რეზიდენტურაში სწავლა კი ორჯერ ან მეტჯერ უფრო ძვირია. ესეც მიმართულებასა და კლინიკაზეა დამოკიდებული.

28 წლის ალექსანდრე ბარბაქაძემ კერძო რეზიდენტურაში გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებაზე წელიწად-ნახევრის სწავლის შემდეგ ერთი თვის წინ რეზიდენტურა შეწყვიტა. ეს პროგრამა 5-წლიანია. ალექსანდრე ყოველთვიურად სწავლაში 300 ლარს იხდიდა.

“რის გამოც ექიმობა მინდოდა - იყო სხვისი დახმარება, ჩემი ცოდნის და საქმიანობის ხალხისთვის მოხმარება... რა მიზეზითაც გადავწყვიტე (ჯერჯერობით) ამ სფეროსთვის თავის დანებება, მარტივია - არსებობისთვის ბრძოლა“, - ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრესთვის არც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარება და არც სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანური. მიუხედავად დიდი სურვილისა და მრავალწლიანი ძალისხმევისა, ექიმი გამხდარიყო, ბოლოს ენთუზიაზმი აღარ ეყო.

“როდესაც ადამიანი აანალიზებს, რომ… უკვე ვეღარ ახერხებს თავისი პროფესიით საქმიანობასთან ერთად თავი ირჩინოს, მერე უკვე დგება ასეთი დილემა, რომ ადამიანმა თავისი მთელი პირობები და ყოფა-ცხოვრება უნდა შესწიროს თავის პროფესიას, ეს ნამდვილად თავის შეწირვა არის..”

რეზიდენტურა სამედიცინო უნივერსიტეტის 6-წლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ იწყება, როდესაც სტუდენტები უკვე დიპლომირებული მედიკოსები ხდებიან.

რეზიდენტურაში სწავლის პარალელურად ახალგაზრდები ძირითადად უმცროს ექიმებად იწყებენ მუშაობას, თუმცა დაბალი ხელფასის გამო, მათ მეორე, ხანდახან მესამე სამსახურის შეთავსებაც უწევთ და ამგვარად შეკრულ წრეში ხვდებიან, საიდანაც თავის დაღწევა ძნელია. მუშაობენ, რომ რეზიდენტურაში სწავლის ფული ჰქონდეთ და სამსახურის გამო საგნებზე დასწრებას ვეღარ ახერხებენ.

ალექსანდრე ბარბაქაძე რეზიდენტურაში გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებაზე სწავლობდა
ალექსანდრე ბარბაქაძე რეზიდენტურაში გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებაზე სწავლობდა

“მე იშვიათ შემთხვევათაგანი ვიყავი - იმავე კლინიკაში დავსაქმდი უმცროს ექიმად, სადაც რეზიდენტურის საგნები უნდა გამევლო. ჩემთვის ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. რეზიდენტების ძალიან დიდი ნაწილი კლინიკიდან კლინიკაში სიარულსა და გადარბენაში ატარებს თავისი დროის დიდ ნაწილს”.

ალექსანდრე რეზიდენტურის პარალელურად ორ ადგილას მუშაობდა, კლინიკაში უმცროს ექიმად და კერძო სფეროში, სადაც გაცილებით მაღალი ანაზღაურება ჰქონდა.

“მეც ზუსტად იგივე გზა გავიარე”, - იხსენებს ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია, რომელმაც რეზიდენტურა 11 წლის წინ დაამთავრა.

“როდესაც იწყებ რეზიდენტურას, რაღაც პათოლოგიურ ჯაჭვში ერთვები. გინდა დრო და ენერგია, რომ რეზიდენტურაში იმუშაო და ისწავლო, ამავდროულად, გჭირდება ფინანსები. ამ ფინანსების მოსაპოვებლად დამატებით სხვადასხვა კლინიკაში მუშაობ ექთნად, ექიმის დამხმარედ და ა.შ. მუშაობ, რომ ფული რეზიდენტურაში გადაიხადო”.

არჩილ მარშანიამ რეზიდენტებისთვის საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო
არჩილ მარშანიამ რეზიდენტებისთვის საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო

არჩილ მარშანიამ რეზიდენტურაში სწავლის თავისი გამოცდილების გათვალისწინებით საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო. ის სექტემბრიდან 3-5 რეზიდენტს სწავლის ფულს გადაუხდის. პარალელურად სხვა დამფინანსებლების პოვნასაც შეეცდება და ეს წამოწყება ციფრული ფონდის სახეს მიიღებს.

“ვისაც დავაფინანსებ, ვთანხმდებით, რომ როდესაც მორჩება რეზიდენტურას და პრაქტიკულ საქმიანობას დაიწყებს, შესაბამისად, შემოსავალი გაეზრდება, ამ ფინანსებს დააბრუნებს. ამგვარად სხვა რეზიდენტებს დავაფინანსებთ... კოლეგიალობას რომ თავი დავანებოთ, ადამიანური მიდგომა არის. ზოგადად ჯობია, ყველა მომავალ თაობას ისე მოვექცეთ და ვიყოთ მათთვის ის, ვინც თავის დროზე ჩვენ გვჭირდებოდა და არ გვყავდა”.

თათული შერვაშიძე რეზიდენტურის მეორე წელს ამთავრებს. ის შინაგან მედიცინას სწავლობს. ამ ეტაპზე რეზიდენტურის პარალელურად სამ უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებს ლექცია-სემინარებს უტარებს ბიოქიმიაში, კლინიკურ უნარ-ჩვევებსა და ასევე ქეისებზე დაფუძნებულ სწავლებაში. თათული გვიყვება, რომ შეიძლება რეზიდენტს სხვა კლინიკაში და სხვა სპეციალობით უწევდეს შრომა.

“შეიძლება იყო, მაგალითად, ოფთალმოლოგიის რეზიდენტი, მაგრამ მუშაობდე ემერჯენს განყოფილებაში. ვერ დადიოდე ოფთალმოლოგიაზე, იმიტომ რომ მორიგეობა გაქვს ემერჯენსში. ვერ დადიოდე და უბრალოდ იხდიდე თანხას. ბოლოს, 3-4 წლის მერე აიღებ ოფთალმოლოგის ლიცენზიას, მაგრამ ამ დროს ოფთალმოლოგიური გამოცდილება გექნება ძალიან ცოტა, ან შეიძლება საერთოდ არ გქონდეს”.

სარეზიდენტო პროგრამა მოდულებისგან შედგება. რეზიდენტურაში სწავლის დაწყებისთანავე რეზიდენტებს ეგზავნებათ გასავლელი საგნების - ე.წ. მოდულების ჩამონათვალი კლინიკებისა და ექიმების მიხედვით. თუ რომელ რიცხვებში, რა საგნებზე, რომელ კლინიკებში უნდა მივიდნენ. თათული გვიყვება, რომ რეზიდენტურის საგნებს შორის პრაქტიკული ნაწილი უმეტესად უგულებელყოფილია.

თათული შერვაშიძე უცხოელ სტუდენტებს ლექციას უკითხავს
თათული შერვაშიძე უცხოელ სტუდენტებს ლექციას უკითხავს

ფასიანი რეზიდენტურა, პრაქტიკული ნაწილის ნაკლებობა პროფესიული დახელოვნების პროცესში და ასევე ის, რომ რეზიდენტებს, ფაქტობრივად, სტატუსი არ აქვთ - თათულის განსაკუთრებით აღელვებს. სამედიცინო რეზიდენტურის სისტემას ის დიპლომის ყიდვის პროცესს ადარებს.

“ადრე, საბჭოთა დროს, დიპლომს თუ ყიდულობდნენ ათ წუთში, ჩვენ ვყიდულობთ სამ წელში რეზიდენტის დიპლომს, ექვს წელში ექიმის დიპლომს. კი, ნამდვილად ეს არის ნაყიდი დიპლომი, საერთოდ არ მომერიდება ამის თქმა არსად. მეც უნივერსიტეტში ვსწავლობდი ძალიან კარგად, 100%-იანი დაფინანსებით… პრეზიდენტის სტიპენდიაც მქონდა, უნივერსიტეტის სტიპენდიაც, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ეს არის ნაყიდი დიპლომი… რადგან სწავლის პროცესში არავინ იყო რეალურად დაინტერესებული, რას ვსწავლობდით”.

თათული შერვაშიძე რეზიდენტურაში სწავლის პარალელურად სამ უნივერსიტეტში მუშაობს
თათული შერვაშიძე რეზიდენტურაში სწავლის პარალელურად სამ უნივერსიტეტში მუშაობს

თათულის ამერიკის სალიცენზიო გამოცდის (USMLE) სამივე ეტაპი აქვს ჩაბარებული. გეგმავს აშშ-ში რეზიდენტურის გავლას და მიუხედავად სურვილისა, არ იცის უკან დაბრუნებას როდის ან როგორ მოახერხებს.

“ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა ჩვენს ქვეყანაში და უამრავი კადრი გაედინება საზღვარგარეთ, შემიძლია გითხრათ, რომ პროფესიონალი ექიმების უდიდესი დეფიციტია დღეს საქართველოში. ეს აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე”, გვეუბნება რეზიდენტი, ნიკა ჯინიყაშვილი.

პანდემიამდე NDI-ის 2019 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 50% რთული ოპერაციის გაკეთებას საზღვარგარეთ ამჯობინებდა. იმავე გამოკითხვის მიხედვით, სამედიცინო დიაგნოზს, რომელსაც საქართველოში სვამენ, გამოკითხულთა მხოლოდ 18% ენდობოდა სრულიად, 61% კი - მხოლოდ ნაწილობრივ.

ნიკა ჯინიყაშვილი ანესთეზია-რეანიმაციის პროგრამის რეზიდენტია
ნიკა ჯინიყაშვილი ანესთეზია-რეანიმაციის პროგრამის რეზიდენტია

ნიკა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის პროგრამის მესამე, დამამთავრებელი წლის რეზიდენტია. “რეზიდენტურა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია”, - ამბობს იგი და განმარტავს, რომ სწორედ ამ დროს იღებს მომავალი ექიმი გადაწყვეტილებას, თუ რომელი მიმართულებით უნდა სწავლისა და კარიერის გაგრძელება. ნიკა თავისი არჩევანით კმაყოფილია.

“პირველ რიგში, როდესაც რეანიმაციაში გიწევს პაციენტების მართვა, უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის გიწევს ყველაფრის გაკეთება. ანესთეზიოლოგიური კუთხითაც საინტერესოა, იმიტომ რომ უამრავი სახის, უამრავი სხვადასხვა პროფილის, ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობის მქონე ადამიანის წინასაოპერაციო გასინჯვა გიწევს … და იმის მიხედვით გეგმავ შემდეგ ანესთეზიოლოგიურ ჩარევას”.

თუმცა სასურველ პროგრამაზე მოხვედრა ყოველთვის ადვილი არ არის. პირველი - იმიტომ, რომ დიდი კონკურენციაა. მეორე კი - იმიტომ, რომ შესაძლოა გამოცდაზე მაღალი ქულა მიიღო, თუმცა შენს სასურველ სპეციალობაში ადგილი არ გამოცხადდეს და გარეთ დარჩე. კიდევ ერთი გარემოებაა სამედიცინო სფეროში “ნეპოტიზმი და გავლენები”.

“არის სპეციალობები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, იმიტომ რომ სამომავლო პერსპექტივაში ისინი მაღალშემოსავლიანია… ასეთი მიმართულებები დიდი ხნის მანძილზე და სამწუხაროდ დღესაც, აი, მამაშვილური, ნათესაური პრინციპით გადაეცემა”.

ნიკა ჯინიყაშვილი რეზიდენტურის პარალელურად უმცროს ექიმად მუშაობს
ნიკა ჯინიყაშვილი რეზიდენტურის პარალელურად უმცროს ექიმად მუშაობს

ნიკა კერძო რეზიდენტურაში სწავლობს და ფიქრობს, რომ გაუმართლა, რადგან უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე სხვა პროგრამები. ბევრი რეზიდენტი ღიად საუბარს ვერ ბედავს. ეშინია, რომ ადგილს დაკარგავს. სისტემაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე რეზიდენტების ნაწილი სწავლას თავს ანებებს და რადიკალურად იცვლის საქმიანობის სფეროს, მომავალი ექიმების ნაწილი კი საზღვარგარეთ მიდის, სადაც სხვა ანაზღაურება, ცხოვრების პირობები და განვითარების პერსპექტივაა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შეისწავლა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარება 2013 წლიდან მოყოლებული. გასულ წელს კი ამ კვლევაზე დაფუძნებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ძალიან ბევრი ექიმია, თუმცა ექთნების მწვავე დეფიციტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ექიმების რიცხოვნობა 2012-2019 წლებში მზარდი იყო, თუმცა ბოლო მონაცემებით შემცირება დაიწყო. თუკი 2019 წელს საქართველოში 32 000 ექიმი იყო, ორ წელიწადში რაოდენობა თითქმის 9 ათასი ექიმით შემცირდა.

სამედიცინო სფეროდან კადრების საზღვარგარეთ გადინებასა და რეზიდენტურის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ვასილ ხაჩიაშვილსაც ვესაუბრეთ. ის ახლა თოდუას კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელია. ვასილმა რეზიდენტურა საქართველოში 2016 წელს დაასრულა. შემდეგი 6 წლის განმავლობაში სწავლობდა და მუშაობდა ისრაელში.

ვასილ ხაჩიაშვილი თოდუას კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელია
ვასილ ხაჩიაშვილი თოდუას კლინიკის ანესთეზია - რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელია

“რეზიდენტი, როდესაც მოდის ამ პროფესიაში, მას ენიშნება საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება, ეს არის საშუალო ანაზღაურება ისრაელის დონეზე, დაახლოებით ნახევარ წელიწადში შეიძლება ეს ანაზღაურება გაიზარდოს, თუ დაიწყებს მორიგეობებს და ა.შ. რეზიდენტს აქვს მოვალეობა, რომ 3 წელიწადში გამოცდის ერთი ეტაპი, 5 წელიწადში კი გამოცდის მეორე ეტაპი ჩააბაროს. ამ პერიოდში ეს ანაზღაურება არის იმდენი, რომ მას შეუძლია თავისი პერსონალური და პატარა ოჯახის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს“.

ვასილის მოსაზრებით, რეზიდენტურის სისტემაში არსებულ პრობლემებს - საქართველოში დიდი, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკის არსებობა, ფინანსების გაზრდა ჯანდაცვის მიმართულებით და განათლებაში, კონკრეტულად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მოსამზადებლად უფრო მეტი თანხის გამოყოფა გადაჭრიდა.

“შევხედოთ, მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, რა თანხა იხარჯება უშუალოდ ჯანდაცვის პროგრამებზე. საქართველოში, თუ კარგად გადავხედავთ ბოლო წლებს, 3%-ს არ აღემატება… სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს რა თანხაც არის გამოყოფილი ერთი სტუდენტის მომზადებაზე - 2250 ლარი - არაფერში არ ყოფნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, 10 წლის წინაც იგივე თანხა იყო. ეს თანხა უნდა იყოს მინიმუმ 5-ჯერ მეტი... როდესაც ეს სტუდენტები დაასრულებენ უნივერსიტეტს, უნდა ჰქონდეთ ბაზა, სადაც გაივლიან მაღალი ხარისხის რეზიდენტურას, რაც ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, შეუძლებელია საქართველოში. იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო კლინიკა და სახელმწიფო მაღალხარისხიანი რეზიდენტურის ერთიანი ცენტრი”.

სისტემური ცვლილებების არარსებობის პირობებში, ფეისბუკჯგუფებში კვლავ გრძელდება კითხვები და შეთავაზებები - როგორ გავხდე ექიმი გერმანიაში? როგორ მივიღო განათლება თურქეთში? ესპანეთში რეზიდენტურის გავლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ხომ არ ფლობთ? როდის იწყება აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი? - კვლავ ეკითხებიან რეზიდენტები ერთმანეთს.

  • 16x9 Image

    მარიამ ტაკიძე

    ჟურნალისტი. 2023 წლიდან რადიო თავისუფლების რეგიონული ჟურნალისტიკის პროგრამის სტიპენდიატი.

XS
SM
MD
LG