ახლა გინდ შაიტანე, გინდ გამაიტანე, ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ფალავანი.
„ბაში-აჩუკი“
თავიდან ითქვა, არ იქნება სანქციებიო. მერე ითქვა, ეგ რა სანქციებიაო. ახლა ამბობენ, არაა საშიში ეგ სანქციებიო. ზოგმა ისიც კი შენიშნა, იმდენ ხანს აანონსებდა ამერიკა მაგ სანქციებს, მათი გამოცხადება დააგვიანა კიდეცო.
ასეთია რეჟიმის ხაზი. და ეს გასაგებია. ჩვენ უკვე ვიცით ეს თხრობა, რომ ომი მშვიდობაა, თავისუფლება მონობაა, არცოდნა ძალაა, ღალატი სათნოებაა, სანქცია ჯილდოა, და ა.შ.
ზოგმა აიტაცა, ბარემ ჩვენც დაგვასანქცირეთო. როგორც ჩანს, ამათ ისე გამოურეცხა პროპაგანდამ ტვინი, რომ საღად აზროვნება კი არა, უბრალოდ, აზროვნების უნარი წაართვა.
რას აღარ გაიგონებ მათი პირიდან. რომ გრიგოლიჩი შენძრეულია, რომ მოზგია, იგროკია, ხიტრია, ეშმაკია. იმის დანახვა არ უნდათ, რომ გრიგოლიჩი ქვეყნის ღალატშია მხილებული. ამაზე საშინელი განაჩენი კი აღარ არსებობს.
როგორც ცნობილია, დაუსაბუთებლად და მყარი მტკიცებულებების გარეშე, აშშ სანქციებს არ აწესებს. ამ სანქციებით კი ამერიკამ მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ გრიგოლიჩი თავისი სამშობლოს მოღალატეა.
ჰოდა, მაინტერესებს, ხვდება მაინც ეს ხალხი, რას აღიარებს, როცა ყვირის, ჩვენც დაგვასანქცირეთო? ანუ აღიარებს, რომ თვითონაც სამშობლოს მოღალატეა? ასე როგორ უნდა გამოთაყვანდე, რომ მოითხოვო, თანაც კოლექტიურად, ყველაზე საშინელი და დამამცირებელი სახელი აგარტყან?
მაგრამ გულისამრევი მთელ ამ ამბავში ის კი არაა, რომ გინდა, შენს კერპს გვერდით დაუდგე და მისი სასჯელი გაიზიარო, არამედ, რომ იცი, იმ შენს კერპს სულ ფეხებზე ჰკიდიხარ. ეზიზღები კიდეც, რადგან იცის, რომ შენთვის მთავარი თვითონ კერპია. არ იქნება გრიგოლიჩი, იქნება ზაზაევიჩი, ავთანდილოვიჩი, სხვა ვინმე.
ბოლო დროს ბევრმა გაიხსენა რომანი „1984“, უფრო ნაკლებმა - „ბეჭდის მბრძანებელი“, კიდევ უფრო ცოტამ „451° ფარენჰაიტით“, და არავინ - „ტვირთი 200“. არადა, ეს ფილმი ყველაზე თვალსაჩინო ილუსტრაციაა, სად აღმოვჩნდებით, თუ რეჟიმმა გაიმარჯვა. ამდენი ექსპერტის მოსმენას, უბრალოდ ნახე ეს ფილმი და შენ აღმოჩნდები კოშმარში, საითაც რეჟიმი მიგაქანებს.
მე თვითონ სულაც არ მგონია გრიგოლიჩი რაღაც განსაკუთრებული ტვინი, მაგრამ, პირადად მე რომც ვცდებოდე, ნუთუ აირტყამდა სანქციებს თავისთვის და თავისი ოჯახისთვის, მართლაც ტვინი რომ იყოს? თუნდაც ზურგის ტვინი. და არა მარტო სანქციებს, ყველაზე დამამცირებელ სახელსაც მსოფლიოს მასშტაბით.
შეგიძლია გაიხსენო ერთი მაინც სამშობლოს მოღალატე, ვისითაც ამაყობს ესა თუ ის ერი, ვისზეც შეთხზულია ლექსები და ლეგენდები? ასეთი არ არსებობს. ზოგს ეამაყება თავისი მოძალადე წინაპარი, ტირანიც, სადისტიც, შერეკილიც კი, მაგრამ სამშობლოს მოღალატე - არავის. ეს ფსკერია. ამის ქვევით აღარავინაა და აღარაფერია. სამშობლოს მოღალატეს არასდროს არავინ მოუკაკუნებს ქვევიდან.
ორმოციანი წლების ამერიკაში იყო ერთი პოპულარული მამალი, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ თავის მოჭრის შემდეგაც გააგრძელა სიცოცხლე. ერთმა ფერმერმა ვახშმისთვის მამალს მოკვეთა თავი. ფრინველი ერთხანს უძრავად ეგდო, მერე კი ადგა და ჩვეულებრივ განაგრძო სიარული, თითქოს არაფერი მომხდარა. იმ დღიდან მაიკმა უთავოდ დაიწყო ცხოვრება. თანდათან წონაშიც მოიმატა. ძილის დროს კისერს ფრთის ქვეშ მალავდა, დროდადრო ბუმბულის გაქექვასა და კრიახსაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ - ღია ყელიდან ბუყბუყიღა ამოსდიოდა. ცხადია, ვეღარც კენკავდა. სიცოცხლის ბოლომდე ფერმერი პიპეტით კვებავდა.
ამ ამბავს მორალი არა აქვს. მხოლოდ მაინტერესებს, იმას თუ მაინც ხვდები, საკუთარი ტანის გადასარჩენად, უთავო მამალი შენ ახლა ორთავიანი არწივისკენ რომ მიგაქანებს?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.