Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა-პუტინს დასავლეთთან ჰიბრიდული ომი სურთ „ვაგნერის“ გამოყენებით?


ალიაქსანდრ ლუკაშენკა ჟურნალისტებთან საუბრობს სამხედრო ტექნიკის ფონზე - ფოტოილუსტრაცია
ალიაქსანდრ ლუკაშენკა ჟურნალისტებთან საუბრობს სამხედრო ტექნიკის ფონზე - ფოტოილუსტრაცია

გასული კვირის ბოლოს ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ პოლონეთს გარკვეული საფრთხე ემუქრება ბელარუსში დაბანაკებული რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ქვედანაყოფების მხრიდან.

კვირას, სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების დაწყების წინ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ „ვაგნერელებს ექსკურსიაზე ვარშავასა და ჟეშუვში“ წასვლა სურთო.

მართალია, დასძინა, რომ ის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში აჩერებს და არ გადაიყვანს მათ დასავლეთის საზღვრებისკენ, მაგრამ ბელარუსის პრეზიდენტის ამ სიტყვებმა და მის ნათქვამზე პუტინის გაღიმებამ ანალიტიკოსებში გააძლიერა რწმენა, რომ ლუკაშენკას „ვაგნერელები“ მხოლოდ ტერიტორიული თავდაცვისა და სპეცრაზმის ინსტრუქტაჟისთვის არ სჭირდება.

„ლუკაშენკამ და პუტინმა "კეთილი და ბოროტი გამომძიებლების" როლი გაითამაშეს, მაგრამ სინამდვილეში პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის საფრთხე გაახმოვანეს. და ეს გზავნილი, სინამდვილეში, პუტინს ეკუთვნის და ის მშვენივრად ეწერება პოლონეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ როგორც პუტინის, ისე ლუკაშენკას დისკურსში. დღეს, ლუკაშენკა აცხადებს, რომ მთელი ძალებით აკავებს "ვაგნერელებს", მაგრამ ხვალ, შესაძლოა, ეს აღარ ქნას“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ანალიტიკოსი, იური დრაკახრუსტი.

ნიშანდობლივია, რომ ლუკაშენკას მიერ სანქტ-პეტერბურგში გაკეთებულ განცხადებას არანაირი ზედმეტი დაძაბულობა არ გამოუწვევია პოლონეთში. საქმე ისაა, რომ ვარშავამ სამი დღის წინ უკვე მიიღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები და კიდევ 1000 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლა ბელარუსის მოსაზღვრე ქვეყნის აღმოსავლეთში.

ლუკაშენკამ პუტინის სიტყვები აიტაცა

21 ივლისს, ბელარუსისა და რუსეთის ლიდერების სანქტ-პეტერბურგის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნატოს წევრი ქვეყანა - პოლონეთი, დაადანაშაულა იმაში, რომ მას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ყოფილ საბჭოთა კავშირში და განაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი და ახლო მოკავშირე ბელარუსის წინააღმდეგ, რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლებაო.

მოსკოვი უპასუხებს ნებისმიერ აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფალ „მოკავშირე სახელმწიფოს“ ქმნის რუსეთთან, „ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, თქვა პუტინმა პარასკევს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

რუსეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის ლიდერები ელიან ნატოს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას და „უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში, რათა შემდეგ საკუთარი თავისთვის უფრო დიდი ნაჭერი "მოგლიჯონ" და დაიბრუნონ, როგორც თვლიან, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთი უკრაინა“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის ეს ნათქვამი სანქტ-პეტერბურგის 23 ივლისის შეხვედრაზე ბელარუსის ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამაც აიტაცა. მან მოსალოდნელი ესკალაციის ნიშნად დასავლეთ საზღვარზე პოლონეთის მიერ ძალების გადასროლა დაასახელა და დასძინა, რომ პოლონეთს არ უნდა მიეცეს დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის საშუალებაო. „ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა ლუკაშენკამ.

