Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ მახსოვს, ოქმში მიწერია“, - რეპორტაჟი 400-ლარიანი რკინის ჯებირების საქმის სასამართლოდან


400-ლარიანი რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულები: საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი სასამართლო პროცესზე
400-ლარიანი რკინის ჯებირების დაზიანების საქმეზე დაკავებულები: საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი სასამართლო პროცესზე

შორენა როხვაძე ბრალდებულის სკამზე მჯდომ შვილს, საბა მეფარიშვილს კოცნას უგზავნის, იმავეს აკეთებს ომარ ოკრიბელაშვილის დედაც. ერთმანეთთან მიახლოების და ლაპარაკის უფლება არ აქვთ. სასამართლოში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, 400-ლარიანი ჯებირების ჯგუფურად დაზიანების საქმის განხილვა იწყება.

„ვა, ვა, რა ხალხი“, - ამ სიტყვებით შეხვდა 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მისულ მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ის ბადრაგმა 23 წლის საბა მეფარიშვილთან ერთად #14 სხდომათა დარბაზში სამის ნახევარზე შეიყვანა.

ოჯახის წევრები მეორე რიგში სხედან. პროცესს ესწრებიან ომარ ოკრიბელაშვილის დედა, ბებია და ბაბუა, საბა ლობჟანიძის დედა, რომელიც თბილისში ვანის სოფელ დიხაშხოდან ჩამოვიდა.

ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სასამართლო პროცესზე
ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად სასამართლო პროცესზე
საბა მეფარიშვილის დედა, შორენა როხვაძე, შვილის ყველა პროცესს ესწრება და თბილისში ვანის სოფელ დიხაშხოდან დადის
საბა მეფარიშვილის დედა, შორენა როხვაძე, შვილის ყველა პროცესს ესწრება და თბილისში ვანის სოფელ დიხაშხოდან დადის

შორენა როხვაძეს ფეხის დამწვარი ტერფები უკვე მოუშუშდა, ნაიარევს წინდებით იფარავს. დაკავებულების ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ორი თვის წინ საქალაქო სასამართლოს ეზოში გაიცნეს.

„სასამართლო პროცესებზე და ციხეში ფეხშველი დავდიოდი, დღესაც გაჭირვებით ჩამოვედი, მაგრამ როცა ჩემს შვილს ეხება საქმე, რაზეა ლაპარაკი, სულ ხოხვით ჩამოვალ ვანიდან, ოღონდ ამათ ეშველოთ, მაგის გარდა ჩვენ არავინ გვყავს, ეგაა ჩვენი ოჯახის მშველელი“, - ამბობს საბა მეფარიშვილის დედა, შორენა როხვაძე.

ომარ ორკიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, 14 მაისს რკინის ჯებირის ჯგუფურად დაზიანებას ედავებიან. ჯებირის მეპატრონე შინაგან საქმეთა სამინისტროა, ზიანი, რომელიც უწყებას მიადგა, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 400 ლარია, აქედან 250 ლარი მხოლოდ ჯებირის საფასურია, 150 ლარი კი - მისი აღდგენისთვის საჭირო თანხა.

ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ.

საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა, რაც ნიშნავს, რომ მხარეები უსმენენ მოწმეებს და პროკურატურის შეგროვებულ მტკიცებულებებს ეცნობიან. პროცესს უძღვება უვადოდ დანიშნული მოსამართლე ნათია გუდაძე.

24 ივლისის სხდომაზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელი, მალხაზ შაშვიაშვილი გამოკითხეს. ის პირველი მოწმეა. სასამართლო პროცესზე კიდევ ორ პოლიციელს მოუსმენენ.

მოსამართლე ნათია გუდაძე
მოსამართლე ნათია გუდაძე

საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, მოწმე პოლიციელები თვითმხილველები არ არიან. შემთხვევის ადგილზე პარლამენტთან, არცერთი მათგანი არ იყო.

მოწმის გამოძახებამდე საბა მეფარიშვილი პირჯვარს იწერს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი სასამართლოს წინაშე ფიცს დებს და გამოკითხვა იწყება.

პირველ კითხვას პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე სვამს: იცნობთ ბრალდებულებს?

„უშუალოდ არა”, - პასუხობს პოლიციელი და სასამართლოს უყვება, როგორ უყურა ტელეკომპანია იმედისა და რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერებს Myvideo-ზე და როგორ „გადანომრა“ პირობითად ლითონის ჯებირის სავარაუდო დამზიანებლები.

„სამსახურის კომპიუტერი გავხსენი, ჩავრთე Myvideo.ge და სპეციალური პროგრამით, tools თუ რაღაც ასეთი ჰქვია (გულისხმობს snipping tool-ს), „დავასქრინშოტე“ ყველა იმ პირის სახე, რომელიც ლითონის კონსტრუქციის დაზიანების კადრებში ჩანდა, ფოტოები და ვიდეო დისკზე შევინახე”, - ჰყვება პოლიციელი.

მალხაზ შაშვიაშვილი, შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი
მალხაზ შაშვიაშვილი, შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი

პროკურატურის მიერ მოპოვებულ ვიდეომტკიცებულებებში ჩანს იმ ადამიანების სახეები, რომლებიც რკინის ჯებირს აზიანებენ.

პოლიციელს არ ახსოვს, ბრალდებულებიდან რომელი დაინახა ვიდეოზე პირველი, რა ხანგრძლივობის მონაკვეთი დაამუშავა და რომელი საათი იყო იმ დროს, როცა პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს აკვირდებოდა და აღწერდა.

ყველა ასეთ კითხვაზე პასუხად მოწმე სხდომის ოქმზე უთითებს: - „არ მახსოვს, ყველაფერი ოქმში მიწერია“. ის ასევე ვერ იხსენებს, იდგა თუ არა პოლიცია ჯებირის შიგნით ან გარეთ.

მოწმეს ახსოვს, რომ პირდაპირ ეთერში ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საუბრობდა, შემდეგ კი ეკრანზე გამოიტანეს გამოსახულება, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესებს ასახავდა.

„პირებს, რომლებიც შსს-ს კუთვნილ ჯებირს აზიანებდნენ, ხელში ეჭირათ ლითონის მილები, როცა ჯებირი ნაწილობრივ დააზიანეს, ორივე მათგანი [საბა და ომარი] შევიდა შიგნით და შიგნიდან დაიწყეს ფეხების რტყმა და ჯებირის დაზიანება”, - ამბობს მოწმე.

ბრალდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ერთმანეთთან მიახლოება და საუბარი ეკრძალებათ
ბრალდებულებსა და მათი ოჯახის წევრებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ერთმანეთთან მიახლოება და საუბარი ეკრძალებათ
საბა მეფარიშვილი უსმენს ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს, რომელიც მოწმე პოლიციელს კითხავს
საბა მეფარიშვილი უსმენს ადვოკატს, შოთა თუთბერიძეს, რომელიც მოწმე პოლიციელს კითხავს

მოსამართლის კითხვაზე, ესაუბრებოდნენ თუ არა საბა და ომარი ერთმანეთს, მოწმემ უპასუხა, რომ „შეამჩნია ერთ კადრში, როგორ გადაულაპარაკეს“, თუმცა აღარ ახსოვს, ასე იქცეოდნენ თუ არა სხვებიც.

მოწმის მტკიცებით, ვიდეოგამოსახულების გარჩევის დროს ყველა სავარაუდო დამნაშავე აღრიცხა და ეს სია თავისი ფოტოებით საქმის გამომძიებელს გადაუგზავნა, რატომ დააკავეს მათგან მხოლოდ ორი, მისი შესაფასებელი აღარ იყო.

მოწმის გამოკითხვის დასრულების შემდეგ, დაკავებულების ადვოკატებმა პატიმრობის გირაოთი შეცვლა მეოთხედ მოითხოვეს. შოთა თუთბერიძემ მოსამართლეს ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი გადახდის ქვითარი წარუდგინა. 400 ლარი შსს-ს ეკონომიკურ დეპარტამენტში არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გადარიცხა. ამავე ორგანიზაციის ორი იურისტი იცავს შოთა თუთბერიძესთან ერთად დაკავებულების უფლებებს.

„ზიანი ანაზღაურებულია და, შესაბამისად, დაზარალებულის სტატუსი კომიკურ ხასიათს ატარებს, ისედაც კომიკურია, შსს რომაა დაზარალებული”, - თქვა პროცესზე შოთა თუთბერიძემ და დაასახელა კიდევ ორი მიზეზი, რის გამოც მოსამართლეს დაკავებულები გირაოს საფუძველზე უნდა გაეთავისუფლებინა:

„ერთ-ერთი რისკი, რის გამოც ორი ახალგაზრდა პატიმრობაში რჩება, მოწმეებზე გავლენის მოხდენაა. ამ საქმეზე ეს აბსურდული არგუმენტია, რადგან ყველა მოწმე პოლიციელია. დაკავებულებს მათზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნიათ. ამას გარდა, საქმე უკვე სასამართლოშია და არა გამოძიების ეტაპზე, ამიტომ მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც აღარ არსებობს“, - განმარტა იურისტმა.

ბრალდებულები უსმენენ პროკურორის სიტყვას, სადაც ის მოუწოდებს მოსამართლეს, არ გაიზიაროს დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე.
ბრალდებულები უსმენენ პროკურორის სიტყვას, სადაც ის მოუწოდებს მოსამართლეს, არ გაიზიაროს დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე.

მოსამართლემ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაიზიარა, დაკავებულები პატიმრობაში დატოვა და სასამართლო სხდომაც დაასრულა. მოსამართლის გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა: „თქვენ ხართ უვადო მონა მოსამართლე“, - თქვა პარტია "დროას" წევრმა შუშანა მაცაბერიძემ და დარბაზი დატოვა. სასამართლო სხდომას პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „ლელოს“ წევრებიც ესწრებოდნენ. მხარდამჭერების ნაწილი სხდომის დასრულებას სასამართლოს ეზოში ელოდებოდა.

მუხლი, რომლის საფუძველზეც აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პარლამენტმა გასულ წელს - მარტის აქციების შემდეგ - დაჩქარებული წესით მიიღო.

„სიტყვებს ვერ ვპოულობ, რას შევადარო სასჯელი, რომელიც ჩემმა შვილმა უნდა მოიხადოს. მიმაჩნია, რომ ჩემს შვილს სამაგალითოდ სჯიან, ეს ორი ახალგაზრდა ხომ არ წარმოადგენდა მხოლოდ იმ აქციას? იქ უამრავი ადამიანი იყო“, - ამბობს ომარ ოკრიბელაშვილის დედა, შორენა ხომერიკი.

ომარ ოკრიბელაშვილის ბაბუა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
ომარ ოკრიბელაშვილის ბაბუა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ

ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, მეორე ნაწილი კი დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს, მაგალითად, ცეცხლის წაკიდებას, აფეთქებას, დანაშაულის არაერთგზის ან ჯგუფურად ჩადენას.

გასული წლის ცვლილებებამდე, ეს მუხლი „ჯგუფურ დანაშაულს“ არ ითვალისწინებდა, 2023 წლის ივნისში ეს გარემოებაც დაემატა და პატიმრობის მაქსიმალურმა ვადამ 5 წლიდან 6 წლამდე აიწია.

ოკრიბელაშვილისა და ნეფარიშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს აცნობეს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. საქმეზე მომჩივანი "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია", რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი მკაცრი და არაკონსტიტუციურია.

სარჩელი მას შემდეგ მომზადდა, რაც ამ მუხლით პოლიციამ იანვარში კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები: აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დააკავა. ამ მუხლს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ამნისტიის პროექტიც გვერდს უვლის.

„საბა და ომარი პოლიტიკური ანგარისწორების მსხვერპლები არიან, მათ ადგილას ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე უკანონობის, ძალადობის, ძალის გადამეტების ათეულობით საქმე გამოძიებული არ არის და არცერთი ადამიანი არ არის დასჯილი, 400-ლარიანი ზიანის გამო ახალგაზრდები სისტემას ეწირებიან“, - ამბობს DRI-ს დამფუძნებელი, ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი.

დაკავებულების უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობას, მომდევნო სასამართლო პროცესზე დააყენებენ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 ივლისს გაიმართება. იქამდე "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" მოქალაქეებს საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის თავდებობას სთავაზობს. თავდებობის დოკუმენტი ხელმოწერებით, მოსამართლეს წარედგინება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG