საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“:
„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს“.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსეთის სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის.
საქართველო-რუსეთს შორის 2019 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა საქართველოს მთავრობა შეაქო „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ ავიამომოსვლა მალე განახლდება.