Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის „მცირე წარმატება“ უროჟაინოეში და დიდი გარღვევის შანსები


უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის პროცესი ბუნდესვერში
უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნის პროცესი ბუნდესვერში

უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა გასულ შაბათ-კვირას ომის მომხრე რუსულ ბლოგებში გამოჩენილი ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოედან უკან დახევა დაიწყო.

„ამ კვირაში ბრძოლები გრძელდებოდა სოფელ უროჟაინოეში, იქ არის გარკვეული წარმატებები“, - განაცხადა 14 აგვისტოს ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.


მან დააზუსტა, რომ გათავისუფლებულია 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მთლიანობაში, ბახმუტის სექტორის სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა ივნისიდან, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო, დასძინა მალიარმა.


მაგრამ უკრაინის კონტრშეტევის წარმატებას სკეპტიკურად აფასებენ დასავლეთის ანალიტიკური წრეები.

„რუხი ზონა“, რომელზეც უკრაინა კონტროლის დამყარებას ცდილობს


ცოტა ხნის წინ, გერმანული მედია იტყობინებოდა ბუნდესვერის სავარაუდო საიდუმლო ანგარიშის შესახებ, რომელშიც კრიტიკულად არის შეფასებული უკრაინის კონტრიერიშის მართვა და კონტრშეტევაში მონაწილე უკრაინული ჯარების ბრძოლისუნარიანობა.

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების თქმით, უკრაინის არმიის იერიშების ტემპი კიდევ უფრო მძლავრი იქნებოდა, შედეგი კი - უფრო შთამბეჭდავი, კიევს F-16 გამანადგურებლები რომ ჰყავდეს შეიარაღებაში.

ამ დასახლებული პუნქტების აღება ნიშნავს, რომ უკრაინის არმია დაეუფლება ახალ შესაძლებლობებს და ახალ პლაცდარმებს შემდგომი წინსვლისთვის
მიხაილო სამუსი

პროექტ „DeepState-ის თანახმად, დონეცკის ოლქის სოფელი უროჟაინოე განეკუთვნება ე.წ. „რუხ ზონას“, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ.

სწორედ ამ დასახლებაში მდებარეობს რუსეთის ჯარების გამაგრებული რაიონი, რომელიც უკრაინის არმიას გზას უღობავს ბერდიანსკისა და მარიუპოლის მიმართულებით.


უკრაინელმა სამხედროებმა მისი შტურმი 8 აგვისტოს დაიწყეს და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ანა მალიარმა აღნიშნა, წარმატებებს მიაღწიეს სტარომაიორსკის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, უროჟაინოეს მახლობლად, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მონაკვეთებში პოზიციების გამაგრებას ახერხებენ.


„მოცემულ მომენტში უკრაინის არმია გადის უკვე რუსეთის ჯარის თავდაცვის პირველ ხაზს. ზოგიერთ უბნებზე კი უკრაინის არმია გადის თავდაცვის მეორე ხაზს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. და ამიტომაც დღესდღეობით ძირითადი ბრძოლები მართლაც გრძელდება დასახლებულ პუნქტ უროჟაინოეს სამხრეთით, გააფთრებული ბრძოლები გრძელდება ასევე დასახლებულ პუნქტ რაბოტინოს რაიონში. და ამ დასახლებული პუნქტების აღება ნიშნავს, რომ უკრაინის არმია დაეუფლება ახალ შესაძლებლობებს და ახალ პლაცდარმებს შემდგომი წინსვლისთვის,“ - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს უკრაინის „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა მიხაილო სამუსმა.


უკრაინის არმიის იერიშების შედეგად რაჟაინოსთან გათავისუფლებულია 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მთლიანობაში, ბახმუტის სექტორის სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა ივნისიდან, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო, დასძინა მალიარმა.
New York Times-მა 13 აგვისტოს დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს „ტაქტიკურად მნიშვნელოვან“ პროგრესს სამხრეთ უკრაინის ორ მთავარ ფრონტზე. გამოცემის ცნობით, უკრაინის ჯარებმა კონტროლი დააწესეს 16-დან 20 კილომეტრამდე ტერიტორიებზე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, რომლებიც რუსეთის ჯარებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული, წერს „მედუზა“.

„ბუნდესვერის“ მოხსენება - უკრაინის არმიის არასრულყოფილი სამხედრო სტრატეგია

თუ რუკებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთს თავდაცვითი ხაზების მიღმა არანაირი რეზერვები არ გააჩნიათ.
კარლო მასალა

ბლოგერებისგან განსხვავებით, რუსეთის ოფიციოზს უკანდახევა საერთოდ არ უხსენებია. ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათსვე განაცხადა, რომ სოფელზე იერიში მოიგერია.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თანახმად, ვითარება დაძაბულია ხარკოვის ოლქში, კუპიანსკისა და ლიმანის მიმართულებით, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს მოწინააღმდეგის იერიშების შეჩერება.

გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს ასევე უკრაინის სამხრეთში მდებარე დასახლებულ პუნქტ რაბოტინოსთან, სადაც გასული კვირის დასაწყისში უკრაინის არმიამ მცირედით შეძლო წინ წაწევა და რუსეთის თავდაცვის პირველ ხაზთან მიახლოება. მაგრამ რუსეთის სახელმწიფო მედიამ გასული კვირის ბოლოს გაავრცელა ცნობები რაბოტინოს მახლობლად უკრაინის იერიშის მოგერიებისა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურების შესახებ.
დასახლებული პუნქტ რაბოტინოს გარშემო ბრძოლები ფიგურირებს ასევე გერმანიის ბუნდესვერის სავარაუდო საიდუმლო ანგარიშში, რომლის შინაარსიც გერმანული გაზეთების, Bild-ისა და Süddeutsche Zeitung-ისთვის გახდა ცნობილი.

ამ ანგარიშის თანახმად, უკრაინის სამხრეთით მდებარე სოფელ რაბოტინოდან არც თუ ისე შორს უკრაინის არმიამ კონტრიერიშის დაწყების პირველ კვირაში, 8 ივნისს, დაკარგა დაახლოებით 25 ქვეითი საბრძოლო მანქანა და ნაღმსაწინააღმდეგო თვითმავლები, ასევე შვიდი ტანკი „ლეოპარდი“. წარუმატებელი აღმოჩნდა და არავინ სერიოზულად არ ახსენებს აზოვის ზღვის მიმართულებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ასი კილომეტრის სიღრმეში დაგეგმილ გარღვევას.

შეუსრულებელი ჩანაფიქრის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის არმიის არასრულყოფილი სამხედრო სტრატეგიაა, ნათქვამია ბუნდესვერის ანგარიშში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: კონტრშეტევა არასაკმარისად იყო მომზადებული. მსგავსი მოსაზრებები ივლისის დასაწყისიდან არაერთმა დასავლელმა ექსპერტმა გამოთქვა.

მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან უკრაინაში, სადაც მიაჩნიათ, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევის ტემპი და შედეგი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო რესურსის ეკვივალენტურია.

„მიუხედავად ყველა იმ ცნობისა, როგორც რუსეთის პროპაგანდისტული პრესისა, ისე, მათ შორის, დასავლური პრესისა იმის თაობაზე, რომ უკრაინული შეტევა ჩაიფუშა, - სინამდვილეში უკრაინის არმია აგრძელებს შეტევით ოპერაციებს იმ გეგმებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, რომლებიც უკრაინის არმიას აძლევს შესაძლებლობას, იმოძრაოს სწორედ ასეთი ტემპებით. ვინაიდან F-16 თვითმფრინავების არარსებობა ქმნის ისეთ პირობას, როდესაც უკრაინის არმიას შეუძლია ჩაატაროს საკუთარი „ფორმირებადი ოპერაციები“ (Shaping Operations ეწოდება ოპერაციას, როდესაც მხარეები მთავარი შეტევის წინ ცდილობენ ბრძოლის ველზე შექმნან მათთვის ხელსაყრელი მდგომარეობა საავიაციო იერიშებით, რაკეტებითა და არტილერიით განხორციელებული დარტყმებით და ასევე მიწისზედა ოპერაციით. - რედ.), რომლის დროსაც, ავიაციის გარეშე, მხოლოდ მაღალი სიზუსტის სარაკეტო და საარტილერიო საშუალებებით, ანადგურებს მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, საბრძოლო მასალების საწყობებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და თავდაცვისათვის განკუთვნილ სამხედრო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ობიექტს. უკრაინის არმიის განკარგულებაში ზემოხსენებული ავიაცია რომ ყოფილიყო, მაშინ შეტევის ტემპი შესაბამისად უფრო მაღალი იქნებოდა. ახლა კი სწორედ ასეთ ტემპში გრძელდება შეტევა, მაგრამ ეს ტემპი აბსოლუტურად შეესაბამება იმ შესაძლებლობებს, რომლებიც უკრაინის არმიას გააჩნია“, - ამბობს მიხაილო სამუსი.

საავიაციო კომპონენტებში ჩამორჩენას ემატება ასევე დანაღმული ველების სიმჭიდროვე, რაც ანალებს უკრაინის არმიის წინსვლას.
სხვადასხვა შეფასებით, ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში რუსეთის არმიამ 30-40 ათასი ნაღმი განათავსა მხოლოდ სამხრეთის მიმართულებით, - ამბობს კარლო მასალა, მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის საერთაშორისო პოლიტიკის პროფესორი.


„შეუძლებელია ამ დანაღმული ველების გავლით წინსვლა, საჭიროა მათი გვერდის ავლა. უკრაინას აქვს აღჭურვილობა ნაღმების გასაუვნებელყოფად, მაგრამ რუსეთის არმია აქტიურად იყენებს ნაღმმტყორცნებს, რაც ამ ძალისხმევას უსარგებლოს ხდის“, - აღნიშნავს ექსპერტი.


მიუხედავად ამისა, მასალას არ სჯერა, რომ უკრაინის არმიას სერიოზული წინსვლის შანსი არა აქვს. რაბოტინოს რაიონის ტერიტორიაზე ფრონტის ხაზის გარღვევა ადასტურებს, რომ უკრაინის არმიას შეუძლია რუსეთის თავდაცვითი ხაზების მიახლოება. თუ ეს ხაზები გადაილახება, უკრაინის არმიის წინსვლა სწრაფი ტემპით წავა.
"თუ რუკებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ რუსეთს თავდაცვითი ხაზების მიღმა არანაირი რეზერვები არ გააჩნია“, - ამბობს კარლო მასალა.

  • სულ ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება განაღმვისთვის აუცილებელი მეტი აღჭურვილობა და შესაძლებლობები, თავად აწარმოოს ასეთი აღჭურვილობა. ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა ამ კვირის დასაწყისში აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებულ დახმარების პაკეტზე, რომელიც გამნაღმველ მანქანას შეიცავს.

  • უკრაინის პრეზიდენტმა მოიყვანა მონაცემები უკრაინაში ნაღმების გავრცელების შესახებ და თქვა, რომ უკრაინელი სპეციალისტები „ყოველდღიურად ასობით ფეთქებად საგანს პოულობენ“.

  • ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები ამჟამად გაფანტულია უკრაინის ტერიტორიის 174 000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ ქვეყნის დაახლოებით 20 პროცენტზე, თქვა ზელენსკიმ.
  • როგორც უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა 7 აგვისტოს, უკრაინელმა მეწარმეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აწარმოონ განაღმვისთვის საჭირო ტექნიკა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG