Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტს მიბმული ადამიანები - მეტი გარანტირებული ხმა არჩევნებზე?


საჯარო სექტორში 320 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული - ფოტოილუსტრაცია
საჯარო სექტორში 320 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული - ფოტოილუსტრაცია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი. ბოლო სამ წელიწადში, მათი რაოდენობა 20 ათასითაა გაზრდილი.

2023 წლის მონაცემებით, საჯარო სექტორში 320 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. უკანასკნელ ერთ წელიწადში რეკორდულია სახელმწიდო ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბიუროკრატიული აპარატის ზრდის ტენდენცია აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით ცდილობს უფრო მეტი ადამიანი „მიაბას“ სახელმწიფო დაფინანსებას და, შესაბამისად, ამით გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოახდინოს მათზე. განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში.

რამდენიმე რიცხვი ილუსტრაციისთვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მონაცემებით, საჯარო სექტორში, შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ხარჯები ყოველწლიურად 20%-ით იზრდება.

  • 2021 წელს მათ ხელფასებში თითქმის 360 მილიონი ლარი დაიხარჯა;
  • 2023 წელს 500 მილიონს გადააჭარბა შტატგარეშე თანამშრომელთათვის გადახდილი ანაზღაურების ხარჯმა;
  • 2024 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით - ამ ხარჯმა უკვე შეადგინა 260 მილიონ ლარზე მეტი და არის მოლოდინი, რომ წლის ბოლოსთვის ის ან გაუთანაბრდება, ან გადაუსწრებს გასული წლის მონაცემებს.
  • IDFI-ის ინფორმაციითვე, 2023 წელს, სახელმწიფო ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობამ ბოლო ათი წლის რეკორდი მოხსნა - იქ დასაქმებულთა რაოდენობამ 176 ათასს მიაღწია.


სწორედ სახელმწიფო ა(ა)იპ-ებში დაასაქმა ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც.

„სოციალურად დაუცველთა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ 2022 წელს შეიქმნა. მისი მიზანია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების გამონახვა. დასაქმებულთა თვიური ხელფასი 300 ლარია, დასაქმებიდან ოთხი წლის განმავლობაში კი სოციალურ შემწეობასაც ინარჩუნებენ.

„ხშირად აჩენს კითხვებს, ეს სამუშაო ადგილი იყო თუ არა საჭირო კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის. ფაქტია, რომ ასეთ მოწყვლად ჯგუფებზე უფრო მეტია პოლიტიკური გავლენის შესაძლებლობა და, შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდში მსგავს პოზიციებზე დასაქმებულ ადამიანებზე გარკვეული პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენის მცდელობა მაღალ საფეხურზე იქნება ასული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გოგა თუშურაშვილი, IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც წლებია აკვირდება საჯარო სექტორში, მათ შორის ა(ა)იპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას, ბიუროკრატიული აპარატის ტენდენციებსა და შემდეგ უკვე ამ ტენდენციების ზეგავლენას ადამიანებსა და წინასაარჩევნო პროცესზე.

გოგა თუშურაშვილი პრობლემას ხედავს იმაშიც, რომ საჯარო სექტორში, შტატგარეშე, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შემთხვევაში, სრულიად ბუნდოვანია, რა ფუნქცია-მოვალეობებისთვის ქირაობს მათ დამსაქმებელი, ანუ სახელმწიფო:

გოგა თუშურაშვილი
გოგა თუშურაშვილი

„როდესაც ვიკვლევთ, რა პოზიციებზე ხდება თანამშრომლების აყვანა, ამ პოზიციების ჩამონათვალი ხშირად აბსოლუტურად გაუგებარია. მაგალითად, ვხედავთ, რომ კონკრეტულ პირს ხელშეკრულება უფორმდება როგორც კონსულტანტს, მრჩეველს, ექსპერტს. თუმცა, კონკრეტულად რა ფუნქცია ეკისრება მას, ძალიან ბუნდოვანია და ბევრ კითხვასაც აჩენს. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სექტორის ძალიან დიდი წილი დასაქმებულია იმ ადამიანებით, რომლებზეც პოლიტიკური გავლენის მოხდენა უფრო ადვილია“.

„უცნაური“ ვაკანსიები - წიგნების დამტარებლები და სხვა...

„აი ფაქტის“ ჟურნალისტებმა შორენა ლაღაძემ და თამუნა ქიმაძემ გაზაფხულის მიწურულს გამოაქვეყნეს ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც დიდხანს იმუშავეს და, როგორც ამბობენ, გამოარკვიეს, როგორ ზრდის ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს ხელოვნურად - სამთავრობო ა(ა)იპ-ებში შტატების „გაბერვით“ და როგორ გაჩნდა „გამოგონილი სამსახურები“ სოციალურად დაუცველთა დასაქმებისთვის, რის შემდეგაც ქვეყანამ მიიღო „ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი მეტი საჯარო მოსამსახურე, ანუ მმართველი პარტიისთვის მეტი გარანტირებული ხმა არჩევნებზე“.

შორენა ლაღაძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გამოძიებაზე მუშაობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც წაიკითხეს სახელმწიფო აუდიტის 2023 წლის დასკვნა, რომელიც ზესტაფონის ა(ა)იპ-ების არაეფექტურობაზე მიუთითებდა და სადაც ეწერა, რომ ზესტაფონში რამდენიმე ერთი და იმავე ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ი იყო დარეგისტრირებული. თანაც, წლებთან ერთად, ამ ორგანიზაციების დაფინანსებაც იზრდებოდა და იქ დასაქმებულთა რაოდენობაც:

„ძალიან ხშირად გვესმის, რომ არჩევნები ჯერ კიდევ იქამდეა ნაყიდი, სანამ ის ჩატარდება, მაგრამ ასე ღია და ხელშესახები მტკიცებულებები პირადად მე არასდროს მენახა. მხოლოდ ასე, გადმოცემით ვიცოდი“, - ამბობს შორენა ლაღაძე და იხსენებს სტატიაზე მუშაობის დეტალებს, მათ შორის, რესპონდენტებთან დიალოგებს, „წიგნების დამრიგებლებთან“ შეხვედრებს:

„საკმაოდ რთული იყო ამ თემაზე მუშაობა, დიდი დრო და ბევრი ძალისხმევა დაგვჭირდა. სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთი მორიგი გასვლისას, აღმოვაჩინეთ, რომ ბიბლიოთეკის (ა)იპ-ებში არსებობდა "წიგნების დამტარებლის" პოზიცია.

როდესაც ამ ადამიანებს პირადად ველაპარაკებოდით, თვითონაც რა იცოდნენ, რა ევალებოდათ. ვთხოვეთ, რომ გვინდოდა მათი საქმიანობის აღწერა, გადაღება, მაგრამ დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ. ბოლოს ერთ-ერთი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ასეთი რამ მოიფიქრა, რომ საკუთარ ოჯახში წააღებინა წიგნები "დამტარებელს", რომ ჩვენ კადრები გადაგვეღო“, - იხსენებს ჟურნალისტი, რომელთან საუბრისასაც, რესპონდენტებს ანუ „წიგნების დამტარებლებს“ არ დაუმალავთ, რომ ისინი მმართველი გუნდის მხარდამჭერები იყვნენ:

„რამდენიმე ადამიანმა პირდაპირ გვითხრა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ვეხმარებით, აქ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს არ ასაქმებენო“.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაისის მიწურულს, ქუთაისის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ქუთაისის მერიის საშტატო ნუსხაში ცვლილებები შეეტანა და იქ 24 ახალი კადრი დაემატებინა.

ნანუკა ყრუაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, რომელმაც ქუთაისის მერიაში დამატებული კადრების შესახებ მონაცემები შეისწავლა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საშტატო ნუსხის ამ თანამშრომლებით გაზრდა „აშკარად არ უკავშირდებოდა რაიმე გადაუდებელ და აუცილებელ საჭიროებას“.

მისივე თქმით, მათ გარდა, ქუთაისის მერიის ქოლცენტრში, შრომითი ხელშეკრულებით დაასაქმეს ხუთი ოპერატორიც:

ნანუკა ყრუაშვილი
ნანუკა ყრუაშვილი

„ფაქტია, რომ არსებობს ძალიან მკაფიო ტენდენცია, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდში საჯარო სექტორში, სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში, იქმნება ახალი კადრები, აჰყავთ თანამშრომლები, რომლებსაც რეალურად არანაირი განსაკუთრებული ფუნქცია არ ეკისრებათ.

ჩვენი შეფასებით, არჩევნების პერიოდთან ასე ახლოს, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, აჩენს ალბათობას და ეჭვს, რომ დასაქმებულმა პირმა, მისმა ოჯახმა და ახლობლებმა, ეს მადლიერება საარჩევნო ყუთთან უნდა გამოხატონ“.

ნანუკა ყრუაშვილი ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი არა მხოლოდ „დაუსაბუთებელი დასაქმების“ ტენდენციით გამოირჩევა, არამედ, ამ პერიოდს, ხელისუფლება ხშირად იყენებს მასშტაბური სოციალური პროგრამების დაანონსებისა თუ ამოქმედებისთვისაც.

მაგალითად კი მოჰყავს წინასაარჩევნოდ მასწავლებელთათვის ხელფასების ზრდის გადაწყვეტილება:

„რა თქმა უნდა, მასწავლებლების ხელფასი უნდა გაიზარდოს და მათი შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, მაგრამ საარჩევნო პერიოდის წინ, არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე სახელფასო გასაცემლების ზრდა და საშტატო ნუსხის ზრდა, რა თქმა უნდა, იწვევს ამომრჩევლის ნებით მანიპულირების ძალიან კარგ შესაძლებლობას. და ჩნდება მოლოდინი, რომ ეს ადამიანები მადლიერებას აუცილებლად გამოხატავენ არჩევნების ყუთთან“.

მასწავლებელთა ხელფასი საქართველოში 2024 წლის პირველი ივლისიდან გაიზარდა. პედაგოგის სახელფასო სარგო განისაზღვრა განათლებისა და კვალიფიკაციის დონით და სამუშაო სტაჟის მიხედვით.

სტაჟირება წინასაარჩევნოდ?

ხელისუფლების მიერ დაანონსებული კიდევ ერთი პროექტი, რომლის მაგალითიც რესპონდენტებს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მოჰყავთ, ეს არის ანაზღაურებადი სტაჟირების პროექტი, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დაპირების თანახმად, 2024 წლის პირველი სექტემბრიდან, 3000-მდე კურსდამთავრებული, სხვადასხვა საჯარო სტრუქტურაში გაივლის:

„ერთი შეხედვით, მშვენიერი ინიციატივაა, მაგრამ ეს ხდება ზუსტად წინასაარჩევნოდ. რატომ ვერ განხორციელდებოდა ეს პროექტი, მაგალითად, შარშან, ან იმის წინ? ასეთი ინიციატივა არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე, წითელი დროშა და იმის მანიშნებელია, ხელისუფლება ამ გზითაც შეეცდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი ფაქტების მატება, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვს, რომ ამგვარი ინიციატივები სახელმწიფო პოლიტიკა და ნება კი არა, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მკაფიო მაგალითია“, - ამბობს ნანუკა ყრუაშვილი.

გოგა თუშურაშვილი კი ხელისუფლების მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებული ანაზღაურებადი სტაჟირების მიღმა კიდევ ერთ განზრახვას ხედავს:

„სახელმწიფო ცდილობს, რომ გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს იმ ჯგუფებზე, რომლებიც მათ პოლიტიკურ შეხედულებებს არ ეთანხმებიან. ამ შემთხვევაში, ესენი არიან ახალგაზრდები - ათასობით ადამიანი, რომლებიც ამ გაზაფხულზე, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციებზე გამოდიოდნენ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ თუკი კვლავ იქნება მანიფესტაციები, ისინი მოახერხებენ ახალგაზრდების ნაწილის კონტროლის ქვეშ მოქცევას, მათ ექნებათ მეტი ადმინისტრაციული რესურსი, რომ ეს ახალგაზრდები გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის“.

საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების პრაქტიკა საქართველოში - რამდენიმე მაგალითი

არაერთი წელია, მათ შორის 2012 წლამდეც, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მმართველი პარტიის ხელში კონცენტრირებული ადმინისტრაციული რესურსი და საარჩევნო მიზნით, მისი ბოროტად გამოყენება.

მათ შორის, ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ თანაბარ საარჩევნო გარემოზე არსებით გავლენას ახდენს მასშტაბური სოციალური, ინფრასტრუქტურული თუ ჯანდაცვის პროექტების დაანონსება და განხორციელება აქტიურ წინასაარჩევნო პერიოდში.

ადმინისტრაციული რესურსი განიმარტება, როგორც „ადამიანური, ფინანსური, მატერიალური, ბუნებრივი და სხვა არამატერიალური რესურსები, რომლებითაც სარგებლობენ როგორც მოქმედი სახელმწიფო თანამდებობის პირები, ისე საჯარო მოსამსახურეები არჩევნების პროცესში“.

საქართველოში, საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაგალითები მრავლად არსებობს. მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება. როგორც წესი, მმართველი პარტია აქტიურად ცდილობს საჯარო სკოლებში დასაქმებული პირები აქტიურად ჩართოს წინასაარჩევნო პერიოდში.

გარდა ამისა, არაერთი ანგარიშის მიხედვით (მათ შორის, „სახელმწიფო რესურსები მმართველი პარტიის სამსახურში“ ავტ.: „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, „სამართლიანი არჩევნები“), წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენების სახეებად საქართველოში ვხვდებით, მაგალითად, მსჯავრდადებულებისათვის (პრობაციონერებისთვის) პირობითი მსჯავრის მოხსნის, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების, სატრანსპორტო საშუალების შეჩერებული ან ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენის, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა ან ბრალდების შემსუბუქებისა და სხვა მსგავს შემთხვევებს.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, უპრეცედენტო მასშტაბის ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნების შემცველი შემთხვევა მოხდა, როდესაც სახელმწიფოს აქტიური დახმარებითა და ჩართულობით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან დაკავშირებულმა კერძო საფინანსო უწყებამ, „ქართუ“ ფონდმა, საქართველოს 600 000-მდე მოქალაქეს, 1,5 მილიარდი ლარის ოდენობის ვალი დაუფარა. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ კატეგორიაში შედიოდა თითქმის 150 000 სოციალურად დაუცველი ადამიანი და ათეულობით ათასი შშმ პირი.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG