Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის სამხედრო ოპერაციები ყირიმში - რა ვიცით


სისტემა S-400-ის განადგურების ამსახველი ფოტო
სისტემა S-400-ის განადგურების ამსახველი ფოტო

24 აგვისტოს შუაღამით, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებოდა, უკრაინის მცირე სადესანტო რაზმი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ტარხანკუტის კონცხზე, სოფელ მაიაკსა და ოლენევკასთან ახლოს გადასხდა და უკრაინის სახელმწიფო დროშა აღმართა.

ინფორმაცია და ოპერაციის ამსახველი ღამის ვიდეოკადრები მხოლოდ უკრაინულმა მხარემ, კერძოდ, დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) ტელეგრამის არხში გამოაქვეყნა.

რუსეთს და ანექსირებული ყირიმის ხელისუფლებას ამ ცნობაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. მათ დუმილით აუარეს გვერდი წინა დღით, 23 აგვისტოს უკრაინულ მედიაში გავრცელებულ კადრებსაც, რომელზეც, სავარაუდოდ, ასევე ყირიმში რუსეთის არმიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის განადგურებაა აღბეჭდილი.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა კი განაცხადა, რომ კიევს ამჟამად უკვე აქვს შესაძლებლობა, დარტყმა ყირიმის ნებისმიერ წერტილში განახორციელოსო.

„რუსების თავდაცვითი პოტენციალი დასუსტებულია“


უკრაინის სახელმწიფოსთვის, ეროვნული დამოუკიდებლობის დღეზე მის ანექსირებულ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ სადესანტო ჯგუფისთვის ნებისმიერი წამი შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო.


როგორც უკრაინული გამოცემა „ბაბელი“ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით წერს, ყირიმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს უკრაინელმა მზვერავებმა ოთხი სწრაფმავალი რუსული კატარღა დააზიანეს და პირადი შემადგენლობის 30 წევრი გაანადგურეს.
რუსეთის დანაკარგის შესახებ ცნობა უკრაინის დაზვერვის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი ჩერნიაკმაც დაადასტურა.


უკრაინული მხარის მიერ გავრცელებული ცნობის გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია, რადგან, როგორც, წესი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაცია არ აკეთებენ კომენტარებს მსგავს ცნობებზე.

მაგრამ არის გამონაკლისებიც.


ივლისის ბოლოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ და თავდასხმა „განხორციელდა უკრაინის არმიის მიერ“ შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში.


მაშინ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გაუკეთებიათ კომენტარი სავარაუდო თავდასხმაზე. მაგრამ ცნობილია, რომ უკრაინულმა უპილოტო კატარღებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე სევასტოპოლში, ანექსირებულ ყირიმში. მაისში შავ ზღვაში თავს დაესხნენ საკომუნიკაციო გემ „ივან ხურსს“, ივნისის დასაწყისში - სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეს“.

22 ივლისს რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსიონოვი იძულებული გახდა, დაედასტურებინა, რომ უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა იერიში მიიტანა საბრძოლო მასალის საწყობზე. „წინასწარი მონაცემებით, ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა“, - თქვა აქსიონოვმა მაშინ და გამოაცხადა მოსახლეობის ევაკუაცია 5 კილომეტრის რადიუსში. შეჩერებული იყო მოძრაობა ყირიმის რკინიგზაზე.


19 ივლისს ღამით ხანძარი გაჩნდა ყირიმში, კიროვის რაიონში მდებარე სამხედრო პოლიგონზე. ცეცხლი გაუჩნდა საბრძოლო მასალის საცავს ქალაქ სტარი კრიმის მახლობლად. რუსეთის ხელისუფლება მომხდარის მიზეზებზე არ საუბრობს. არაერთი ცნობის თანახმად, პოლიგონს დრონები დაესხნენ თავს.

17 ივლისს ღამით რამდენიმე აფეთქების შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდი. რუსეთის ხელისუფლება დაიმუქრა „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით“, თუ ყირიმში მდებარე ობიექტებზე თავდასხმისთვის დასავლურ იარაღს გამოიყენებენო. თუმცა დრონების შესახებ არაფერი უთქვამთ.


უკრაინული მხარის ინტენსიური შეტევები ანექსირებულ ყირიმის ტერიტორიაზე, დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულსა და სიმფეროპოლში განლაგებული რუსების ძალების თავდაცვითი პოტენციალი „შესამჩნევად დასუსტებულია“.

„ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახლა ოკუპანტების მიერ ასეთი ოპერაციების საწინააღმდეგო რეალური ძალები და საშუალებები არ არსებობს. აქედან გამომდინარე გახდა ასეთი ოპერაციები შესაძლებელი. ამას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო უკრაინული უპილოტო ნავების ადრინდელმა დარტყმებმა ობიექტებზე, მათ შორის იმავე სევასტოპოლზე, და უახლესმა იერიშებმა ქერჩის ხიდსა და მტრის გემებზე ნოვოროსიისკის პორტის მიდამოებში. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლა ოკუპანტებს სულ უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ თავიანთ სასარგებლოდ სიტუაციის რეალური ცვლილებისთვის. ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მთლიანად უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობები მხოლოდ იზრდება. უზარმაზარი ნაბიჯი იყო S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება, რომელიც a2ad სისტემის (შემაკავებელი - რედ.) კომპონენტია“, - უთხრა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ სამხედრო ექსპერტმა ვალერი რიაბიხმა.

ტარხანკუტის კონცხზე არის თავმოყრილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მართვისა და ლოგისტიკის ცენტრები, იქიდან ხდება საავიაციო ოპერაციების რადიოტექნიკური მხარდაჭერა და იქ არის კონცენტრირებული მძლავრი საჰაერო თავდაცვის დივიზიები, რომლებიც, რიაბიხის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენას ახდენენ იმაზე, თუ რა ხდება რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში.

"F-16-ის შეიარაღებაში მიღებით უკვე ბალანსი აღდგება ჰაერშიც"


23 აგვისტოს სწორედ ამ კონცხზე შეძლეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა S-400 კომპლექსის განადგურება. ამ ოპერაციის საინტერესო დეტალების შესახებ რადიო თავისუფლებას უამბო ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა.

„მოდი დავიწყოთ იმით, რომ S-400 ეს თანამედროვე გამშვები კომპლექსია, რომელიც ძალზე კარგად მუშაობს რუსული მხარისათვის ამ დროისათვის, მაგრამ ჩვენმა მხარემ მოახერხა განადგურება ამ კომპლექსის. უნდა ვთქვა ისიც, თუ რით მოხდა. ეს არის - S-200 სისტემის რაკეტები, რომლებსაც უკრაინამ მოდერნიზება გაუკეთა... რითაც S-200 გადაკეთდა მართვად რაკეტად და, რაც მთავარია, მოქმედების მანძილი არის გაზრდილი. თქვენ ალბათ იცით, რომ რამდენიმე დღის წინ ყირიმის ხიდზეც ამ რაკეტებით, მოდერნიზებული S-200-ით მოხდა დარტყმა, სადაც მანძილი 600 კილომეტრია. და ფაქტობრივად მაშინ იყო ექსპერიმენტის სახით ამ რაკეტების გამოცდა, იგივე როსტოვის მიმართულებით. და ახლა უკვე თქვენ კარგად ხედავთ, რომ ამ რაკეტებით, ამ რაკეტით განადგურდა, ასე ვიტყოდი, ეს ე.წ. ო-ტე-ერ-კა გამშვები კომპლექსი S-400-ების და ეს, მე ვთვლი, რომ ძალიან წარმატებული ნაბიჯი იყო“, - თქვა ნადირაძემ. იგი დარწმუნებულია, რომ უკრაინის არმიის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდება მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები დასავლეთიდან დაპირებულ გამანადგურებელ თვითმფრინავებს F-16-ს მიიღებენ.

„უკრაინის არმიაში ძირითადად შეიარაღებაში დღეს არის მიგ-29 (გამანადგურებელი), კი, მოდერნიზებულია, კი, ყველაფერი, მაგრამ სუ-35-ებს, თანამედროვე მეხუთე თაობის რუსულ გამანადგურებლებს, ვერ უმკლავდებოდა. გარდა მაგისა, ძველი მოდელის რადარები ეყენათ და, მაგალითად, სახმელეთო სამიზნეების აღმოჩენა უჭირდათ. აი, F-16-ს ყველა ეს მონაცემები აქვს და პლუს მრავალფუნქციურია და სხვადასხვა ტიპის შეიარაღების, რაკეტების და ასე შემდეგ აღჭურვილობის გადატანა შეუძლია. ასე რომ, თუ მანამდე რუსები გვჯობნიდნენ ჩვენ ავიაციით, F-16-ის შეიარაღებაში მიღებით უკვე ბალანსი აღდგება ჰაერში“, - ამბობს ნადირაძე.

  • 20-21 აგვისტოს ნიდერლანდსა და დანიაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატების თანხმობის შემდეგ, ნიდერლანდი უკრაინას გადასცემს 42 ამერიკულ გამანადგურებელ F-16-ს, ხოლო დანია - 19-ს. მათ სანაცვლოდ ეს ქვეყნები ახალ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებენ.
  • პენტაგონის პრესმდივნის, პეტ რაიდერის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნიდერლანდელ და დანიელ კოლეგებს აცნობა, რომ აშშ თანახმაა უკრაინას გადასცენ F-16-ები. დანიაში უკვე მიმდინარეობს უკრაინელი პილოტების მომზადება.
  • 2023 წლის ივლისში, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, უკრაინის და ალიანსის წევრი 11 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებმა გააფორმეს F-16-ებისთვის უკრაინელი მფრინავების მოსამზადებლად კოალიციის შექმნის მემორანდუმი.
  • მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდონ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, ომის ესკალაციას გამოიწვევს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG