14 აპრილს, ფოკაში სტუმრობით, საქართველოს პრეზიდენტმა დაასრულა ორდღიანი სტუმრობა სამცხე-ჯავახეთში. სამხრეთ საქართველოში ყოფნის დროს, სალომე ზურაბიშვილმა ძირითადი აქცენტები გააკეთა სახელმწიფო ენის სრულყოფილ შესწავლაზე, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებასა და მცირე მეწარმეთა გაძლიერებით რეგიონების განვითარებაზე. დიდი დრო დაეთმო სამცხე-ჯავახეთის ადილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან და სასულიერო პირებთან შეხვედრებს.
საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. 14 აპრილს, ახალქალაქის კულტურის ცენტრში სალომე ზურაბიშვილმა მესამე საჯარო სკოლის, სამხატვრო სკოლისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის მოსწავლეები ლეპტოპებითა და პლანშეტებით დააჯილდოვა. ამის შემდეგ მან სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებსა და ეთნიკურ სომხებს სახელმწიფო ენის სრულყოფილად შესწავლისკენ მოუწოდა:
„მინდა, რომ ყველას მადლობა გითხრათ, ვინც აქ მოხვედით. ვიცი ყველას არ გესმით ქართული, ზოგს შეიძლება ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მაინც მოხვედით. მინდა, ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი. მე მაქვს პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე. რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? იმიტომ რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისა, თუ გვინდა რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, პატივი ვცეთ, ეს ყველაფერი გადის საუბარზე, ურთიერთგაგებაზე“.
სალომე ზურაბიშვილმა ჯავახეთში შეკრებილ მოსახლეობასთან ყურადღება სკოლებში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის“ დაბრუნებაზე გაამახვილა და 1978 წლის 14 აპრილი გაიხსენა - დღე, როდესაც ქვეყანამ სახელმწიფო ენა და შესაბამისად, დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.
საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ არ იცი სახელმწიფო ენა, ძნელია იყო სრულყოფილი მოქალაქე. ნინოწმინდის მერის, ანი მოსესიანის თქმით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს, რისთვისაც პრეზიდენტს საკითხში დახმარება სთხოვა. სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ მასაც აქვს დახმარების სურვილი, თუმცა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ქართული ენის შესწავლაა საჭირო:
„მაქვს დიდი სურვილი, რომ თქვენი შვილებით, გახდეთ სრულყოფილი საქართველოს მოქალაქეები. ამიტომ არის, რომ მე ძალინ ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალქეობა იყოს ყველასთვის შესაძლებელი. დღეს ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს და აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი, რაც ნიშნავს იმას რომ თუ გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის, ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, მაინც რომ ჩააბაროთ ის პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს არის სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს - ძალინ ბევრს ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ სრული მოქალაქეები“.
პრეზიდენტმა ახალქალაქის კულტურის ცენტრში სიტყვით გამოსვლა ქართულენოვანი ბაგა-ბაღის გახნის აუცილებლობაზე საუბრით დაასრულა: „მინდა გითხრათ, რომ მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისთვის, რომ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იყოს სახელმწიფო ენა. სულ პატარა ბავშვებისთვის ბაღიდან იწყება ენის შესწავლაც და კარიერაც. დღეს ახალქალაქიდან უნდა ვთქვა ხმამაღლა, რომ აუცილებელია ის, რომ ძალიან მოკლე მომავალში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა–ბაღი“.
ჯავახეთში ვიზიტისას პრეზიდენტი სომხურ სამოციქულო ეკლესიასაც ესტუმრა, სადაც სასულიერო პირები ბზობის დღესასწაულს ზეიმობდნენ. სალომე ზურაბიშვილი ასევე იმყოფებოდა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადაც მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტერს ეწვია და ყოფილი პრემიერების – ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, ტაძარში სარკმლების საწყის ადგილზე დაბრუნების პირობა დადო.
პრეზიდენტის ვიზიტის კიდევ ერთი ძირითადი ხაზი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და რეგიონის ეკონომიკური მიმართულების განხილვა იყო. სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გამართა, რომელიც დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ კი, ის იმ ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, როლებმაც „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე ბიზნესი წამოიწყეს.
„თქვენ წარმოადგენთ იმ ფენას და იმ სფეროს, რომელიც არის აუცილებელი, როცა ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონების განვითარებაზე. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ტოვებენ ადამიანები თავის ქვეყანას, არის ის, რომ თავიანთ რეგიონში ვერ პოულობენ განვითარების პერსპექტივას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, თუ როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. თქვენ ხართ ამ გამოწვევის გამოსწორების ერთ-ერთი საშუალება“, – ამ სიტყვებით მიმართა ზურაბიშვილმა მცირე მეწარმეებს.
სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ზირაქიშვილის თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2015 წლიან დღემდე, ქვეყნის მასშტაბით 3 000 მეწარმეზე გაიცა გრანტი, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით 800 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ჯამში 6 მლნ. ლარამდე დაიხარჯა.
სამცხე-ჯავახეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ახალციხის ბაზარსაც ეწვია. საქართველოს პრეზიდენტმა ბაზარი დაათვალიერა, თუთუნი, ლობიო და რძის ნაწარმი შეიძინა, ადგილობრივებმა კი საჩუქრად მესხური ნობათი - ბაქმაზი გადასცეს.