დაფინანსებაზე ოფიციალური უარმა მხოლოდ ერთმა პარტიამ თქვა, დანარჩენებს კი უარის ართქმა არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებად ჩაუთვალა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს მათ მიერ არაღიარებულ პარლამენტში მანდატებს არ უუქმებს და შესაბამისად - დაფინანსებას არ უწყვეტს.
ოპოზიციური პარტიების დაპირისპირების ტალღა თანდათან მინელდა და შეჩერდა, მაგრამ ბევრისთვის კვლავ გამოვლინდა მკაფიო უთანხმოება მთელ რიგ საკითხებზე, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ ერთიანი საბჭოს შექმნის გეგმის ფონზე.
ვის და რატომ აფინანსებს ბიუჯეტი?
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად - საბიუჯეტო დაფინანსების მიზანი პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა და პარტიული სისტემის განვითარებაა.
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის ყველა პარტიას, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.
- თანხა გამოითვლება პარლამენტის ბოლო არჩევნების შედეგებით: პირველი 50 000 ხმის ფარგლებში - თითოეული ხმისთვის 15 ლარი; ხოლო შემდეგ, თითოეული დამატებითი ხმისთვის - 5 ლარი.
პარტიას უფლება აქვს, უარი თქვას ამ დაფინანსების მიღებაზე და ამისთვის, წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ეს ვადა, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ამოიწურა, როდესაც ოპოზიციურ პარტიებს ყოველწლიურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა შეეძლოთ. ცესკოს განცხადების თანახმად, ბოლო არჩევნებში მონაწილე 7 პარტიიდან 6-სგან უარი არ მიუღია; ხოლო ერთადერთი უარი განაცხადა პოლიტიკურმა ჯგუფმა - „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.
ამ ინფორმაციას ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. უფრო ზუსტად კი, ბარიერგადალახული სამი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი დაუპირისპირდა პოლიტიკურ გაერთიანებას “კოალიცია ცვლილებისთვის”, რომლის თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, მანამდე, ისინი “„ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე” უარის ართქმისთვის გააკრიტიკა. ხოლო კიდევ ერთმა თანათავმჯდომარემ - ნიკა მელიამ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება “რეჟიმის ფულად” მოიხსენია და საგანგებოდ დაუპირისპირდა თავის ყოფილ თანაგუნდელებს - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობიდან", მაგრამ არა მხოლოდ მათ.
“დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა. დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს - ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს - რეჟიმისგან!” - წერს მელია ფეისბუკზე.
“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა - “პარტიის დაფინანსებაზე ატეხილი "ქოცური" ნარატივის გამეორებისა” და “"ოცნების" “მესიჯბოქსში” და სცენარში მონაწილეობის” შესახებ.
ფეისბუკპოსტში მან ასევე განმარტა, რომ პარტიას საპარლამენტო ხელფასებზე უარი აქვს ნათქვამი, ხოლო პარტიის დაფინანსება შეჩერდება მაშინვე, როდესაც კოალიციის რიგებიდან არჩეულ დეპუტატებს, მოთხოვნის შესაბამისად, პარლამენტში მანდატებს გაუუქმებენ, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს “ქართული ოცნება”.
ხაზარაძე აღნიშნავს ასევე, რომ “პარლამენტის ლეგიტიმაციასთან ბიუჯეტის ფულს არანაირი კავშირი არ აქვს”, ხოლო მანდატების გაუქმებამდე, თანხა დამატებით მოხმარდება “საპროტესტო აქციის დროს დაზარალებულების და სხვათა მხარდაჭერას”.
სწორედ პარლამენტის ლეგიტიმაციის დადასტურებად გამოაცხადა ირაკლი კობახიძემ ის ფაქტი, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი არ განაცხადეს საბიუჯეტო დაფინანსებაზე. „ოთხიდან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით ორმა პარტიამ, რომელმაც მიიღო დაფინანსება, ასევე აღიარა არჩევნების შედეგები... თებერვალში შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში“, - თქვა კობახიძემ 27 დეკემბერს.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე - თინა ბოკუჩავა მამუკა ხაზარაძის ფეისბუკპოსტის გაზიარებითა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა - „ამ შეფასებაში და არგუმენტაციაში სრულიად ვეთანხმები ბატონ მამუკას. ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალურად გადამწყვეტ მომენტში, ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეტს უბრალოდ არ დავწერ”.
მაგრამ ამავე პარტიის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ ეჭვები გამოთქვა პარტიის “კოალიცია ცვლილებისთვის” დაფინანსების შესახებ და რუსული ფულიც ახსენა.
სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისგან განსხვავებით, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” სადეპუტატო მანდატებზე უარი არ განუცხადებია და, შესაბამისად, ამ მიზეზით საბიუჯეტო პარტიული დაფინანსება ვერ შეუწყდებათ, მაგრამ ამ ფულის მიღებაში - სათაკილოს ვერაფერს ხედავენ.
