უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ განაცხადა ანექსირებულ ყირიმში რუსული სარაკეტო სისტემა S-400-ის განადგურების შესახებ.
დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა თავად დანადგარი, მასზე არსებული რაკეტები და პირადი შემადგენლობა.
23 აგვისტოს დილით ყირიმულ ტელეგრამის არხებზე გამოჩნდა ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთით მდებარე სოფელ ოლენევკის მახლობლად კვამლის სვეტის ფოტო. ადგილობრივი მოსახლეები წერდნენ აფეთქების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებას აფეთქებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამის თაობაზე დეტალურად იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული არხი „რიბარი“. მისი თქმით, აფეთქდა არა S-400, არამედ S-300. როგორც რადიო თავისუფლებამ აღმოაჩინა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ S-300 13 წლის წინ განათავსეს აფეთქების ადგილზე, არის Wikimapia-ზე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აპირებს გაათავისუფლოს ყველა ტერიტორია ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსირებაც რუსეთმა 2014 წელს მოახდინა.