Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვაგნერელები“ - ჯოჯოხეთში საუკეთესონი ვართ


ბელარუსელი სამხედრო მოსამსახურეები და "ვაგნერელები" ბრესტის სიახლოვეს, საწვრთნელ პოლიგონზე. ბელარუსი. 2023 წლის 20 ივლისი
ბელარუსელი სამხედრო მოსამსახურეები და "ვაგნერელები" ბრესტის სიახლოვეს, საწვრთნელ პოლიგონზე. ბელარუსი. 2023 წლის 20 ივლისი

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულების ერთი ნაწილი ბელარუსში, ოსიპოვიჩის მახლობლად, პოლიგონზე არის დაბანაკებული და 51-ე ბრიგადასთან ერთად საარტილერიო სწავლებებში მონაწილეობს.

სხვები კი ბელარუსის ხელისუფლების ბრძანების მოლოდინში, ან ისვენებენ, ან თავიანთი საქმეების მოგვარებით, მათ შორის უკრაინიდან ნაალაფარი ავტომობილების გადმოყვანით და მათი რეგისტრაციით არიან დაკავებულნი.

საკუთრივ ქალაქში „ვაგნერელებს“ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ, რადგან, როგორც ირკვევა, ადგილობრივი რაიონის ხელმძღვანელობამ ყველას აუკრძალა მათთან კავშირი.

ამის თაობაზე ერთ-ერთმა დაქირავებულმა „ვაგნერელმა“ ანონიმურობის დაცვის პირობით უამბო „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტს და ისიც გაუმხილა, თუ რა პირობის შემთხვევაში შეიძლება, რომ კსკ „ვაგნერი“ კვლავ დაბრუნდეს უკრაინაში მიმდინარე ომში.

„სამხედრო კი არა, ბინძური დაქირავებული ვარ“

ბელარუსში ქალაქ ოსიპოვიჩთან დაბანაკებული „ვაგნერელები“ ბანაკს არ ტოვებენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ინტერნეტის საშუალებით ცდილობს გარე სამყაროსთან დაკავშირებას. ერთ-ერთმა „ვაგნერელმა“, რომელიც საკუთარ თავს ალექსანდრს უწოდებს, გაცნობა შესთავაზა ოსიპოვიჩში მცხოვრებ გოგონას, რომლის ადგილსამყოფელიც გეოლოკაციის საშუალებით დაადგინა.

მიმოწერაში, რომელიც „ნასტოიაშჩეე ვრემია. ბელარუსის“ რედაქციაში ინახება, ალექსანდრი ამბობს, რომ დიდი ხანია არ ჰქონია ურთიერთობა გოგოებთან და დაავიწყდა კიდეც, თუ როგორ შეიძლება მათი გაცნობა.

როგორც გაირკვა, ალექსანდრი 30 წლისაა, იგი 2014 წლიდან იბრძვის და საკუთარ თავს „ბინძურ დაქირავებულს“ უწოდებს და არა „სამხედროს“. იგი ნასამართლევია და ამჟამად მართლაც ოსიპოვიჩთან სამხედრო ბანაკში ცხოვრობს.

გაცნობის პირველ დღეს იგი უფრო ხალისით ჰყვებოდა თავის სამუშაოსა და გეგმებზე. თქვა, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკამ რუს დაქირავებულებს „შვებულება“ მოუწყო, „შეიფარა“, ამოსუნთქვის საშუალება მისცა. და განაგრძობს: კსკ „ვაგნერის“ მთელ მსოფლიოს ეშინია და ჩვენ „საუკეთესოები ვარ ჯოჯოხეთში“.

რაიონულ ცენტრში მას ჯერ კიდევ არ გაუსეირნია, არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ დაათვალიეროს ქალაქი, მაგრამ რაიონის ხელმძღვანელობამ ადგილობრივებს მათთან კავშირი აუკრძალა.

„აქ ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კატეგორიულად აუკრძალა ჩვენთან კონტაქტი. გამყიდველები ამბობენ, რომ რაიონის თავკაცმა უმკაცრესად აუკრძალა“, - ამბობს ალექსანდრი. ხოლო შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ „ვაგნერელთა“ რაოდენობა 2000-ზე მეტია, უპასუხებს:

"დაე, ილაპარაკონ. ერთ ხელის თითებზე შეიძლება ჩვენი დათვლა."

„წავალ სადმე კუნძულზე და ბუნგალოს ვიყიდი“

როგორც ალექსანდრის ნაამბობიდან ირკვევა, ბელარუსში მყოფი „ვაგნერელები“ მატერიალურ და ფინანსურ გასაჭირს საერთოდ არ უჩივიან. ალექსანდრი ამბობს, რომ მისი თვიური ანაზღაურება, სავარაუდოდ, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ყოფნისთვის, 24 ათასი ბელარუსული რუბლია (დაახლოებით 9500 დოლარი).

ალექსანდრს ბელარუსის ნებისმიერ ქალაქში შეუძლია ბინის მიღება, სადაც მისი ცოლი „ადგილობრივი იქნება“.

„მუშაობა არაფერი საჭირო არ არის. საცხოვრებლად მეც მეყოფა და ჩემს შვილებსაც. პენსიამდე დიდი დრო აღარ დამრჩა. პენსია კი რვა მექნება [ათასი, დაახლოებით 3,2 ათასი დოლარი) თქვენს ფულზე. წავალ სადმე კუნძულზე და ბუნგალოს ვიყიდი“, - ამბობს იგი. მაგრამ იმაზე არაფერს ამბობს, თუ ვინ უნდა გადაუხადოს პენსია კერძო სამხედრო კომპანიის თანამშრომლებს.

შეხვედრის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე, ალექსანდრი ამბობს, რომ პირობის მოცემა არ შეუძლია. ამის მიზეზად ნაალაფევ ავტომობილებს ასახელებს, რომლებიც დაქირავებულებმა უკრაინიდან უნდა ჩამოიყვანონ და რეგისტრაციაში გაატარონ.

„თუ შოიგუს მოაშორებენ, ჩვენ მზად ვართ წინადადების მოსასმენად“

შეკითხვაზე, თუ რატომ არის საჭირო უკრაინაში ომი, ალექსანდრი უპასუხებს:

"ფულისთვის! ომი ეს ბიზნესია."

და თუ შესთავაზებდნენ, ამ ბიზნესის გასაკეთებლად, ან საომრად, გარკვეული პირობით კვლავაც წავიდოდა უკრაინაში:

"თუ შოიგუს ჩამოაშორებენ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, მაშინ ჩვენ მზად ვართ მათი წინადადების მოსასმენად. ისე კი რა გვესაქმება იქ? იქ ყველა მივანგრიეთ, მაგრამ ჩვენ, გმირები, ავაზაკებად გამოგვიყვანეს. მაგრამ ვიცით, რომ სიმართლე ჩვენს მხარეზეა და - ხალხიც“.

დაქირავებულთან კომუნიკაციის პარალელურად, „ნასტოიაშჩეე ვრემია. ბელარუსის“ ჟურნალისტები თვალს ადევნებდნენ ასევე კსკ „ვაგნერის“ იმ მებრძოლების ცოლებისა და დედების ჩათებს, რომლებიც ბელარუსში წავიდნენ. ნათელი გახდა, რომ ამბოხის შემდეგ მებრძოლებს სამი სცენარიდან უნდა გაეკეთებინათ არჩევანი:

  • შვებულებაში წასვლა, შემდეგ კი კერძო სამხედრო კომპანიაში დაბრუნება;
  • კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტა;
  • ან ბელარუსში დარჩენა ახალი დავალებების მოლოდინში (ყველაზე ხშირად საუბარი იყო აფრიკის ქვეყნებზე ან პოლონეთზე).

მებრძოლების დაბრუნებაზე უფრო მეტად, მათ ცოლებს ფინანსური საკითხები აინტერესებდათ.

როგორც ირკვევა, დაქირავებული მებრძოლები, მათთვის განკუთვნილი ანაზღაურების მისაღებად ხშირად წერენ მინდობილობას ნათესავების სახელზე. მაგრამ, ნათესავების თქმით, მათ ფული მაისის შემდეგ არ უნახავთ. თუმცა, მოგვიანებით, 28 ივლისს, ჩათებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ხელფასი როგორც იქნა ჩამოუვიდათ.

იყო საუბარი იმაზე, რომ ბელარუსში გადასვლის შემდეგ „ვაგნერის“ მებრძოლები გაცილებით ნაკლებს მიიღებდნენ, ვიდრე საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის იღებდნენ. სახელდებოდა თანხა 150 ათასი რუსული რუბლის ოდენობით (ოთხი ათას ბელარუსულ რუბლზე ოდნავ მეტი, დაახლოებით $ 1580-ის ეკვივალენტი).

საწვრთნელი პოლიგონი „რეპიშჩეში“

რადიო თავისუფლების ბელარუსულმა სამსახურმა მოიპოვა ოსიპოვიჩის მახლობლად „რეპიშჩის“ პოლიგონის ექსკლუზიური სატელიტური ფოტოები, რომლებიც 31 ივლისს არის გადაღებული. თავად ეს პოლიგონი, რომელიც ბელარუსის 51-ე საარტილერიო ბრიგადას ეკუთვნის, 15 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ცელში, კსკ „ვაგნერის“ მთავარი ბანაკიდან.

„რეპიშჩის“ პოლიგონის სატელიტური ფოტო
„რეპიშჩის“ პოლიგონის სატელიტური ფოტო

სურათზე აშკარად მოჩანს არაერთი საფორტიფიკაციო ნაგებობის და შესაძლოა, მიწაყრილის მშენებლობა, მათ მახლობლად მდგარი ობიექტები კი შეიძლება მიამსგავსოთ ან მსუბუქ ავტომობილებს, ან ღია რუხი ფერის „უაზის“ მარკის ავტობუსებს, ტერიტორიაზე მუშაობენ ბულდოზერები.

51-ე საარტილერიო ბრიგადის ამ პოლიგონზე 29 ივლისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა ერთობლივი წვრთნები კსკ „ვაგნერის“ ინსტრუქტორების მონაწილეობით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „შესრულდა საცეცხლე ამოცანები კვადროკოპტერების გამოყენებით“.

არც ისე დიდი ხნის წინ, „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ტელეგრამის არხზე გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც ნაჩვენებია ტყეში გამაგრებული რაიონის მშენებლობა. იქ არსებული მიწურები აღჭურვილია პატარა ღუმლებით, ასე რომ, სამხედრო ბანაკი გამოსადეგი უნდა იყოს წლის ცივ სეზონში ცხოვრებისთვის. საწვრთნელი სროლის ჩატარების ადგილის უფრო ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელი აღმოჩნდა.

14 ივლისს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა „ვაგნერის“ ინსტრუქტორების მიერ ბელარუსული ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების მომზადების შესახებ. ამას 25 ივლისს მოჰყვა მორიგი განცხადება, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების ფორმირებები და დანაყოფები აგრძელებენ ერთობლივ წვრთნებს კომპანია „ვაგნერის“ ინსტრუქტორების მონაწილეობით.

ამჟამად „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ორ არეალში არიან დაბანაკებულნი. ოსიპოვიჩის რაიონის ცილის პოლიგონზე, სადაც 300 სამხედრო კარავია გაშლილი და ბრესტსკის მახლობლად, „ბერასცეისკის“ პოლიგონზე, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული პოლონეთის საზღვრიდან და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვარს.

ბელარუსში ამ დროისთვის მყოფი კსკ „ვაგნერის“ მებრძოლთა რაოდენობა 5000-ს უნდა აღწევდეს. „ვაგნერელებთან“ დაახლოებული ტელეგრამის არხის ცნობით, ბელარუსში შესაძლოა მთლიანობაში დაახლოებით 10 ათასი „ვაგნერელი“ ჩავიდეს.

„ვაგნერელებმა“, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში აქტიურად იყენებდა, ბელარუსში გადაინაცვლეს ამბოხების შემდეგ.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა „სამართლიანობის მარშის“ დაწყება;
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას გამოადგება.
  • 31 ივლისს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადასტურა, რომ კომპანიამ შეწყვიტა ახალი მებრძოლების დაქირავება.
  • პრიგოჟინის თქმით, ამჟამად „ვაგნერი“ საქმიანობას აგრძელებს მხოლოდ აფრიკასა და ბელარუსის საწვრთნელ ცენტრებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG