ოდესის ფერიცვალების ტაძარი ქალაქში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა. 1794 წელს, ქალაქის დაარსებისთანავე აშენდა. საბჭოთა ეპოქაში, 1936 წელს, ტაძარი ბოლშევიკებმა ააფეთქეს. ხელმეორედ ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1999 წელს, ძირითადად შემოწირულებებით.
ტაძრის აღდგენამდე პირველ წირვებს სამრეკლოში ატარებდნენ.
2005 წელს აკურთხეს ქვედა სართულზე მდებარე ეკლესია, სადაც წმინდა ინოკენტის ნაწილები ინახება. რამდენიმე წლის შემდეგ აკურთხეს მთავარი ტაძარიც.
ტაძარი გამშვენდა 12 კიოტით, რომლებშიც ხატები იყო მოთავსებული, მათ შორის ზოგი ათონის მთიდან ჩამოტანილი.
ტაძარში მდებარეობს ნოვოროსიისკის, ბესარაბიის გენერალ-გუბერნატორისა და კავკასიის მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის საფლავი.
ომის მიუხედავად, ტაძარში წირვა-ლოცვა ყოველდღიურად ტარდებოდა. ბოლო დროს დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენებელ პანაშვიდებსაც აღასრულებდნენ.
ტაძარში ასევე მდებარეობდა საკვირაო სკოლა ბავშვებისთვის, ფაკულტატიურები და თოჯინების თეატრიც კი. ომის პერიოდში უკრაინაში ბევრი სასწავლებელი დაიხურა, მაგრამ საკვირაო სკოლა სარდაფში იყო და ამის გამო უსაფრთხო ადგილად მიიჩნეოდა.
ტაძრის ფეისბუკ-გვერდზე წერენ, რომ დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა იმ დროს შენობაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ტაძარში ჩამონგრეულია ჭერის ნახევარი და საკურთხეველი. ფანჯრები ყველგან ჩაიმსხვრა.
დაბომბვისასა ხანძარიც გაჩნდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ადგილობრივები ცეცხლი ვარცლებით მოტანილი წყლით ჩააქრონ. ოდესის ეპარქიის სასულიერო პირი ანდრეი პალჩუკი ამბობს, რომ ჭურვმა მინუს სართულამდე ჩააღწია და ტაძრის საძირკველიც დააზიანა.
ტაძრის ეზოში შეკრებილებიდან ერთმა პირდაპირი ეთერი ჩართო. კადრში ჩანს, როგორ აგროვებს მრევლი შენობის ნანგრევებს: „ხალხი ტირის და თან ტელეფონზე ახლობლებს უყვება, რაც მოხდა. ყველა ისე გვეხმარება, როგორც შეუძლია. ქალაქი გვეხმარება. ახლა მალე მივალაგებთ აქაურობას და მოვიფიქრებთ, ეს ყველაფერი როგორ აღვადგინოთ“.
ტაძარი მოსკოვის პატრიარქატის დაქვემდებარებაში იყო. 2010 წელს ის თავად რუსეთის პატრიარქმა კირილმა აკურთხა. „თავად აკურთხეს, თავად დაანგრიეს“, - წერს ხალხი კომენტარებში.
„ღმერთი იმათ შეიწყალებს, ვინც იბრძვის. აი, დაიწყეთ ბრძოლა ნაცისტებთან და ფაშისტებთან რუსეთის ფედერაციიდან და ღმერთიც თქვენთან იქნება“, - წერს კიდევ სხვა.
„მართლა რომ დარდობდნენ, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაზე უარს იტყოდნენ“.
„რუსულ სამყაროს მადლობას არ ეუბნებით? თქვენს უწმინდეს ეპარქიის მფარველობისთვის? უხერხულია. რა უნდა მანდ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩემოდანი, ვაგზალი და დანარჩენი კი იცით“...
დაბომბვის შედეგად ასევე დაინგრა სახლები ოდესის ისტორიულ უბანში. ეს შენობები იუნესკოს მფარველობის ქვეშ იყო.
„ჭურვები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი სახლების, ტაძრის... რუსეთის ბოროტებას გამართლება არ აქვს. როგორც ყოველთვის ეს ბოროტება წააგებს. ოდესისთვის რუსი ტერორისტები პასუხს აუცილებლად მიიღებენ. ისინი იგრძნობენ ამ პასუხს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თავად ტაძრის გარდა, დაზიანებულია ის ხატებიც, რომლებიც ეკლესიაში ინახებოდა.
„რუსების თავდასხმის შემდეგ ტაძარს ჭერი აღარ აქვს, მარჯვენა ფრთა დანგრეულია, სადაც კასპეროვის ღვთისმშობლის ხატი იყო. ხატი ვიპოვეთ“, - ნათქვამია ტაძრის ფეისბუკ-გვერდზე.
თუმცა გაუგებარია, საუბარია კასპეროვის ხატის ორიგინალზე თუ მის რეპროდუქციაზე.
მე-16 საუკუნის კასპეროვის ღვთისმშობლის ხატი უკრაინული ქალაქების ხერსონისა და ოდესის ერთ-ერთი მთავარი სიწმინდეა. დაწერილია ზეთის საღებავებით ტილოზე. ხატზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. გადმოცემის თანახმად, ხატი სერბებმა ჩამოიტანეს. მე-19 საუკუნეში ის მემამულე კასპეროვის მფლობელობაში აღმოჩნდა, მან თავის მხრივ, სიწმინდე ეკლესიაში მიიტანა.
მორწმუნეთათვის კასპეროვის ღვთისმშობლის ხატი სასწაულმოქმედია, ის ითვლება ოდესის მფარველადაც. ტრადიციის მიხედვით, წლის განმავლობაში ხატი ხან ხერსონში, ხან კი ოდესაში ინახებოდა, სადაც მას ლიტანიობით მიაბრძანებდნენ.