Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებს


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, „ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან ხალხს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. ის, რომ გასულ წელს საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, მნიშვნელოვანწილად რუსეთის ფედერაციასთან ტურისტული და სავაჭრო ურთიერთობის შედეგია. ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - ამბობს სერგეი ლავროვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთს „ქართველ ხალხთან არავითარი პრობლემა არ აქვს“. ამასთან, მისი თქმით, უდიდესი პატივისცემით ეკიდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას, რომელიც, ლავროვის სიტყვებით, ტრადიციულ ღირებულებებს იცავს.

დიახ, იყო 2008 წლის ამბავი, მაგრამ ისევ ნატომ ითამაშა თავისი როლი, როდესაც აპრილში ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველო და უკრაინა ნატოში იქნებიან. სააკაშვილს ემოციები „აეშალა“ და გადაწყვიტა, რომ მორჩა - ეს ინდულგენციაა, იქვე კონდოლიზა რაისი ( აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი) ჩავიდა, ცხინვალის და მშვიდობისმყოფელების პოზიციების დაბომბვის ბრძანების გაცემამდე ერთი თვით ადრე. უკრაინელებს მეტი დრო დასჭირდათ, სანამ ამ ბუქარესტის იმპულსმა იმ ადამიანებამდე მიაღწია, ვინც გადაწყვიტა, თავისი ტერიტორიიდან ყველაფერი რუსული გაედევნა“, - თქვა ლავროვმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.

17 იანვარს "პალიტრანიუსის" ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ "ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი - თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება".

XS
SM
MD
LG