„კრემლის სტრატეგიის ნაწილი“

თუ როგორ უნდა მოხდეს ეს „დახმარება“, ლუკაშენკას არ დაუზუსტებია. სამაგიეროდ პოლონეთზე საუბრის კონტექსტში ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა გაიხსენა მისი ქვეყნის ტერიტორიაზე დაბანაკებული რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

„ვაგნერელებმა ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. "დასავლეთში გვინდა. ნება მოგვეცით". მე ვეუბნები, რაში გჭირდებათ დასავლეთში წასვლა? "ექსკურსიაზე წასასვლელად ვარშავაში, ჟეშუვში", - აღნიშნა ლუკაშენკამ, რომლის სიტყვებსაც პუტინი ღიმილით შეხვდა.

პოლონეთის ქალაქი ჟეშუვი ლუკაშენკას შემთხვევით არ უხსენებია.

სწორედ ამ პოლონურ ქალაქში მდებარეობს აეროდრომი, რომლის მეშვეობითაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით ამარაგებენ. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში.

ლუკაშენკას თქმით, პუტინთან შეთანხმებით, ის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში აჩერებს და არ გადაიყვანს მათ დასავლეთის საზღვრებისკენ. მაგრამ რამდენად მოახერხებს ლუკაშენკა „ვაგნერელების“ მოთოკვას, რომლებმაც ცოტა ხნის წინ მათი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მეთაურობით მოსკოვზე გაილაშქრეს და გზად რამდენიმე სამხედრო ნაწილი და შტაბი დაიკავეს? მით უფრო, რომ „ვაგნერელთა“ მსგავსი „ექსკურსია და პოლონეთთან ჰიბრიდული ომი“, როგორც იური დრაკახრუსტი ვარაუდობს, აშკარად შედის ბელარუსის ლიდერის ინტერესებში.

„როგორც ჩანს, "ვაგნერელების" ბელარუსში ყოფნა და მათი განზრახვა, კვლავინდებურად წარმოადგენს კრემლის სტრატეგიის ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში სტრატეგია, როგორც მინიმუმ, შესაძლოა ნატოს ქვეყნებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში, ან შესაძლოა ასევე საბოტაჟის მსგავს პრაქტიკულ, მტკიცე ქმედებებში მდგომარეობდეს. უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ტერმინი "ჰიბრიდული ომი" უკვე დავიწყებულია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ომის სხვა ფრონტი არ შეიძლება იყოს ჰიბრიდული. დივერსიები, "ექსკურსიები", რეიდები შემდგომი უკანდახევით - რატომაც არა? თან ეს იქნება არა რუსეთი, არამედ "ვაგნერელები" (რომლებიც, პუტინის სიტყვებით, აღარ არსებობენ), ესენი იქნებიან ამბოხებულები (ისევ პუტინის სიტყვებია), ისინი თავს დაესხმებიან არა რუსეთიდან, არამედ ბელარუსიდან, ლუკაშენკას მხრიდან“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ მეომარი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება. ლუკაშენკამ არ გაგზავნა ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მოსკოვს უფლება მისცა, ქვეყნის ტერიტორია სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად გამოეყენებინა.

მინსკმა ასევე დაუშვა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა.

შეტევა „საინფორმაციო ომში“ და პარალელები 2022 წლის 24 თებერვალთან

მაგრამ ასეთი მოცემულობის შემთხვევაშიც კი, ბელარუსი და მისი მოკავშირე რუსეთი ვერ გაბედავენ ნატოს წევრ ქვეყანასთან კონფრონტაციას.

ლუკაშენკა და პუტინი
ლუკაშენკა და პუტინი

ლუკაშენკას და პუტინს უკვე აშკარად მიანიშნეს, რომ „ვაგნერელების“ შეზღუდულ რეიდსაც კი პოლონეთის ტერიტორიაზე, ვარშავა და მთლიანად ნატო აღიქვამენ როგორც სწორედ პუტინის თავდასხმას ნატოზე.

ეს, სხვათა შორის, დასტურდება გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის მიერ 21 ივლისს გაკეთებული განცხადებით. „თუ ყველაზე უარესი მოხდება და ჩვენი პოლონელი მეგობრები დახმარებას მოითხოვენ, ისინი მიიღებენ ჩვენგან დახმარებას“, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა.

„ამ განცხადებით ბერლინი მტკიცედ ადასტურებს მოკავშირის მტკიცე გადაწყვეტილებას, შეასრულოს მასზე ნაკისრი ვალდებულება, როგორც მოკავშირემ, ხოლო "ვაგნერელთა" ნებისმიერი "ექსკურსია" ჩაითვლება, როგორც ყველაზე უარესი განვითარება, როგორც "ტრიგერი", რომელიც ნატოს წესდების მე-5 მუხლის ამოქმედებას გამოიწვევს. ამიტომ, ჩემი წარმოდგენით, ლუკაშენკასა და პუტინის განცხადებები პოლონეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, და "ვაგნერელთა" სურვილის შესახებ ლუკაშენკას ნაამბობი - ეს უფრო მეტად ნიშნავს იერიშზე გადასვლას საინფორმაციო ომში და არა საბრძოლო მოქმედებათა თეატრის გაფართოებას, ან პოლონეთის, ანუ პრაქტიკულად ნატოს, წინააღმდეგ რუსეთ-ბელარუსის მხრიდან ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

ყველა ნამდვილი ომი, საინფორმაციო ომით იწყება. 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინაც რუსეთის ჯარების კონცენტრაციას უკრაინოს საზღვარზე ასევე უწოდებდნენ საინფორმაციო ზეწოლას და ერთგვარ პოლიტიკურ ვაჭრობას.

„მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლის დილამ დაასამარა ეს ინტერპრეტაციები და ჰიპოთეზები“, - დასძენს დრაკახრუსტი.

ბელარუსი მზად არის 10 ათასი „ვაგნერელის“ მისაღებად

დაქირავებულმა მებრძოლებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“, რომელსაც ათიათასობით შეიარაღებული მებრძოლი და მძიმე ტექნიკა ჰყავდა და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ომში, 23-24 ივნისს პრიგოჟინის ხელმძღვანელობით მოაწყვეს შეიარაღებული მსვლელობა დონის როსტოვსა და მოსკოვზე და სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხებად შეაფასა. კოლონების მოძრაობა შეწყდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. გამოცხადდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა და „ვაგნერი“ ბელარუსში დაიდებდა ბინას.

ამ დაპირების რეალიზება დიდი ტემპებით ხორციელდება. ბელარუსში გრძელდება „ვაგნერელების“ კოლონების შესვლა.

ამჟამად „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ორ არეალში არიან დაბანაკებულნი. ოსიპოვიცკის რაიონის ცილის პოლიგონზე, სადაც 300 სამხედრო კარავია გაშლილი. და ბრესტსკის მახლობლად, „ბერასცეისკის“ პოლიგონზე, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული პოლონეთის საზღვრიდან და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვარს.

ბელარუსში ამ დროისთვის მყოფი კსკ „ვაგნერის“ მებრძოლთა რაოდენობა 5000-ს უნდა აღწევდეს . „ვაგნერელებთან“ დაახლოებული ტელეგრამის არხის ცნობით, ბელარუსში შესაძლოა მთლიანობაში დაახლოებით 10 ათასი „ვაგნერელი“ ჩავიდეს.

ყოველ შემთხვევაში, ამ რაოდენობის ხალხის მისაღებად ბელარუსი უკვე მზად არის.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მხოლოდ დაბა ცილში მდებარე კარვების ქალაქი დაახლოებით 9000 კაცზეა გათვლილი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG