რუსეთის მოქალაქეები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ და მწვავედ აკრიტიკებენ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთში დამკვიდრებულ სასტიკ რეჟიმს. აქცია სახელწოდებით „მე გავრილოვი არ ვარ - რუსები ერთიანი საქართველოსთვის“, 16 ივლისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით: „პუტინს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%“, „დაგღალა პუტინმა? - დაისვენე საქართველოში!“, „პუტინო და კრემლო, დაიმახსოვრეთ: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა“.
ტიუმენელი ანტონ მიხალჩუკი ტურისტია, საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა ცხოვრობს და ზუსტად იცის, რომ „თბილისი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და კეთილგანწყობილი ქალაქია“, რაც კი ოდესმე უნახავს რუსეთსა თუ ევროპის ქვეყნებში - „აქ მე შესანიშნავად, თავისუფლად ვგრძნობ თავს“.
მისთვის ცხადია, რომ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლამ და ოკუპირებული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომამ ქართველი ხალხი სამართლიანად შეურაცხყო.
ანტონი მხარს უჭერს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს - „ამ ხალხს შეუძლია ბრძოლა... მათ მხარი უნდა დავუჭიროთ, პატივი უნდა ვცეთ და მაგალითი ავიღოთ მათგან“.
ანტონს უნდა სჯეროდეს, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მიმართ კეთილგანწყობით არ გამოირჩევიან, შეცდომაში არიან შეყვანილი და „მათ ატყუებთ პროპაგანდა, ის, რასაც ტელევიზორში უყურებენ და რასაც მათ ეუბნება რუსეთის აგრესიული ხელისუფლება“.
სანქტ-პეტერბურგელი ლიდია მოტორიკოვა უკვე მეორე წელია, საქართველოში ცხოვრობს და სამუდამოდ აქ დარჩენის იმედიც აქვს. ამბობს, რომ სწორედ საქართველოში გრძნობს თავს თავისუფლად და ბედნიერად - „აბსოლუტურად არანაირი რუსოფობიური განწყობები არ ყოფილა აქ, არც ახლაა და, დარწმუნებული ვარ, არც იქნება“.
ლიდია ამბობს, რომ მასზე ძალიან იმოქმედა 20-21 ივნისს პარლამენტის შენობის წინ განვითარებულმა მოვლენებმა, რაც თბილისში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა.
„20 ივნისს, პირდაპირ ვამბობ, რომ მრცხვენოდა ჩემი ეროვნების... იმ ღამის შემდეგ საავადმყოფოშიც მივედი (ორთაჭალაში) და ვნახე თვალებდათხრილი ხალხი... ქართული საკმარისად კარგად არ ვიცი და ვლაპარაკობდი ინგლისურად, რადგან რუსულად ლაპარაკის მრცხვენოდა“.
ფიქრობს, რომ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა საფუძვლიანად შეურაცხმყოფელი იყო ქართველი ხალხისთვის. მაგრამ ლიდია საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობასაც ხედავს - „სწორედ საქართველოს მთავრობამ დააჯინა გავრილოვი საქართველოს პარლამენტში“.
16 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ლიდია მოტორიკოვა იმიტომ შეუერთდა, რომ ეთქვა რუსი ხალხისთვის - „საქართველო თავისუფალი ქვეყანაა“, რომლის 20%-ი ისევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ - „ეს სიმართლეა და სიმართლეს უნდა ჩავხედოთ თვალებში“.
ნიკოლაი ლევშიცი საქართველოში უკვე ნახევარი წელიწადია ცხოვრობს. ბევრი მეგობარი ჰყავს და მათთან ერთად საოკუპაციო ხაზიც არაერთხელ მოინახულა - „ტრაგედიაა, როცა იტაცებენ ადამიანებს და აღმართავენ ბარიერებს...“ პუტინი მისთვის დიქტატორია, რომელმაც კრემლთან ერთად, ბევრი დანაშაული ჩაიდინა და მათ შორის - საქართველოშიც.
რაც შეეხება პირდაპირი ავიარეისების აკრძალვას, ნიკოლაისთვის ცხადია, რომ ეს პუტინმა პირადი წყენის საფუძველზე სამაგიეროს გადახდის სურვილის გამო გააკეთა. მერე კი თითქოს უარი თქვა ახალი სანქციების დაწესებაზე, მაგრამ მისი ნდობა არ შეიძლება.
„ქართველი ხალხის პატივისცემის გამო არ ვაწესებო შემდგომ სანქციებს, - პუტინმა თქვა... ეს ტყუილია, მას არ დაეჯერება... მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გიღალატოს, მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მოგატყუოს და მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში გაგიკეთოს სისაძაგლე“.
ნიკოლაი ხედავს და თბილისიდან ეუბნება თავის თანამემამულეებს, რომ - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოში სამეგობროდ ჩამოსულ რუსებს არავინ ერჩის.
„არავინ შეგაფურთხებს, არავინ გცემს და შეურაცხგყოფს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ რუსი ხარ - თუკი შენ მშვიდობიანად, სიყვარულით, ქართველების მიმართ კარგი დამოკიდებულებით ჩამოხვედი საქართველოში... მაგრამ თუკი შენ მტერი ხარ, თუკი ცუდი განზრახვები გაქვს, მაშინ მოემზადე, რომ ცუდად დაგხვდებიან“.
16 ივლისს, რუსთაველის გამზირზე რუსი ეროვნების დაახლოებით 10 ადამიანი შეიკრიბა.