Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართლიანობის გარეშე რა არის სამეფოები?


ავტორი: არჩილ ჯანგირაშვილი

„სასამართლოზე სჯობს აღიარო, რომ პოლიციელებს აგინე და წინააღმდეგობა გაუწიე. როცა აღიარებ, მოსამართლე ლმობიერად მოგეპყრობა და შესაძლოა, ჯარიმის ნაცვლად უბრალოდ სიტყვიერი გაფრთხილებით გამოხვიდე, ძმა. თანაც, რადგან მოსამართლე ისედაც ჩვენს მხარეს იჭერს, ამით შენი დროც დაიზოგება და ჩვენიც“, - უთხრა პოლიციის თანამშრომელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს იზოლატორში მყოფს. ის ჩემთან ერთად იყო გამოკეტილი ამ სოროში, რომელიც სინამდვილეში დღევანდელი მართლმსაჯულების ნამდვილი სახეა.

ბრაზი, გაღიზიანება და ყველა ნეგატიური ემოცია ერთდროულად დატრიალდა ჩემში და ყველასთვის მოულოდნელად საკნიდან დავიყვირე: ეს რა უკანონობაა! ანუ ქვეყანაში კონსტიტუცია, კონვენცია, საპროცესო კანონმდებლობა აღარ არსებობს?! სამართლის ნაცვლად მხოლოდ ზემოდან წამოსული დირექტივებით ვაპირებთ ქვეყნის მართვას?! - ვყვიროდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ამით არაფერი შეიცვლებოდა.

პოლიციელი შეშფოთდა, მაგრამ მხოლოდ წამიერად. ალბათ არ ელოდა ასეთ რეაქციას. „მე რასაც მინდა, იმას ვიტყვი, შენ ვერ განმისაზღვრავ რა ვილაპარაკო“, - იყვირა გვერდით მდგომმა პოლიციელმა. სანამ ვცდილობდი ამეხსნა, რამხელა უკანონობა ხდებოდა, ჩემი საკნიდან ასე ხუთ მეტრში სკამზე მჯდომმა პოლიციელმა დაიძახა - „რუპორი უნდა ალბათ, რუპორიო“.

აზრი აღარ ჰქონდა ლაპარაკის გაგრძელებას: უკანონობა მისთვის და მასთან ერთად, ამ ფაქტის შემსწრე უამრავი პოლიციელისთვის, ჩვეული რამ იყო. გავჩერდი, რადგან მივხვდი, რომ არგაგების კი არა, ვერგაგების პრობლემას შევეჩეხე, და ეს კი კატასტროფა იყო.

ამ ინციდენტის შემდეგ მალევე დაიწყო პროცესი. ჩემი საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა (სანქცირებული მოსამართლეა). მოწმედ ორი პოლიციელი იყო დაბარებული, რომლებმაც დაიფიცეს, რომ იტყოდნენ მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ორივემ იცრუა.

პირველ მოწმეს ვიცნობდი - ეს ის პოლიციელი იყო, ვინც ვითომ „დამაკავა“. რეალურად კი მე და ჩემი მეგობარი გდდ-ის თანამშრომლებმა დაგვიჭირეს და შეშინებულ პოლიციელებს გადაგვცეს, რომლებიც შიშისგან პოლიციის მანქანებიდანაც კი არ გადმოდიოდნენ. იმდენად ეშინოდათ, რომ გდდ-ს თანამშრომლის მიერ დადებულ და მაგრად მოჭერილ ბორკილებზე, რომ ვთხოვე ოდნავ შეხსნა, რადგან ტკივილი თანდათან უფრო გაუსაძლისი ხდებოდა, ჩურჩულით მითხრა: გთხოვ, ოღონდ ახლა მოითმინე და როგორც კი გავცდებით ამათ, იმწამსვე ოდნავ შეგხსნი ბორკილებსო.

გადაგვიყვანეს ვარკეთილში, შსს-ს შენობაში, და ცივ, უზარმაზარ სივრცეში შეგვიყვანეს, სადაც უსასტიკესად ნაცემი ადამიანები იარებს იშუშებდნენ. არავითარი ემპათია. არც სისხლს, არც ტკივილს და არც უსამართლობას შეუშლია ხელი ტყუილი, შაბლონური ოქმების შედგენაში და სწორედ ამიტომ იმ დღეს ბევრი, მაგრამ ერთნაირი სიცრუე დაიწერა.

ეს ნაცემი, უსამართლოდ დაკავებული, რეჟიმის მსხვერპლი ხალხი - „წვრილმანი ხულიგნები“ და ისინი, ვინც „პოლიციას არ დავემორჩილეთ“, ერთად ვიყავით შეყრილები. მოგვსპეს, გაგვთელეს და ყველაფერთან ერთად სამართალდამრღვევებიც გაგვხადეს.

მოწმე პოლიციელმა სისულელეები ილაპარაკა - „ახსოვდა“, რომ ვიგინებოდი, მაგრამ არ ახსოვდა სად, ზუსტად რა ადგილას, რომელ საათზე ჩავიდინე სამართალდარღვევა. მარტო ის ახსოვდა, რომ ვიგინებოდი.

კიდევ უფრო საინტერესო იყო მეორე მოწმე პოლიციელის ეპიზოდი: ადამიანი, რომელიც არასდროს მინახავს ცხოვრებაში, სასამართლოს წინაშე ფიცს დებს, რომ იტყვის სიმართლეს, მაგრამ ამ ფიცის შემდეგ, რაც მისი პირიდან თქმულა, არაფერი ყოფილა სიმართლე.

კითხვა-პასუხის ეტაპზე რომ გადავედით, მოწმე იბნეოდა და დეტალებში იჭედებოდა: მასაც ახსოვდა, რომ დამაკავეს რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ არ ახსოვდა ზუსტი ადგილი. ვკითხე, გზის რომელ მხარეს ვიდექი, როცა ვაგინებდი, მარცხენა, მარჯვენა მხრიდან თუ გზის შუა ნაწილში? ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ესეც არ ახსოვდა. ისიც პირველი მოწმის მსგავსად იმეორებდა, რომ ვიგინებოდი.

ვკითხე - მარტო ვიყავი თუ ვინმესთან ერთად? მიპასუხა, რომ მარტო არ ვიყავი (მისი და პირველი მოწმის ჩვენებებიდან მხოლოდ ეს დეტალი დაემთხვა. კი, მეგობართან ერთად დამაკავეს, რომელსაც ჩემამდე რამდენიმე საათით ადრე ჰქონდა პროცესი და ეს მოწმე იქ ტრიალებდა, კრებდა ინფორმაციას და ამას ბევრი თვითმხილველი ჰყავს). შევეკითხე, ის ადამიანი, ვისთან ერთადაც დამაკავეს, ჩემზე მაღალი იყო თუ დაბალი? რა თქმა უნდა, არ ახსოვდა, მაგრამ გინება ახსოვდა.

ისიც ვთხოვე, იქნებ გაეხსენებინა რა მეცვა, მგონი აღარც ეს გაგიკვირდებათ და არც ეს ახსოვდა. შემდგომ ვკითხე, მეხურა თუ არა ქუდი, რაზეც მიპასუხა, რომ კი, მეხურა (ლოგიკურია, ზამთარში ადამიანს ქუდი რომ ეხუროს). მაგრამ ვკითხე, ჰქონდა თუ არა ქუდს რაიმე განსაკუთრებული მახასიათებელი. მიპასუხა, რომ არაფრით გამორჩეული ქუდი არ მეხურა.

ვუკარნახე, რომ ქუდი არ იყო სტანდარტული და ვთხოვე, ეგებ გაიხსენოთ, რით იქცევდა ყურადღებას-მეთქი. მისი დაბნეულობა შესამჩნევი გახდა: არ მახსოვს, რაიმე განსაკუთრებული ფერის რომ ყოფილიყო, მაგალითად, წითელი - მემახსოვრებოდაო. ახლაც მეცინება, ამას რომ ვწერ. დავიხარე ჩემი ჩანთისკენ და ამოვიღე ჩემი ქუდი, რომელსაც დიდი წითელი კანტი დაჰყვებოდა, დავიწყე სასამართლოზე ფრიალი, რაზეც დარბაზში სიცილი ატყდა. ყველაფერი ძალიან აშკარა გახდა.

უნიჭო სპექტაკლი, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლებმა დადგეს, შემაძრწუნებელი იყო ყველასთვის, მოსამართლის გარდა. ჩემთვის ბრალმდებელზე უარესი მოსამართლე აღმოჩნდა. მან უფრო მეტი შესცოდა, ვიდრე ტყუილის მღაღადებელმა მოწმეებმა. ყველანაირად ცდილობდა, არ დაეკმაყოფილებინა ჩვენი შუამდგომლობები, არ ყოფილიყო დაკითხული ჩვენი მხრიდან დაბარებული მოწმე. თუ სახელმწიფოს წარმომადგენლებს ბოლომდე აცდიდა აზრის გამოთქმას, მე და ჩემს წარმომადგენელს ხელს გვიშლიდა სათქმელი სრულად გვეთქვა. აღმაშფოთებელი იყო ამ დროს მისი ცივი გამომეტყველება. ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუ რას დაემსგავსა ჩემი პროფესია ამ ქვეყანაში. მოსამართლის შემხედვარე, ყველა ჩემი ლექცია ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე წამებში გაუფასურდა, აზრი დაკარგა.

ემოციური ბოლო სიტყვა მქონდა. მხოლოდ მოსამართლეს ვუყურებდი. დეტალურად ვუხსნიდი, როგორ იყო აცდენილი სახელმწიფოს მოწმეების ჩვენებები ერთმანეთს. არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ, გარდა ტყუილისა, რომელიც წინასწარაც კი არ ჰქონდათ შეთანხმებული. ტყუილიც კი ვერ გაასაღეს სიმართლედ. ატყუებდნენ სასამართლოს. ვეკითხებოდი, როგორ მოსწონდა ეს დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლების მიმართ. მოვუყევი ის ისტორიაც, რითაც დავიწყე ეს ტექსტი. მოსამართლეებს პოლიციელები თავიანთ მოკავშირედ მიიჩნევდნენ და გადაწყვეტილებებიც მათი მოსაწონი იქნებოდა.

ვუთხარი, რომ ჩვენი პროფესია კვდება და, რომ მას შეეძლო ამის გადარჩენა. შეექმნა პრეცედენტი და გამხდარიყო ბევრი იურისტისთვის მისაბაძი. დღეს სწორი რეაქცია, თუნდაც მცირედი სითამამე, ხომ გმირობის ტოლფასია-მეთქი.

დასრულდა პროცესი. მოსამართლე გავიდა სხდომათა დარბაზიდან, სადაც მხოლოდ ფაქტებისა და სინდისის წინაშე დარჩა. დიდხანს არ უფიქრია; მალევე დაბრუნდა დარბაზში და გამოაცხადა, რომ მოქალაქე არჩილ ჯანგირაშვილი სასამართლომ „სამართალდამრღვევად“ ცნო.

ვიცოდი, თუ როგორ ჭაობშია ჩაფლული სასამართლო ხელისუფლება. ყველაფერი კარგად ვიცოდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით აღვიქვამდი, როცა ამას საკუთარ თავზე განვიცდიდი. მართლმსაჯულებაა ის, რაც წყალივით სჭირდება საქართველოს. უსამართლობაა ჩვენი ქვეყნის პრობლემების თავი და თავი, და სანამ არ დავიხსნით სასამართლო ხელისუფლებას, ვერ გადავარჩენთ ქვეყანას.

ქრისტიანი თეოლოგი და ფილოსოფოსი ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „სამართლიანობის გარეშე რა არის სამეფოები (სახელმწიფო), თუ არა ყაჩაღთა დიდი ჯგუფი?“ დიახ, დღეს ჩვენს ქვეყანაში სამართალი არ არის, და, შესაბამისად, ლეგიტიმურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მართავს „ყაჩაღთა დიდი ჯგუფი“.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG