Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქციები საქართველოს მთავრობას - ამერიკის კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი


კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულია კანონპროექტი საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ცალკეული წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ტექსტის თანახმად, სანქციები უნდა დაწესდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ ამერიკელებს შეეზღუდებათ საქმიანობა საქართველოში, უგულებელყოფილი იქნება მათ წინაშე აღებული ვალდებულებები და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები.

რესპუბლიკელი კონგრესმენის, მარკვეინ მალინი მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს არაერთი სახის სანქციას როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე მთავრობის ყოფილი ან მოქმედი წარმომადგენლებისთვის, რომლებიც მხილებული იქნებიან ამერიკელი ბიზნესმენების შევიწროებაში.

სანქციები საქართველოს მთავრობისთვის:

  • აშშ-ის მთავრობის არცერთი სტრუქტურა საქართველოს მთავრობისთვის არ გამოყოფს სესხს. არ იქნება საკრედიტო გარანტიები, დაზღვევა, ფინანსური დახმარება. გამონაკლისია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი, სასოფლო-სამეურნეო ანდა სამედიცინო პროდუქცია;
  • აშშ-ის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოსთვის არ იქნება ხელმისაწვდომი სახსრები სააგენტოს საქმიანობისთვის საქართველოში ან საქართველოსთვის.

სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის:

  • ქონების დაყადაღება - საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე ანდა ქონებაზე, რომელსაც მართავს ან აკონტროლებს ამერიკის მოქალაქე;
  • ვიზების არგაცემა ანდა არსებული ვიზების ანულირება - საუბარია აშშ-ში შესვლისთვის საჭირო ვიზებზე (ანდა სხვა დოკუმენტებზე);
  • საჯარიმო სანქციები.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს კანონპროექტი კანონის ძალას ვერ შეიძენს, მაგრამ, მათი თქმით, ამ შინაარსის დოკუმენტის ამერიკის კონგრესში ინიცირება ძალიან სახიფათო და საფრთხილო სიგნალია საქართველოსთვის.

ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ კანონპროექტის ინიცირება TBC ბანკთან და ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ დაძაბულობას უკავშირდება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, „საქართველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალია“ და ის, ვინც საქართველოს მტრობს, ამერიკაშიც არასწორ ინფორმაციებს აგზავნის.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG