Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრენები, ვიზები, ბიზნესმენები - რუსეთი საქართველოსკენ მოიწევს - თბილისი უარზე არ არის


აქცია პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.
აქცია პარლამენტთან ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2023 წელი.

რუსეთში გამართულ ეკონომიკურ ფორუმებზე იმ სასურველ მომავალზე საუბრობენ, როცა საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფლად იფრენენ თვითმფრინავები, მეტი რუსი ბიზნესმენი მოადგება საქართველოს, ქართველებს კი რუსეთში ვიზას აღარ მოსთხოვენ.

თბილისში ამ ყველაფერს მიესალმებოდნენ და მიესალმებიან მას შემდეგაც, რაც რუსეთის პრეზიდენტის დასაკავებლად ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებს, რომ ავიამიმოსვლის აღდგენასა და ვიზების გაუქმებას მისი ჩართულობა არ სჭირდება და თავისი დაწესებული რუსეთმა თავადვე უნდა მოხსნას.

რომ მეშინოდეს, არ ვიქნებოდი აქ

„რია ნოვოსტის“ ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ბიზნესმენი - ვანო ბაქრაძე, რომელიც მოსკოვში, სავარაუდოდ, რუსეთის დუმის მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე ჩავიდა და რუსეთთან ნავთობით ვაჭრობის გაფართოებულ პერსპექტივებზეც ილაპარაკა.

„ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ აზერბაიჯანთან, რუსეთთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან... ევროპიდან შემოტანა მცირეა... ვფიქრობ, ჯობია, რომ დავიწყოთ ურთიერთობების განვითარება... რუსეთთანაც“, - მოჰყავს ბაქრაძის ციტატა რუსულ სახელმწიფო სააგენტოს და აქვეა მისი პასუხი კიდევ ერთ შეკითხვაზე - „ხომ არ ეშინია ბიზნესის წარმოება სანქციების წნეხის პირობებში?“:

„იცით, ბოდიშს გიხდით... რომ მეშინოდეს, არ ვიქნებოდი აქ. მე პოლიტიკოსი არ ვარ, ბიზნესმენი ვარ, ვეძებ კარგ პროდუქტს ჩემი ქვეყნისთვის“.

„რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ ბიზნესმენმა ვანო ბაქრაძემ აღარ უპასუხა მესამე შეკითხვას - რა შეხვედრები აქვს დაგეგმილი მოსკოვში? „მოდით, მერე განვიხილოთ“, - ასეთია საუბრის დასასრული, რის შემდეგაც სააგენტო სწორედ რუსეთის დუმის მასპინძლობით გამართულ ფორუმს ახსენებს.

გამოქვეყნებულ სტატიაში არ არის მითითებული ქართველი ბიზნესმენის კომპანიის დასახელება, თუმცა ივანე ბაქრაძის სახელითა და გვარით იძებნება ნავთობის სფეროში წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც, ამავე დროს, კინოინდუსტრიაში აქტიურობს და 2017 წელს დააფუძნა „დევიდ ლინჩის ფონდი კავკასიაში“. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბაზაში მითითებულია, რომ ივანე ბაქრაძემ 2016-2019 წლებში, „ქართულ ოცნებასა“ და მის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, ამჟამად პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ჯამში, 230 ათასი ლარი შესწირა.

რუსული ფორუმები

„რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“ - მოსკოვური ფორუმი, რომლის შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გავრცელდა, რუსეთის დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ორგანიზებით შედგა და შეკრებილებმა ფართოდ გაშალეს საქართველოსთან რუსეთისთვის სასურველი და სასარგებლო საკითხები.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, დმიტრი ვოლვაჩმა თქვა, რომ რუსი მეწარმეები „მზარდი ინტერესით უყურებენ საქართველოსთან თანამშრომლობას“ და ამ მიზნით, თებერვლის დასაწყისში რუსეთ-საქართველოს ბიზნესმენთა სპეციალური საბჭოც დაფუძნდა.

ვაჭრობასთან ერთად, პრიორიტეტად ტურიზმს თვლიან და როგორც რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო ამბობს, ამისათვის „უპირველეს ამოცანას ავიამიმოსვლის განახლება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხების დამუშავება“ წარმოადგენს.

ავიამიმოსვლის განახლება უკვე ხელმისაწვდომი ამოცანაა ფორუმის მასპინძელი კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვისთვისაც. „ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ, არის საჰაერო მიმოსვლა და რუსეთში ვიზების გაუქმება. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ გადაწყვეტილებების "ზღურბლთან" ვართ“, - თქვა მან, ფორუმის მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას.

