Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვფიქრობ, ქართველთა უმეტესობა რუსეთის ჯარების გაყვანას ამჯობინებდა - დეგნანი ფრენების აღდგენაზე


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის, განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა რუსეთთან ფრენების აღდგენას ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან ჯარები გაჰყავს.

"საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი და ვიცი, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დაპირებების არშესრულებით. საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა ქართული იდენტობის, ენის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის უარყოფას. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ამჯობინებდა გაეგო, რომ რუსეთს თავისი ჯარები გაჰყავს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებენ 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, ვიდრე პირდაპირი ფრენის აღდგენის შესახებ მოესმინათ. არ მაქვს ინფორმაცია, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველებს საქართველოში დაბრუნება უჭირთ, თუ ამის სურვილი აქვთ, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ბევრი რუსი ჩამოდის ამ ქვეყანაში", - განაცხადა დეგნანმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობის ცენტრის გახსნის შემდეგ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.

"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.

19 იანვარს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის საკითხზე ილაპარაკა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მან ტელეკომპანია „იმედის" ეთერში თქვა, რომ ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია, აღდგეს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.

XS
SM
MD
LG