“საბიუჯეტო დაფინანსება არ არის ივანიშვილის ან “ქოცების” მოწყალება. ეს არის პარტიების მიერ საკუთარი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების მიერ გადაცემული კონკრეტული საბიუჯეტო სახსრები… ჩვენს პარტიას გაცილებით იმაზე მეტი ხმა აქვს მიღებული, რაც დაჯღაბნა ცესკომ და ამიტომ ბევრად მეტი დაფინანსებაც ეკუთვნოდა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარტიის “გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა და საგანგებოდ მიანიშნებს, რომ მის პარტიას “დამფინანსებლად არც ოლიგარქი ჰყოლია და არც ბანკირი და არც უჩინმაჩინი, რომლის დაფინანსებაზეც შესაძლოა კითხვის ნიშნები ჩნდებოდეს”.
სიჭინავას თქმით, საბიუჯეტო დახმარება “არავითარ შემთხვევაში არ ებმის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხს”, ხოლო საპარლამენტო ანაზღაურებაზე პარტიას უარი აქვს ნათქვამი და "ხელფასს არავინ მიიღებს".
პოლიტიკის ანალიტიკოსს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე დაიწყეს “მოუკლავი დათვის ტყავის გადანაწილება” და ელექტორატის გულის მოგება ახალი არჩევნებისთვის, მაგრამ “ხვალ და ზეგ ახალი არჩევნები ვერ დაინიშნება”, ხოლო "პარტიების დაპირისპირებამ შესაძლოა სწორედ ახალი არჩევნებისთვის ბრძოლის პროცესი დააზიანოს".
“რატომ უნდა ატეხილიყო ამაზე ამხელა აჟიოტაჟი?! ხელისუფლების მხრიდან ამ აჟიოტაჟს ველოდი და გასაგებია, მაგრამ ეს აჟიოტაჟი გამიკვირდა ძალიან ოპოზიციური პოლიტიკური ძალისგან. ეს არცთუ ისე სასიამოვნოა”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვახტანგ ძაბირაძე.
რაც შეეხება უშუალოდ საბიუჯეტო დაფინანსებას, ძაბირაძე ამბობს, რომ ეს “პარტიების კუთვნილი ფულია”, არ წარმოადგენს “საპარლამენტო დაფინანსებას” და თუკი “ქართულ ოცნებას” უნდა - ამ ფულის წყაროს პარტიებს საპარლამენტო მანდატების გაუქმების გზით მარტივად შეუწყვეტს.
მანდატების შეწყვეტა საბიუჯეტო დაფინანსების ერთადერთი საფუძველი არ არის. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად: პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების ნახევარზე მეტი “არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს”, პარლამენტის მორიგი სესიის ფარგლებში.
დაპირისპირება საკრებულოების გარშემოც
ვიდრე ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ხმაური მოჰყვებოდა, დაპირისპირება უკვე დაწყებული იყო საკრებულოებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
"ქოცების ბიუჯეტს შეთანხმებულად ხმა მისცეს: ქოცებმა, ახლებმა და გახარიამ. როდესაც სხვას მოუწოდებ დათმონ საკუთარი ხელფასები ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იგივე უნდა შეგეძლოს შენც”, - “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ანა წითლიძე ფეისბუკპოსტში აღნიშნავდა, რომ მხარდაჭერის მიზეზი, სავარაუდოდ, გაზრდილი ხელფასებია, “რომელიც უტოლდება 2020 წლის ხელფასებს პარლამენტში”.
თუმცა მალევე გაირკვა, რომ - უკვე ჩხოროწყუს საკრებულოში, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში მონაწილეობა მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმაც, რომლებიც პარტიამ თავისი რიგებიდან სწრაფადვე გარიცხა.
ამ ფაქტს ნიკა მელიას ირონიული პოსტი მოჰყვა - ძირითადად “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ.
მანამდე, პარტიის “კოალიცია ცვლილებისთვის” დატოვება მოუწია ზუგდიდის საკრებულოს 10 წევრს, რომლებმაც "ქართული ოცნების" ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღეს მონაწილეობა. პარტიიდან ისინი საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუშვეს.
პარტიაში “გახარია საქართველოსთვის” ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რამდენიმე საკრებულოში მათმა წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ადგილობრივ ბიუჯეტს, მაგრამ ამის გამო პარტიიდან არავინ გაუშვიათ.
ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ - მხარდაჭერა იყო მხოლოდ იმ საკრებულოებში [მაგალითად - წალენჯიხაში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში], სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია და ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლის ბერკეტები აქვს.
“მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გამიზნულ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებზე გვაქვს თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები ბიუჯეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ადგილობრივი საკრებულოების წევრებმა მიიღეს. მათი გადასაწყვეტია და ეს არის თვითმმართველობის მთელი არსი. ამ გადაწყვეტილების გამო, როგორც საბჭოთა საქართველოში, ხალხის გარიცხვა პარტიიდან, ვფიქრობ - ამორალური ქმედებაა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სიჭინავამ.
ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება თვალსაჩინოა ბევრისთვის და მით უფრო პრობლემურია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით სპეციალური საბჭოს შექმნას გეგმავს - ახალი არჩევნებისთვის მზადების მიზნით.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არაერთხელ იყვნენ მისული პრეზიდენტის სასახლეში, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, ხოლო წამოყენებული იდეებიდან არაერთი გახდა სადავო.
ფორუმი