თუ ვინ წარმოადგენდა ქართულ მხარეს ამ ფორუმზე, სია გამოქვეყნებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან და პირიქით თვითმფრინავით მგზავრობა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი.

ქართულ-რუსული ეკონომიკური ფორუმი რუსეთის დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტს პირველად არ მოუწვევია და პერსპექტივებზე დეკემბერშიც იმსჯელეს, როცა ქართულ მხარეს მკაფიოდ პრორუსული განწყობის ორგანიზაციები „სოლიდარობა მშვიდობისთვის“, „პრიმაკოვის ფონდი“ და სხვები წარმოადგენდნენ. მთავარ განსახილველ თემებად მაშინაც: სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ავიარეისებისა და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა დასახელდა.

2021 წელს დაარსებული „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საკუთარ თავს მოძრაობად წარმოაჩენს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ასახელებს ახალგაზრდების გაერთიანებას „საზოგადოებაში სოციალური და კულტურული ოპტიმიზმის აღძვრის მიზნით!“.

„ფორუმზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმართონ სახელმწიფო მეთაურებს წინადადებებით - რომელთა გადაწყვეტასაც ელოდებიან მოქალაქეები - აღდგეს პირდაპირი ავიარეისები რუსეთსა და საქართველოს შორის და ასევე, გაუქმდეს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რუსეთში შესვლისთვის“, - წერდა დეკემბერში რუსეთის დუმა. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ლაპარაკია ასევე დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე.

პირდაპირი ფრენის აღდგენისკენ სერგეი ლავროვმა 18 იანვარს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე მიანიშნა, როცა საქართველოს ხელისუფლება შეაქო. მისი ვრცელი პასუხი მოჰყვა პრორუსული „ალტინფოს“ წამყვანის, დავით ახვლედიანის მიერ დასმულ კითხვას. ახვლედიანი ორგანიზაციის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გუნდის წევრიც არის. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს არცთუ იშვიათად შეხვდებით როგორც „ალტინფოს“, ასევე „პოს ტივისა“ და „იმედის“ ეთერში გასულ გადაცემებში.

თბილისი მიესალმება

პირველის მსგავსად, მოსკოვში გამართული მეორე ფორუმის შემდეგაც, საქართველოს ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ რუსეთის მიერ პირდაპირი ავიარეისების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება, სასარგებლო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის; ეს საკითხი, ცალმხრივად, რუსეთის გადასაწყვეტია და არ სჭირდება საქართველოს ხელისუფლების ჩართულობა.

ასეთი პერსპექტივა მისასალმებელია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, კახი კალაძისთვის, თუკი რუსეთი ასეთ ნაბიჯს მართლაც გადადგამს.

კახა კალაძემ 23 მარტს, „რეალობას აცდენილი“ უწოდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლამდე (23 მარტი) ილაპარაკა საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებზე. კალაძე ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოში მხოლოდ ოპოზიცია ეწინააღმდეგება.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და „თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში“.

„მსოფლიოსთვის უკვე კეთროვან სახელმწიფოდ ქცეულ რუსეთთან“ კავშირების გამყარებას საქართველოს ინტერესებთან კატეგორიულად შეუსაბამოდ მიიჩნევს ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და მით უფრო ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა.

„როდესაც ასეთ ქვეყანასთან [რუსეთთან] იჭერ საქმეს, ეს არის ცალსახად ერთი დიდი სურათის ნაწილი - საქართველოს ჩამოცილება დასავლეთისგან და რუსეთის ორბიტაზე მოქცევა, რისი ნაწილიც იყო ასევე ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, რომელიც ვერ გაიტანეს და ახლა ცდილობენ სხვა ნაბიჯები გადადგან საკომპენსაციოდ“, - გვეუბნება ბატიაშვილი.

ორი დღის წინ, სომხეთში ვიზიტის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ ახსენა საქართველო და თქვა ისიც, რომ, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან ერთად, რუსეთი კვლავ ელოდება საქართველოს თანხმობას, შეუერთდეს დეკლარირებულად ეკონომიკური მიზნებისთვის ჩაფიქრებულ ფორმატს „3+3“ (რუსეთი, თურქეთი, ირანი + სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო). ეს ფორმატი თავიდან თურქეთის ინიციატივა იყო, მაგრამ რუსეთი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, „3+3“-ს ყველანაირი პერსპექტივა გაუქრა, თუმცა რუსეთი კვლავ შეეცდება გააძლიეროს ზეგავლენა საქართველოზე და „პირდაპირი ავიამიმოსვლისა და უვიზო რეჟიმის საკითხებიც ამ მცდელობის ნაწილია“. თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებას სანქციები მოჰყვება.

თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან.

დასავლეთის სანქციებზე

23 მარტს, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში მისული ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი უხსნიდა დეპუტატებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღიდან, „ფინანსთა სამინისტროს და, კერძოდ, საბაჟო დეპარტამენტს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევს მუშაობა“ და „სწორედ საბაჟო დეპარტამენტის ეფექტური მუშაობის შედეგია, რომ განვლილი ერთი წლის განმავლობაში, არ დაფიქსირებულა დაწესებული სანქციების არცერთი ფაქტი საქართველოში“.

მინისტრმა თქვა, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გამართულია კონტროლის მექანიზმი და სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარებით, „ამჟამად საბაჟო დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა მოიპოვა სანქციების აღსრულების ექსპერტის სერტიფიკატი“.

ოპოზიციას არ სჯერა

„თუკი შევხედავთ ექსპორტის მაჩვენებლებს, რაც არსებობს ჩვენს რეალობაში - მაგალითად, ჩვენი ქვეყნიდან სომხეთში, ნათელია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და არ არის აუცილებელი, რომ დატრენინგებული იყო, ბატონო მინისტრო, რომ დაინახო, რომ რეალურად - თქვენი კორუმპირებული ხელისუფლების პირობებში, ჩვენს ქვეყანაში, დიახ, მართლაც ინფრასტრუქტურა შეიქმნა, სანქციების რეჟიმის გვერდის ასავლელად“, - „ლელოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს შეახსენა, რომ სანქციების რეჟიმის დაცვა სრულიად პრიორიტეტულია საერთაშორისო პარტნიორებისთვის და, რომ მათ „არაერთხელ გააფრთხილეს“ საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ.

ლაშა ხუციშვილმა სალომე სამადაშვილს უპასუხა, რომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მადლობის მეტი არაფერი ახსოვს და ბრალდებებს მხოლოდ „გარკვეულად ანგაჟირებული“ და „გარკვეულად პოლიტიკურად დაინტერესებული“ პირებისგან ისმენს.

„ამას რა სახელი ჰქვია, ნამდვილად არ ვიცი... რომ დაადანაშაულო საკუთარი ქვეყანა იმაში, რომ არღვევს ძალიან მნიშვნელოვან რეგულაციებს და ერთი წლის განმავლობაში ერთი ფაქტიც კი ვერ წარმოადგინო ამის, არ ვიცი, ალბათ ყოველგვარ ზღვარს სცილდება“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა.

დსთ-ში საექსპორტო მაჩვენებლების ზრდასთან დაკავშირებული შეკითხვები, „მინისტრის საათზე“ სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც დასვეს. ხუციშვილმა მათ ურჩია, 2023 წლის პირველი ორი თვის ნაცვლად, სჯობს, 2022 წლის მაჩვენებლებს გადახედონ, როცა რუსეთში ექსპორტის ზრდა 7%-ს შეადგენდა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს მთლიანი ექსპორტის 58%, ანუ 532 მილიონი დოლარის პროდუქცია გავიდა დსთ-ს ბაზარზე. წინა წელს, ანალოგიურ პერიოდში, მაჩვენებელი 43,4%-ს შეადგენდა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სიის პირველ სამეულს წარმოადგენენ სომხეთი, რუსეთი და ჩინეთი. სომხეთის შემთხვევაში საექსპორტო მაჩვენებელი, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, 191.7%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის შემთხვევაში - 38%-ით.

სომხეთთან ექსპორტის თვალშისაცემ ზრდას ექსპერტები საყურადღებოდ იმ მიზეზით მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთთან ერთიან ეკონომიკურ სივრცეშია და სომხეთიდან ტვირთი საბაჟო გადასახადის გარეშე, უპრობლემოდ მიემართება რუსეთისკენ. ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ რუსეთის სასიცოცხლო ინტერესებშია ამ არხის გამოყენება და მოელის, რომ „ადრე თუ გვიან, ამბავი გასკდება და კონკრეტული შემთხვევებიც გამოვლინდება“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG