Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამა ილია კარტოზია - მღვდელი ცეცხლმოკიდებული გემიდან


მამა ილია (კარტოზია)
მამა ილია (კარტოზია)

ათი წლის წინ, 2014 წლის 28 დეკემბერს ბორანზე გაჩენილი ხანძრის გამო ადრიატიკის ზღვაში დაიღუპა მამა ილია (კარტოზია), 27 წლის არქიმანდრიტი.

თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორ დაუთმო მან სამაშველო ნავში ადგილი სხვას და თვითონ ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა.

მამა ილია იტალიაში, ბარიში მიდიოდა, წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად. 27-ტონიანი ბორანი Norman Atlantic, რომელზეც მის გარდა კიდეც ხუთასამდე მგზავრი იყო, საბერძნეთის ქალაქ პეტრადან გამოვიდა და ანკონისკენ მიემართებოდა, როდესაც გემზე ცეცხლი გაჩნდა.

ბორანს ორასზე მეტი მანქანა გადაჰქონდა, მათ შორის - 43 სატვირთო. მოგვიანებით გამოძიებამ დაადგინა, რომ ხანძარი სატვირთო მანქანებს გაუჩნდა.

პანიკაში ჩავარდნილი ხალხი თავის გადარჩენას ცდილობდა, ცეცხლმოკიდებული გემის მგზავრების საშველად სხვა გემები და ვერტმფრენი გააგზავნეს. თვითმხილველები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას იხსენებდნენ, ჰყვებოდნენ, რომ მამა ილიამ თავისი ადგილი სამაშველო ნავში ჯერ ბავშვიან ქალს დაუთმო, შემდეგ კი სხვებიც გაატარა.

ბორანზე იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. ქართულ პრესაში მომხდარიდან მალევე გავრცელდა ერთ-ერთი მათგანის, ირაკლის მონაყოლი: „როდესაც ხანძარი გაჩნდა, შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, ღმერთზე იფიქრე და დაგეხმარებაო. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი... სამაშველო ნავებზე გადავდიოდით, ამ დროს მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით ხელში და თავისი ადგილი მათ დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა“.

მასზე ჰყვებოდა იტალიური მედიაც, რომელიც ხანძარს აშუქებდა. საქართველოში მამა ილიას ამბავი თავიდან სწორედ იტალიური პრესის მეშვეობით გაიგეს.

მამა ილია (კარტოზია)
მამა ილია (კარტოზია)

იმ დღეს 31 ადამიანი დაიღუპა. მამა ილიას ცხედარი იტალიის ქალაქ ლეჩესთან 30 დეკემბერს იპოვეს. იპოვეს მისი ზურგჩანთაც, ხატებით სავსე.

საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს.

უკვე სიკვდილის შემდეგ საერთაშორისო საზღვაო საზოგადოებამ მამა ილია (კარტოზია) ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა. „თვითმხილველები ამბობენ, რომ ის მათ ამხნევებდა და უარი თქვა შესაძლებლობაზე თავი გადაერჩინა, ადგილი ბერძენ ქალსა და მის ბავშვს დაუთმო“, - წერია ჯილდოს საბუთებში.

ასევე სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც - სამოქალაქო თავდადებისთვის.

მომხდარიდან 9 წლის შემდეგ იტალიის სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა გემის კაპიტანს, მთავარ ინჟინერსა და ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს, რადგან მათ ვერ აღკვეთეს ხანძარი და ვერ მოახერხეს მგზავრები უსაფრთხოდ გაეყვანათ სამშვიდობოს.

ყველაზე პატარა სვეტიცხოველში

მამა ილია 1987 წლის 1 მაისს, ზუგდიდში დაიბადა. ბავშვობიდან სტიქაროსანი იყო. სკოლა რომ დაამთავრა, ახალციხეში, საფარის სემინარიაში წავიდა.

„ჩემს სიცოცხლეში არ მიტირია და ის რომ დაიღუპა, ვზლუქუნებდი. ამასაც ხომ უნარი უნდა, ლამაზად იცოცხლო და ლამაზად მოკვდე, - იხსენებს გიორგი, მამა ილიას მეგობარი, - ბერობა რომ გადაწყვიტა, დედისთვის თქმა უჭირდა და წამომყევი, უფრო თამამად ვიქნებიო... ისე კარგად აუხსნა და დაიყვანა ყველაფერი დედამისის გულამდე, რომ ქალბატონმა მიმოზამ, შენს გადაწყვეტილებას, შვილო, პატივს ვცემო... სვეტიცხოველში ბერად რომ აღიკვეცა, ვესწრებოდი. უბედნიერესი იყო, თვალები უბრწყინავდა“.

ბიკო მცხეთაში საფარადან ჩავიდა, მაშინ მხოლოდ 17 წლის იყო.

„სვეტიცხოველში ყველაზე პატარა ეგ იყო, უბრალო, უშუალო. საფარადან ცოტა ხნით გამოუშვეს აქ, მაგრამ აღარ გაბრუნებულა, პრაქტიკა არჩია თეორიას“, - იხსენებს მამა ანტონი (ფიჩხაია).

2006 წლის 21 მარტს 18 წლის მორჩილი კაბით შემოსეს, ერთი წლის მერე - სამონაზვნო სქემით. კიდევ ერთი წლის შემდეგ დიაკვნად აკურთხეს, მერე - მღვდელმონაზონად და იღუმენად, 2010 წელს - არქიმანდრიტად.

მამა ანგია (სხილაძე) მასზე ორი წლით იყო უფროსი. როდესაც ბიკო სვეტიცხოველში მივიდა, ერთ სენაკში ცხოვრობდნენ. ერთად გავიზარდეთო, იხსენებს.

მამა ილია და მამა ანგია
მამა ილია და მამა ანგია

„ამბობენ, რომ ეკლესიაში ადამიანი ან განსაცდელის გამო მოდის, ან გაჭირვების, ან ღვთის სიყვარულის. მას არც პრობლემა ჰქონდა არაფერი, არც უჭირდა, შეძლებული ოჯახიდან იყო. ღვთის სიყვარულმა მოიყვანა... ბავშვური, თავმდაბალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ასაკში მიაღწია არქიმანდრიტობას, საუკეთესო წლები შესწირა უფალს, - იხსენებს მამა ანგია, - სულ ცდილობდა სიკეთე ეკეთებინა... დილიდან-საღამომდე ციხეში იყო, პატიმრებს აზიარებდა. ბოლოს დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის წინამძღვარი გახდა. ხშირად ამბობდა, შეიძლება მალე გავიდე ამ ქვეყნიდან და იცოდეთ, ბიჭებო, ტაძრის წინ დამასაფლავეთო“.

მართლაც ასე მოხდა. არქიმანდრიტი ილია კარტოზია მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG