Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მიზნით ქმნის ლუკაშენკა „სახალხო ლაშქარს“?


ბელარუსის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა მისივე ინიციატივით შემუშავებულ და პარლამენტის (წარმომადგენელთა პალატის) მიერ დამტკიცებულ კანონს „სახალხო ლაშქრის“ შექმნის შესახებ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის უზრუნველსაყოფად მოქალაქეთა ნებაყოფლობითი რაზმების შექმნას ითვალისწინებს.

შეიარაღებული სახალხო ლაშქრის მთავარი ამოცანა საომარი მდგომარეობის დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა, კერძო და სახალხო ქონების დაცვაა.

ვინაიდან ასეთი ამოცანების შესასრულებლად ბელარუსის ერთიანი თავდაცვის სისტემაში უკვე არსებობს ტერიტორიული თავდაცვის ძალები, დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „სახალხო ლაშქარი“ მოსკოვის მეგობარ, ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს არა საპოლიციო, არამედ სამხედრო ამოცანების შესასრულებლად, ნატოსთან ან უკრაინასთან ჰიპოთეტური ომისათვის სჭირდება.

„ბელარუსის ხელისუფლებისთვის ალბათობა იმისა, რომ ბელარუსი ჩათრეული იქნეს ომში, ვთქვათ ასე, არ არის ნულოვანი. ერთი ვარიანტია, რომ კრემლის ბრძანებით ბელარუსის არმია დაიწყებს შეტევას და, შესაბამისად, ბელარუსის ტერიტორია აღმოჩნდება საპასუხო დარტყმის ობიექტად. და მეორე: ბელარუსის ხელისუფლება ცხოვრობს თავისი წარმოსახვის სამყაროში და არ გამორიცხავს და, შესაძლოა, ძალიან სერიოზულად აფასებდეს იმის ალბათობას, რომ ბელარუსი აღმოჩნდება თავდასხმის ობიექტი ან უკრაინის, ან ნატოს ქვეყნების მხრიდან“, - ამბობს რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის თანამშრომელი იური დრაკახრუსტი.

როგორც გამოცემა „ზერკალო“ წერს, გასული წლის ივნისში, როცა კანონმდებლებს სახალხო ლაშქრის საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობის დავალებას აძლევდა, ლუკაშენკას არ დაუმალავს, რომ ასეთი ახალი სტრუქტურის შექმნის იდეა მას სწორედ უკრაინის მაგალითმა უკარნახა.

„მე ვიფიქრე, რომ ჩვენ ყოველი შემთხვევისთვის, თითოეულ სოფლის საბჭოში გვჭირდება სახალხო ლაშქარი, ადამიანების ჯგუფი. ისინი არ იქნებიან ბევრი. დაახლოებით 50 კაცი. მაგრამ უნდა ჰქონდეთ იარაღი სადღაც საწყობში. ჩვენ მათ გავიწვევთ მოსამზადებლად, ისინი აიღებენ თავიანთ იარაღს, რათა საკუთარი სახლ-კარის დაცვა შეძლონ“, - განაცხადა ერთი წლის წინ ლუკაშენკამ.

„ბელარუსის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყონ“

ნიშანდობლივია, რომ ბელარუსის ხელისუფლებიდან პირველი მაღალჩინოსანი, ვინც ლუკაშენკას იდეა შარშან უპირობოდ გაიზიარა, სწორედ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ვიქტორ ხრენინია, ვისაც არ დაუმალავს, რომ „სახალხო ლაშქრის“ შექმნა სწორედ მას დაევალა.

„მთავარსარდალმა დაგვისახა ამოცანა, მათ შორის, ქვეყანაში სახალხო ლაშქრის შექმნა. ეს სტრუქტურა, როგორც ჩვენ ვხედავთ, მართლა ძალიან გვჭირდება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ საამისოდ გვყავს ხალხიც და გვაქვს შეიარაღებაც“, - აღნიშნა ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც დასძინა, რომ „სახალხო ლაშქრის“ წყალობით ერთიორად გაიზრდება სამშობლოს დამცველთა რიგები და ყველა დაინახავს, რომ ბელარუსის საქმეში „ცხვირი არ უნდა ჩაყონ“.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრის ეს ენთუზიაზმი ადგილებზეც აიტაცეს და სულ მალე, ისე, რომ კანონი ჯერ შექმნილიც არ იყო, ზოგიერთ რაიონში შარშან შემოდგომაზე დაიწყეს „სახალხო ლაშქრის“ პირველი ექსპერიმენტული რაზმების ფორმირება. როგორც გამოცემა „ზერკალო“ წერს, ნოემბერში მოხალისეთა პირველი რაზმი მოგილიოვის რაიონის ლოჯანსკის სასოფლო საბჭოში შექმნილა. ხოლო მიმდინარე წლის აპრილში „სახალხო ლაშქრის“ რაზმების მანევრები გროდნოს ოლქის ორ რაიონში, მაისში კი - ვოლკოვისკის რაიონში ჩატარდა.

ნიშანდობლივია, რომ გროდნოს ოლქი ესაზღვრება ლიეტუვასა და პოლონეთს და მასზე ბელარუსის ხელისუფლება ხშირად საუბრობს ნატოს ამ ორ წევრი სახელმწიფოდან მომდინარე ვირტუალური საფრთხის კონტექსტში.

შარშან შემოდგომაზე, როდესაც ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით „კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“ გამოაცხადა, იმჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ ამის მიზეზად „ცალკეული მოსაზღვრე სახელმწიფოების მხრიდან“ ლამის ბელარუსის „ტერიტორიის ცალკეული მონაკვეთების მიტაცებასთან“ დაკავშირებით დაგეგმილი პროვოკაციები დაასახელა.

მინსკში არ მალავენ, რომ ბელარუსს საფრთხის უნდა ეშინოდეს ყველა მხრიდან, აღმოსავლეთის გარდა. აღმოსავლეთიდან კი მას რუსეთი ესაზღვრება. ბელარუსის სხვა მოსაზღვრე ქვეყნები არიან უკრაინა, პოლონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამ ქვეყნებიდან მომდინარე საფრთხეს არარეალურად მიიჩნევენ და, შესაბამისად, ვერ ხვდებიან, თუ რას ემსახურება ქვეყანაში „სახალხო ლაშქრის“ ჩამოყალიბება, როდესაც ანალოგიურ ფუნქციებს ბელარუსში უკვე ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის ძალები.

„გულახდილად რომ ითქვას, არ არსებობს საბოლოო პასუხი, თუ რისთვისაა ეს საჭირო. იმიტომ რომ, ერთი მხრივ, ბელარუსი არ იმყოფება ომის მდგომარეობაში. დიახ, ბელარუსი მხარს უჭერს აგრესორს, ბელარუსი თავის ტერიტორიას უთმობს რუსეთს, მაგრამ ბელარუსის არმია ომში არ მონაწილეობს. უკრაინელები არ უტევენ ბელარუსის ტერიტორიას. ასე რომ, აუცილებლობა მისი დაცვისა, ყოველ შემთხვევაში, ახლა, თითქოსდა არ არსებობს“.

„არადა, მეორე მხრივ, ბელარუსი იღებს დამცავ ზომებს, რაც, მრავალი ექსპერტის აზრით, ზედმეტია. იმიტომ, რომ ბელარუსში არსებობენ შეიარაღებული ძალები, ისინი შესაძლოა არ არიან ყველაზე ძლიერნი, მაგრამ ისინი არიან. გარდა ამისა, ბელარუსში უკვე არსებობს სამოქალაქო პირებისგან შემდგარი ტერიტორიული თავდაცვა, რომლის მობილიზება და გამოყენება, ომის დროს, სწრაფად მოხდება. და ახლა იქმნება სახალხო ლაშქარი, რაც, ჩემი აზრით, არის ტერიტორიული თავდაცვის მოდერნიზება. ანუ არმიას და ტერიტორიულ თავდაცვას ემატება ახლა უკვე სახალხო ლაშქარი, რომელსაც გამოიყენებენ უკვე ყველაზე ბოლო მომენტში, როდესაც ე.წ. მტერი მოუახლოვდება ბელარუსის დასახლებულ პუნქტებს. ანუ ბელარუსის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაურიგებენ იარაღს და ისინი დაიცავენ თავიანთ სახლებს. ასეთი იდეაა“, - ამბობს იური დრაკახრუსტი.

„ომის დროს ისინი პარტიზანულ მოქმედებაზე გადავლენ“

ლუკაშენკას მიერ ხელმოწერილი „სახალხო ლაშქრის“ შესახებ კანონი განსაზღვრავს სტრუქტურის ფუნქციონირების, მისი დაქვემდებარების, ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობისა და მასში ნებაყოფლობითობის საფუძველზე ჩარიცხვის მსურველი მოქალაქეებისათვის პასუხისმგებლობის ჩამონათვალს.

კანონის თანახმად, „სახალხო ლაშქარს“ საბრძოლო იარაღს აწვდის და საწვრთნელი პროგრამებით ამარაგებს ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო, ტერიტორიული პრინციპით „ლაშქრის“ ორგანიზების ფინანსური უზრუნველყოფა და ზედამხედველობა ევალებათ ადგილობრივ საბჭოებს, ხოლო უშუალო მოვალეობის ან წესრიგის დაცვის ამოცანების შესრულების დროს „სახალხო ლაშქარი“ ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს. შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროები არიან პასუხისმგებლები „სახალხო ლაშქარში“ ჩარიცხვის მსურველი მოქალაქეების პირადი საქმეების შესწავლაზე.

ბელარუსის „სახალხო ლაშქარში“ იკრძალება ისეთი პირების ჩარიცხვა, ვინც იხდის სასჯელს, იმყოფება საპატიმრო ადგილებში, შინაპატიმრობაშია ან პირობით სასჯელს იხდის. და ეს წერია იმ ქვეყნის კანონში, რომლის პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მზად იყო თავის ტერიტორიაზე გარკვეული დროით მიეღო „ვაგნერელები“ და სურვილის შემთხვევაში ისინი შეიარაღებულ ძალებშიც კი ჩაერიცხა.

ბელარუსის თავდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ხრენინმა მაშინ თქვა, რომ ბელარუსის არმიაში ასეთი ქვედანაყოფი „არ აწყენდა“.

ისე მოხდა, რომ „ვაგნერის“ არშემდგარი ამბოხის და კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ბელარუსში გადასვლის შემდეგ, ბელარუსის პარლამენტმა (წარმომადგენელთა პალატამ) დაჩქარებულად განიხილა „სახალხო ლაშქრის“ შესახებ კანონპროექტი და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ლუკაშენკას გადაუგზავნა. ეს ორი ამბავი უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვაო, - ფიქრობს იური დრაკახრუსტი.

„ამ კანონს დიდი ხნის განმავლობაში ამზადებდნენ და ეს არ არის სპონტანური, ნაჩქარევი რეაქცია „ვაგნერელთა“ გამოჩენით გამოწვეულ ახალ სიტუაციაზე. ეს უფრო მეტად არის ნაწილი ბელარუსის ხელისუფლების ძალისხმევისა, მოემზადოს საომარი მდგომარეობისთვის, რომელიც ან იქნება, ან არა. ბელარუსის ხელისუფლებისთვის ალბათობა იმისა, რომ ბელარუსი ჩათრეული იქნეს ომში - არ არის ნულოვანი. ერთი ვარიანტია, რომ კრემლის ბრძანებით ბელარუსის არმია დაიწყებს შეტევას და, შესაბამისად, ბელარუსის ტერიტორია აღმოჩნდება საპასუხო დარტმის ობიექტად. და მეორე: ბელარუსის ხელისუფლება ცხოვრობს თავისი წარმოსახვის სამყაროში და არ გამორიცხავს და, შესაძლოა, ძალიან სერიოზულად აფასებდეს იმის ალბათობას, რომ ბელარუსი აღმოჩნდება თავდასხმის ობიექტი ან უკრაინის, ან ნატოს ქვეყნების მხრიდან“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს იური დრაკახრუსტმა.

ბელარუსის „სახალხო ლაშქარში“ ნებაყოფლობით ჩარიცხვის შემდეგ მოხალისეები თავიანთ სახლებში ცხოვრობენ და მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ცხადდებიან დისლოკაციის ადგილზე, სადაც ისინი საშტატო იარაღს (პისტოლეტი, ავტომატი და ყუმბარსატყორცნი) მიიღებენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.

ლაშქარს ადგილობრივი ხელისუფლების მითითებით, ძირითადად, ევალება ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების სხვადასხვა ობიექტის დაცვა, სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობა, მაროდიორებისა და დივერსანტების წინააღმდეგ ბრძოლა.

ამასთან, „სახალხო ლაშქრის“ წევრობა პირს არ ათავისუფლებს სამხედრო მოვალეობისგან.

თუ „მოლაშქრეს“ მობილიზაციით გაიწვევენ, მას რეგულარული არმიის რიგებში მოუწევს ომი. ან, როგორც ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, „ომის დროს „სახალხო ლაშქრის“ რაზმები პირდაპირ პარტიზანულ მოქმედებაზე გადავლენ“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG