Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1000-ზე მეტი შემთხვევაა, როცა სანქცირებული საქონელი გავაბრუნეთ - ფინანსთა მინისტრი


ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრი

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესზე ისაუბრა და თქვა, რომ საბაჟო სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, განვლილი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სანქციების დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, აღკვეთილია სანქცირებული ტვირთის საქართველოს გავლით გატანის არაერთი მცდელობა.

„მიღებულია საბაჟო-გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1020 საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 600-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება“, - თქვა ფინანსთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საუბარია, ძირითადად, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელზე.

ლაშა ხუციშვილის განმარტებით, ყველა ის პროდუქცია, რომლებიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე, ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის ექსპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი), რომლებიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, საქართველოში განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება და სანქციების აღსრულების ცენტრალიზებული კონტროლისთვის საბაჟო დეპარტამენტის რისკების მართვის სამმართველოში შექმნილია ჯგუფიც.

„აღნიშნულ პერიოდში შეიქმნა 16 რისკის პროფილი, რომლის საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების, კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ისე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან და კომპანიებიდან მომავალი აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება, აგრეთვე ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები“, - თქვა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ეფექტური კონტროლისთვის ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დამონტაჟდა რენტგენოსკანერიც.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონელს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისათვის ესაჭიროება სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა თავდაცვის სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ ნებართვის გაცემა საომარი მოქმედებების დაწყებიდან შეჩერებულია და შესაბამისად, არ გაცემულა არც ერთი ნებართვა.

ლაშა ხუციშვილის თანახმად, საქართველო აქტიურად ამოწმებს ასევე ქვეყანაში მომავალ გემებს და გემთმფლობელებსაც, სანქცირებული პირების ტვირთის აქ შემოტანის რისკების აღსაკვეთად. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სახელმწიფო აქტიურად აქვეყნებს ინფორმაციას ექსპორტისა და იმპორტის შესახებ და საერთაშორისო პარტნიორებს არ აქვთ ეჭვი იმის შესახებ, რომ საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად გამოიყენება.

"მსურს კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ ყველანაირ ცრუ, საფუძველს მოკლებული ბრალდებებისგან და მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რაც იქნება, უნდა გადამოწმდეს პირველწყაროსთან, ანუ ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მისი გამოქვეყნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს წარმოადგენს საკმაოდ დამაზიანებელ ფაქტორს ჩვენი ქვეყნისთვის", - თქვა ლაშა ხუციშვილმა. მინისტრის განცხადებით, ოპოზიცია და "პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები" ცრუ ბრალდებებს უყენებენ საქართველოს ხელისუფლებას მტკიცებულებების გარეშე.

„ამ მიმართულებით ევროკავშირში არის ცენტრალიზებული ორგანო და მასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე, აქტიურად ვეთანამშრომლებით აშშ-ში შესაბამის უწყებებს. ბუნებრივია, ამ პროცესში ძალიან აქტიურად არის ჩართული აშშ-ის საელჩო. იგივე ხდება დიდ ბრიტანეთთან და ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელიც მონაწილეობს ეკონომიკურ აქტივობებში.

საქართველოს ჰყავს ორი სერტიფიცირებული ექსპერტი სანქციების აღსრულებაში. აშშ-ში არსებობს სპეციალური პროგრამა, რომლის შემდგომაც პირები აბარებენ შესაბამის გამოცდას და იღებენ ექსპერტის სერტიფიკატს სანქციებთან მიმართებით. დღეს საქართველოს საბაჟო სამსახურს ჰყავს ორი ასეთი ექსპერტი და მათზე კვალიფიციურად პასუხს ვერავინ გასცემს კონკრეტულ ტრანზაქციასთან მიმართებით, არის თუ არა სანქცირებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

XS
SM
MD
LG