Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თოკი - სოფელი, სადაც ბავშვები მხოლოდ ერთ ოჯახში ჰყავთ


სოფელი თოკის სკოლა
სოფელი თოკის სკოლა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკის სკოლაში მხოლოდ ორი მოსწავლეა - მესამეკლასელი გიორგი და მეხუთეკლასელი დურმიშხან დავლაშერიძეები. მათი დედა ლამარა ფანჯაკიძე ამავე სკოლის პედაგოგია და შვილებს ინგლისურის გარდა, ყველა საგანს ასწავლის. კვირაში ორჯერ კი ასპინძიდან თოკში ინგლისურის მასწავლებელი დადის.

ლამარა ფანჯაკიძეს გაკვეთილებზე მესამე შვილი, 4 წლის სოფოც თან დაჰყავს. სამი შვილის დედა წუხს, რომ ბავშვებს მეგობრები არ ჰყავთ და ვერც გუნდურ სამუშაოს ასრულებენ: „მით უმეტეს, სკოლაში ახლა ყველაფერი გუნდურად სამუშაოა. რთულია ისიც, რომ სკოლაში მოდიხარ და სახლშიც შენ ხარ. ურთულესია, ერთდროულად დედაც იყო და მასწავლებელიც.“

სოფელი თოკი
სოფელი თოკი

სოფელი თოკი ასპინძიდან 28 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1710 მეტრზე მდებარეობს და იქ მხოლოდ 13 კომლი ცხოვრობს. ახალციხე-ახალქალაქის ცენტრალური გზიდან სოფლამდე ფეხით ოთხი კილომეტრის გავლაა საჭირო. თოკიდან სამ კილომეტრშია სოფელი ვარგავი. თოკის ექვსწლიანი სკოლა ვარგავსაც უნდა მომსახურებოდა, თუმცა ამ სოფელში დარჩენილ 10 ოჯახში სასკოლო ასაკის ბავშვები არ ჰყავთ.

ლამარა ფანჯაკიძე სოფელში 2016 წელს დაბრუნდა, მაშინ, როცა თოკში სკოლის გახსნა გადაწყდა. ,,მეგონა სხვებიც მომბაძავდნენ, ამოვიდოდნენ, ან სხვები მოიყვანდნენ შვილებს. მაგრამ წასული ვინ დაბრუნდება უკან სოფელში?! როცა დურმიშხანი დაამთავრებს ექვს კლასს, სოფო ხუთის გახდება. ასე, რომ სასკოლო არ არის. ამიტომ, წავალთ ჩვენც ექვსი კლასის მერე. თუ მასწავლებლები ყველა სათითაოდ ამოვა და ჩაუტარებს გაკვეთილს, რა თქმა უნდა არ წავალთ, მაგრამ არა მგონია, თითო-თითოდ იაროს ყველა მასწავლებელმა. ამიტომ, მოგვიწევს ჩვენც თოკის დატოვება და დაიკეტება ისევ სკოლა“ - ამბობს ლამარა ფანჯაკიძე.

სოფელ თოკის სკოლა
სოფელ თოკის სკოლა

რატომ დაიცალა სოფელი თოკი? იქ მცხოვრებნი წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემებზე ლაპარაკობენ. ,,მარტო ერთი ადგილია, საიდანაც მთელი სოფელი ვეზიდებით წყალს. ხელისუფლებას გზის გაკეთებას, სკოლის გაძლიერებას, ერთი პატარა მაღაზიის და სამედიცინო პუნქტის გაკეთებას ვთხოვ. უცებ რამე რომ აგვტკივდეს, წავიდეთ და წამალი გამოვართვათ. ყველაზე მეტად ზამთარში გვიჭირს. დიდი თოვლი მოდის, ბუქი აყრის და კვირაობით გზა იკეტება“ - ამბობს თოკელი რევაზ მელიქაძე.

მისი თანასოფლელის, იური ლეკიშვილის თქმით: ,,მარტო არჩევნების დროს მოგვაკითხავენ და ეგ არის. მერე კაციშვილი აღარ არის პატრონი. ტრანსპორტი მაინც რომ იყოს, წავიდ–წამოვიდეთ. ეგ გვინდა ყველაზე მეტად.“

სოფელი თოკი
სოფელი თოკი

თამარ დავლაშერიძე იხსენებს, რომ ადრე სოფელში დაახლოებით ასი კომლი ცხოვრობდა და იქაური ბავშვები პირველი რვა წლის განმავლობაში ადგილობრივ სკოლაში სწავლობდნენ. ,,ავტობუსი აქ არ არის, გზა არ გვაქვს. შეუწყონ ხალხს ხელი, ახალგაზრდობა არ გაუშვან და სოფელი სოფლად იქნება. მაგრამ, რომ არავინ არ არის, რას ვიზამთ?!“ - ამბობს თამარ დავლაშერიძე.

სოფელ თოკს არ აქვს სარწყავი და სასმელი წყალი, მაღაზია, სამედიცინო პუნქტი, შიდა გზები და განათება. იქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ თუკი ელემენტარული პირობები მაინც შეიქმნება, თოკი ნასოფლარად გადაქცევას გადაურჩება.

სოფელი თოკი
სოფელი თოკი

„შიდა გზები უნდა გაკეთდეს. გაზი არ გვაქვს. ვარგავშიც იგივე პრობლემებია. გზა რომ მოწესრიგდეს, სოფელში დარჩენილებს მაინც შევინარჩუნებთ. შეშაც პრობლემაა, ფაქტიურად, არ გვაქვს. ვფიქრობთ, რომ გაზზე გადავიყვანოთ ორივე სოფელი. გვპირდებიან, რომ 2019–2020 წლებში შეიძლება გაკეთდეს“ - აცხადებს ასპინძის საკრებულოში თოკისა და ვარგავის დეპუტატი ზვიად ზარიძე. მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ინფრასტრუქტურას შედარებით მაინც მოაწესრიგებს, სოფელი შეძლებს, რომ თავი მესაქონლეობით და კარტოფილის მოყვანით ირჩინოს.

XS
SM
MD
LG