Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომაა უკრაინაში ყველაზე მეტი დაღუპული ჩრდილო კავკასიიდან და სამხრეთ რუსეთიდან?


რუსი ჯარისკაცის გზაზე დაგდებული სამხედრო ფორმა. კიევის რეგიონი, 2022 წლის აპრილი
რუსი ჯარისკაცის გზაზე დაგდებული სამხედრო ფორმა. კიევის რეგიონი, 2022 წლის აპრილი

რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომში ყველაზე მეტი დაღუპული სამხრეთ რუსეთსა და კავკასიის რეგიონებს - კრასნოდარის მხარეს, დაღესტანს, როსტოვსა და ვოლგოგრადის ოლქს ჰყავთ.

ამის შესახებ „კავკაზ.რეალიის“ გადაცემებში ადრეც უსაუბრიათ, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიებით გაირკვა, რომ ამჯერად დანაკარგების მხრივ რუსეთის სამხრეთში მეორე ადგილზეა დაღესტანი, ხოლო ყუბანში ყოველთვე სამხედროებისა და დაქირავებულების ახალ-ახალ სამარხებს პოულობენ.

რედაქციის მიერ გამოკითხული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დანაკარგების მხრივ სამხრეთ რუსეთის და ჩრდილო კავკასიის ლიდერობა განპირობებულია არა იმით, რომ ამ რეგიონებში ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს, არამედ დანაკარგების შესახებ დოკუმენტური ცნობების შედარებით უფრო ხელმისაწვდომობით, რასაც დროთა განმავლობაში რუსეთის ხელისუფლება უფრო და უფრო ასაიდუმლოებს.

მხოლოდ ბახმუტისთვის ბრძოლაში 10 ათასი სამხედრო დაიღუპა?

აგვისტოს მონაცემებით, უკრაინის ომში, სულ მცირე, 29 217 რუსეთის მოქალაქე დაიღუპა, ხოლო კრასნოდარის მხარე დანაკარგების რაოდენობით ლიდერია. ამის შესახებ ნათქვამია "მედიაზონის" და სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის ერთობლივ კვლევაში.

ჟურნალისტებმა ყუბანში 1093 ე.წ. „დვუხსოტები“ აღმოაჩინეს (ასე რუსეთში უწოდებენ დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს -რ.თ.). შემდეგ მოდის:

  • სვერდლოვსკის ოლქი -1056 დაღუპული;
  • ბაშკირეთი - 922;
  • ჩელიაბინსკის ოლქი - 902;
  • ბურიატია - 871;
  • ვოლგოგრადის ოლქი -730.


უკრაინაში დაღუპული 632 სამხედრო მოსამსახურით მე-11 ადგილი უკავია დაღესტანს. ხოლო ყველაზე მცირე დანაკარგებიან რეგიონებს შორისაა:

  • შორეული ჩუკოტკა - 33,
  • ინგუშეთი - 47 და
  • ყარაჩაი-ჩერქეზეთი - 58.

თუ უკრაინაში მიმდინარე ომის დასაწყისში გუბერნატორები აქტიურად აქვეყნებდნენ ნეკროლოგებს „გმირულად დაღუპული“ თანამემამულეების შესახებ, დანაკარგების ზრდის კვალობაზე თანაგრძნობის გამოხატვა რაიონებისა და ქალაქების ხელმძღვანელებს დაეკისრათ, შემდეგ კი ინფორმაციები სოციალურ ქსელის არაოფიციალური ჯგუფების დონეზე დავიდა.

ამასთან, დანაკარგების შესახებ ოფიციალური მონაცემები რუსეთში ლამის 5-ჯერ ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც ჟურნალისტებმა ღია წყაროების მიხედვით დაადგინეს.

სულ ბოლოს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დანაკარგების შესახებ ოფიციალური მონაცემები 21 სექტემბერს გამოააშკარავა. მინისტრის თქმით, უკრაინის ომში რუსეთის მხრიდან დანაკარგმა შეადგინა 5937 ადამიანი. 2023 წლის მაისში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ცნობა ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლებში რამდენიმე თვეში დაახლოებით 10 ათასამდე დაღუპულის შესახებ.


რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებმა და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" 2022 წლის აგვისტოდან დაიწყეს ინტენსიური შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია. 20 მაისს "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა, ხოლო 21 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადეს, რომ არტიომოვსკის (ასე უწოდებს რუსეთი ქალაქ ბახმუტს) აღების ოპერაცია დასრულებულია და ქალაქი "მთლიანად გაათავისუფლეს".

„ზოგი ომში მიდის იმიტომ, რომ არ გალოთდეს"

პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან მხოლოდ იმიტომ გააფორმეს კონტრაქტი, რომ კრედიტები დაეფარათ
მარია ხდოიაროვა.

სამხედრო პენსიონერი ვიტალი ვოტანოვსკი საკუთარი ინიციატივით 2022 წლის ივნისიდან დადიოდა კრასნოდარის ოლქსა და ადიღეში მდებარე სასაფლაოებზე. იმ კონტრაქტიანი ჯარისკაცებისა და „ვაგნერის“ დაქირავებულთა სამარხებს ეძებდა, რომელთა ვინაობასაც ხელისუფლება ასაიდუმლოებს.

ვოტანოვსკი იყო პირველი, ვინც საზოგადოებას დაბა გორიჩი-კლიუჩთან მდებარე „ვაგნერელთა“ სასაფლაოზე აცნობა.

სამხედრო პენსიონერი ამტკიცებს, რომ მის მიერ ვერიფიცირებული 1800 სამხედრო მოსამსახურიდან, 850-ზე მეტი ამ სასაფლაოზეა დაკრძალული. მაგრამ დევნისა და გასამართლების მუქარის შემდეგ ვოტანოვსკის იძულებული გახდა, დაეტოვებინა რუსეთი. იგი საზღვარგარეთიდანაც აგრძელებს გამოქვეყნებას სასაფლაოების ახალი ფოტოებისა, რომლებსაც სხვა აქტივისტები იღებენ.

ვოტანოვკსი სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოკავკასიური რეგიონების ერთადერთი წარმომადგენელია, რომელიც სისტემატურად აგროვებდა უკრაინაში დაღუპულ მებრძოლთა შესახებ მონაცემებს. შესაძლოა, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კრასნოდარის ოლქი დანაკარგების სახით ლიდერებს შორის სხვა რეგიონებთან შედარებით, სადაც მსგავს კვლევას არავინ ატარებს.

„კავკაზ.რეალიისთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ბლოგერი სხვა ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, მასობრივი პროტესტი რომ აიცილონ თავიდან, დიდ ქალაქებში - მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, - მამაკაცებს არმიაში ასე აქტიურად არ იწვევენ.

სწორედ ამიტომ ყუბანი, რომელიც რუსეთის სუბიექტებს შორის მოსახლეობით მესამეა, დანაკარგების მხრივ პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

„სხვა რეგიონების შემთხვევაში ციფრები პირობითია, რადგან სოციალურ ქსელებში ნეკროლოგები ძალიან იშვიათად ქვეყნდება. მაგალითად, მე, სულ მცირე, 547 საფლავის სურათი გამოვაქვეყნე ინტერნეტში, თანაგრძნობა კი მხოლოდ 26 დაღუპულზე მოვიდა. დანაკარგებს ოფიციალურ ღონისძიებაზეც კი მალავენ“, - ამბობს კრასნოდარელი აქტივისტი.

ვოტანოვსკის ეჭვი ეპარება, რომ ყუბანთან შედარებით უკრაინაში დაღუპულების სახით დანაკარგები ერთ-ნახევარჯერ ნაკლები აქვს როსტოვის ოლქს. მას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ უკრაინის საზღვრისპირა რეგიონში რამდენიმე სამხედრო ნაწილი და ოლქის შტაბია განლაგებული, შესაბამისად, ადგილობრივი ოფიცრები იძულებულნი არიან, რეგულარულად იმყოფებოდნენ წინა ხაზზე.

რუსეთის ინტერვენციის მონაწილეთა შორის დაღუპულთა დიდი რაოდენობა რეგიონების სიღარიბითაც აიხსნება. ასე მიიჩნევს ვოლგოგრადის ანტისაომარი მოძრაობა „დოზორის“ თანამშრომელი მარია ხდოიაროვა.

„სიღატაკის ზღვარზე მყოფი ადამიანებისათვის თავის გადარჩენისთვის ომში წასვლა ასოცირდება ფულის შოვნის შესაძლებლობასთან, რომელზეც მშვიდობიან დროს მათ ფიქრიც კი არ შეეძლოთ. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან მხოლოდ იმიტომ გააფორმეს კონტრაქტი, რომ კრედიტები დაეფარათ.

ზოგიერთი ომში მიდის იმიტომ, რომ არ გალოთდეს და ფიქრობს, რომ ასე ოჯახს მაინც შევინახავო. ასევე თავის როლს თამაშობს ლოიალობაც ხელისუფლების მიმართ. ვოლგოგრადის ოლქი ერთ-ერთი ნაკლებად პროტესტულად განწყობილი რეგიონია. შესაძლოა, მის მცხოვრებლებს სჯერათ, რომ უკრაინაში საომრად ნამდვილად უნდა წავიდნენ“, - ვარაუდობს აქტივისტი ქალი.

აისბერგის წვერი

მაგალითად, ლეიტენანტი იური დანზანოვი უკრაინულმა მხარემ კიევის მახლობლად დამწვარი ტანკიდან გამოიყვანა, მაგრამ სამშობლოში იგი გარდაცვალებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაკრძალეს.
მარია ვიუშკოვა

უკრაინის ომში რუსეთის ნაციონალური რესპუბლიკებიდან წასულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დანაკარგი რამდენადმე აღემატება რუსეთის სხვა რეგიონების მაჩვენებელს.

ასეთი მონაცემებს შეიცავს გამოკვლევა სახელწოდებით: „უკრაინაში შეჭრა. ეროვნული უმცირესობების დანაკარგი 2022 წლის განმავლობაში“, რომლის თანაავტორიც არის ნოტრ-დამის უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი მეცნიერ-თანამშრომელი მარია ვიუშკოვა. იგი დანაკარგების შესახებ „მედიაზონის“ მიერ წამოწყებულ პროექტში მოხალისედ მუშაობს.

„ოფიციალურ დონეზე მონაცემების გასაიდუმლოების შემთხვევაში, ინფორმაციის ძირითად წყაროს ადგილობრივ მედიასა და ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალა წარმოადგენს. ზოგ შემთხვევაში ჩვენ აქტივისტებისა და პირდაპირ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისგან ვიგებთ მორიგი დაღუპულების შესახებ.

ზოგჯერ, მაგალითად, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის განკუთვნილი საჩუქრების შესახებ ანგარიშში, ხელისუფლება მისდაუნებურად ააშკარავებს რეგიონიდან ომში მონაწილეთა რაოდენობას.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მხოლოდ აისბერგის წვერთან, ხოლო რეალური დანაკარგები შეიძლება, გაცილებით დიდი იყოს", - უთხრა ექსპერტმა „კავკაზ.რეალიის“ .

ვიუშკოვას თქმით, დანაკარგის თაობაზე ზუსტი მონაცემები თავდაცვის სამინისტროსთვისაც კი უცნობია - ბიუროკრატიული მანქანა არ არის მორგებული მოქალაქეების ინტერესებზე. თითოეული მებრძოლის ბედის თვალყურის დევნება ან საერთოდ არ არის სამხედრო ხელმძღვანელობის ამოცანა, ან ეს ნაკლებად ადარდებს.

"სამხედრო მოსამსახურეების მოყოლილი ისტორიებიდან და უკრაინული მხარის პუბლიკაციებიდან ცნობილია, რომ დახოცილ რუს ჯარისკაცებს ხშირად ტოვებენ ბრძოლის ველზე. უკრაინელები ცდილობენ, შეაგროვონ გვამები შემდგომი გაცვლისთვის ან უბრალოდ დასაკრძალად.

მაგალითად, ლეიტენანტი იური დანზანოვი უკრაინულმა მხარემ კიევის მახლობლად დამწვარი ტანკიდან გამოიყვანა, მაგრამ სამშობლოში იგი გარდაცვალებიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ დაკრძალეს.

ზოგიერთ შემთხვევაში, დაზარალებულთა ცოლები და დედები იჩენენ სიჯიუტეს, დადიან მორგებში, უჩივიან მოსკოვს და მხოლოდ ამ გზით აღწევენ სიკვდილის ფაქტის დადასტურებას", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ომში უკრაინაში დაღუპულ რუსეთის სამხედროთა რაოდენობის მიხედვით რეგიონების რეიტინგი არაერთხელ შეიცვალა. მაგალითად, 2022 წლის გაზაფხულზე დაღუპულთა რაოდენობით ლიდერები იყვნენ: დაღესტანი, ბურიატია, ორენბურგისა და ჩელიაბინსკის რეგიონები და ჩრდილოეთი ოსეთი.

„კავკაზ.რეალიი“ დამოუკიდებლად აგროვებს მონაცემებს სამხრეთის რეგიონებიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდან უკრაინაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და დაქირავებულების შესახებ.

7 აგვისტოს მონაცემებით, ჩვენთვის ომში დაღუპული 4 283 სამხედრო მოსამსახურის შესახებ არის ცნობილი.

  • რაც შეეხება ჩეჩნეთს, გასული წლის 24 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი სამხედროების მიერ ხერსონთან „კადიროველთა“ დიდი ჯგუფის განადგურების შესახებ.
  • რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხების თანახმად, სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, 50-დან 100-მდე.
  • მოგვიანებით რამზან კადიროვმა დაადასტურა 23 ჩეჩენი მებრძოლის დაღუპვა. კადიროვი ასევე ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნებმა შური იმავე დღეს იძიეს და „ჯოჯოხეთში გაუშვეს 70-მდე ბანდერელი“, რასაც უკრაინის სარდლობამ მორიგი "ფეიკი" უწოდა.

XS
SM
MD
LG