Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდებოდა 2022 წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მოკლედ


ბიჭვინთის საიდუმლო შეთანხმება, ენერგოკრიზისი აფხაზეთში, ლუკაშენკას ვიზიტი, ე.წ. არჩევნები სამხრეთ ოსეთში, გზის გახსნა ახალგორელებისთვის, შეჩერებული რეფერენდუმი - ეს იმ მნიშვნელოვანი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა.

მოკლედ გიყვებით წლის მთავარ ამბებს კონფლიქტური რეგიონებიდან.

პირველი სამხედროები ომში

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე ცხინვალის რეგიონიდან საომრად გაგზავნეს ადგილობრივი სამხედროები, რომლებიც რუსეთის ბაზაზე კონტრაქტით მსახურობდნენ. ცხინვალიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი სამხედრო ტექნიკის მოძრაობის ამსახველი კადრები 16 მარტს გავრცელდა.

26 მარტს გაირკვა, რომ უკრაინაში დამატებითი კონტინგენტი გადაისროლეს. ცხინვალის რეგიონიდან უკრაინაში სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების გაყვანამ ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მიმართ უკმაყოფილება გააძლიერა.

მოგვიანებით 300 ჯარისკაცი უკრაინიდან უკან დაბრუნდა ცხინვალში. ნათესავებისთვის გაგზავნილ ხმოვან შეტყობინებებში ისინი ამბობდნენ, რომ ბრძოლის ველზე როგორც "საზარბაზნე ხორცი" გაუშვეს აღჭურვილობისა და სათანადო ტექნიკის გარეშე.

უკრაინის ომში ცხინვალელი მოხალისე მებრძოლებიც იმყოფებიან. დაუზუსტებელი მონაცემებით, საკონტრაქტო სამხედროების გარდა, უკრაინის ომში რუსეთის მხარეს 1 000-მდე ცხინვალელი მოხალისე ჯარისკაცის იბრძვის.

ბიბილოვი vs გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისთვის 2022 საარჩევნო წელი იყო. 8 მაისს ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ოპოზიციური პარტია "ნიხასის" თავმჯდომარემ, ალან გაგლოევმა, იმ დროისთვის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხმების 56%-ით დაამარცხა.

საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და გაგლოევს წარმატება უსურვა.

ცხინვალში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა, უკრაინამ და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებსაც ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

ჩაკეტილი ახალგორი გაიხსნა, თვეში 10 დღით

გაგლოევმა ბიბილოვი დიდი უპირატესობით, 4-ჯერ მეტი ხმით, დაამარცხა ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში, რომლის მცხოვრებთ, საარჩევნო კამპანიის დროს გამშვები პუნქტების გახსნას ჰპირდებოდა.

გზის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ახალმა დე ფაქტო ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მიიღო. საუბარია გამშვებ პუნქტებზე "რაზდახანი" (ოძისი/მოსაბრუნი) და "პერეუ" (პერევი).

2022 წლის 30 ნოემბრამდე მოქალაქეებს გადაადგილება "ვადაგასული საშვებითაც" შეეძლოთ. ჩვეულებრივ, ადგილობრივებს ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად სჭირდებათ საშვი, რომლის გაცემაც ჭიანურდება. თუმცა გზა სრულად არ გახსნილა და გაგლოევის პირობა ჯერჯერობით თვეში მხოლოდ 10 დღით სრულდება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რაზდახანის" (ოძისი/მოსაბრუნის) გამშვები პუნქტი 2019 წლის სექტემბერში ჩაკეტა, რის გამოც ახალგორელები იზოლაციაში მოექცნენ. მას შემდეგ გზა სულ რამდენჯერმე, განსაკუთრებული შემთხვევების გამო იხსნებოდა.

ანატოლი ბიბილოვი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განთავსებული საპოლიციო საგუშაგოს აღებას მოითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საგუშაგო ოკუპირებულ წნელისში განათავსა.

შეჩერებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთთან გაერთიანების შესახებ

ცხინვალის რეგიონში რუსეთთან ინტეგრაციის შესახებ რეფერენდუმი წლებია დისკუსიის საგანია. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა 17 ივლისს დანიშნა რუსეთთან გაერთიანების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი, რომელიც ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდე შეჩერდა.

რეფერენდუმის კითხვა ფორმალურად ასეთი იყო: მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გაერთიანებას?

რუსეთის მხარე, ასევე ალან გაგლოევი, აცხადებდა, რომ კითხვა არასწორად იყო ჩამოყალიბებული. თუმცა, ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში შეიცვლება თუ არა მისი ფორმულირება, ჯერჯერობით, უცნობია.

"ბორდერიზაცია"

შიდა ქართლში 2022 წელსაც გაგრძელდა "ბორდერიზაცია", რომელიც 2011 წელს დაიწყო. 30 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურმა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის "ცალმხრივი მოწყობის" შესახებ განაცხადა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, გასულ ორ თვეში გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებთან ბორდერიზაციის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი გულისხმობს საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე ხელოვნური ბარიერების, მათ შორის, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას.

ერგნეთის შეხვედრები

ასევე გრძელდებოდა ერგნეთის შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში. ძირითადი განსახილველი საკითხები საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება და "ბორდერიზაციის" შეჩერების მოთხოვნა იყო. 2023 წლისთვის ცხინვალისა აფხაზეთის ციხეში საქართველოს 4-4 მოქალაქე რჩება. მათ შორისაა აფხაზეთის დროშის დაწვის მცდელობისთვის გალის რაიონში 2 წლის წინ დაკავებული ირაკლი ბებუა.

"ყველაზე დიდი გავლენა იყო უკრაინის ომი, რომელმაც გამოიწვია მსხვერპლი, პირველ რიგში. 20-ზე მეტი ახალგაზრდა დაიღუპა და პატარა ქალაქისთვის ეს არცთუ ისე უმნიშვნელო რიცხვია. ასევე არის შიში უკრაინის ომის შედეგებთან დაკავშირებით. თუ რუსეთი დამარცხდება, საქართველოს მხრიდან სამხედრო კონფლიქტის განახლების რეალური შიში არსებობს როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში.

ეკონომიკური პროგრამები ოდნავ შემცირდა, არის მოლოდინი, რომ დაფინანსება კიდევ უფრო შემცირდება. გამოვყოფდი ასევე არჩევნებს, მორიგი პრეზიდენტი შეიცვალა არჩევნების გზით და გაგლოევის არჩევით რუსეთის ნების საწინააღმდეგო არჩევანი გააკეთა ადგილობრივმა მოსახლეობამ.

უკრაინის ომის აქტუალობის მიზეზით "ბორდერიზაციის" პროცესი წელს აქტიური არ ყოფილა, იმიტომ რომ სხვა პრიორიტეტებია დღეს რუსეთში და არ სცალია საქართველოსთვის. მით უმეტეს, "ჩვენი ხელისუფლება კარგად იქცევა, რუსეთის გასაღიზიანებლად არაფერს აკეთებს", - ამბობს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი.

უკრაინის ომის გამოძახილი აფხაზეთში

აფხაზეთშიც წლის დასაწყისიდან მთავარი თემა უკრაინის ომი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალისგან განსხვავებით აფხაზეთში სავალდებულო გაწვევა არ გამოცხადებულა, სოციალურ ქსელებში ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას უკრაინაში მათი ჯარისკაცების შესაძლო გაწვევის გამო.

25 მარტს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მხარი დაუჭირა რუსეთის "სპეცოპერაციას" უკრაინის ტერიტორიაზე და განაცხადა, რომ თავდაცვისა და სპეცსამსახურების მიმართულებით დახმარების გასაწევად მზად არის.

უკრაინაში რუსეთის მხარეს ჯერჯერობით იბრძვის აფხაზებისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფი, რომელსაც "პიატნაშკის" ბრიგადის მეთაური, ზედმეტსახელად "აფხაზი", იგივე ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს.

გაფრთხილება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი ინალ არძინბა 19 იანვარს აფხაზეთში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გარკვეული პროექტების განხორციელება აუკრძალა. World Vision-ის, DRC-ისა (დანიის ლტოლვილთა საბჭო) და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) ადგილობრივი ოფისების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე არძინბამ თქვა, რომ მათთვის მიუღებელია ის პროექტები, რომლებიც აფხაზებისა და ქართველების პირდაპირ დიალოგს უწყობს ხელს, მათ შორის, ექსპერტებისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. სოხუმში მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები აფხაზების თვალში საქართველოს როგორც მტრის იმიჯს ანადგურებს და ქართულ მხარესთან დიალოგს უწყობს ხელს.

ბიჭვინთის აგარაკების საიდუმლო შეთანხმება

აფხაზეთში დღემდე მწვავე პოლემიკის საგანია ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკებისა და მის გარშემო 186 ჰექტარი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმება, რომლის რატიფიცირება დე ფაქტო პარლამენტს ამ დრომდე არ მოუხდენია.

საიდუმლო ხელშეკრულებას, რომლის შესახებ 11 ივლისს გახდა ცნობილი, ეწინააღმდეგებიან როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში რუსეთის ფედერაცია ხდება ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის მფლობელი. რუსეთს ნახევარი საუკუნით იჯარით გადაეცემა ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მისი მიმდებარე საზღვაო ზოლით.

ბიჭვინთის აგარაკების გარდა, იმავე თვეში საზოგადოების მღელვარება მოჰყვა გერმანული კომპანია FVT–Group & Partner-ის შეთავაზებასაც, რომელიც აფხაზეთში ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12-ათასკაციანი "მცირე საკურორტო ქალაქის" აშენებას ითვალისწინებდა.

მწვავე პოლემიკა გამოიწვია რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩოვის 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებამაც. მან თქვა, რომ ბიჭვინთაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და საცხოვრებელი ბინების კომპლექსი Moscow Resort-ი აშენდება.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტი აფხაზეთში

საქართველოში მღელვარება მოჰყვა ბელარუსის პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს აფხაზეთში, რომელიც ბიჭვინთაში 28 სექტემბერს ჩავიდა. მან განაცხადა, რომ აფხაზეთის თემა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სოჭში გამართულ შეხვედრაზე განიხილა.

საქართველოს პირველმა პირებმა დაგმეს ლუკაშენკას აფხაზეთში ჩასვლა და ფაქტს "საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დაუშვებელი დარღვევა" უწოდეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ბელარუსის ელჩი.

ენერგოკრიზისი აფხაზეთში

აფხაზეთი ზამთარს წელსაც ენერგოკრიზისით შეხვდა. სოხუმმა ელექტროსფეროს დენაციონალიზაციაზე დაიწყო ფიქრი, რაც აფხაზეთში ყოველთვის მტკივნეულად აღიქმებოდა. სოხუმის პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში ენერგოობიექტების დენაციონალიზაცია და უცხოელი ინვესტორების ხელში აღმოჩენის საფრთხე სუვერენიტეტის დაკარგვის ტოლფასად ითვლებოდა.

დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თქვა, რომ მათი საბიუჯეტო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. მოქალაქეები შიშობენ, რომ პრივატიზაცია დენის საფასურს გაზრდის, რასაც თავად ბჟანიაც არ გამორიცხავს.

ძალადაკარგული რუსული პასპორტები სოხუმსა და ცხინვალში

ევროპარლამენტმა გადაწყვიტა აკრძალოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული სამგზავრო დოკუმენტებით ევროკავშირში შესვლა/გადაადგილება.

ევროპული საბჭოს განმარტებით, ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის "გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე" უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც პასუხია "ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების გაცემის რუსულ პრაქტიკაზე".

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა (ეთნიკური ქართველებით დასახლებული გალისა და ახალგორის რაიონების გარდა) რუსული პასპორტები აიღო 2000-2008 წლებში, როცა აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მიღება მარტივად შეიძლებოდა.

"წლის მთავარი თემა აფხაზეთში ბიჭვინთის საკითხია, რომელიც მძაფრად დადგა უკრაინის კონტექსტში რუსეთისთვის, იმიტომ რომ რუსეთს უნდა რაღაცები მოასწროს, სანამ დამარცხდება, რადგან მერე გაუჭირდება.

ამ წლის მეორე სერიოზული თემა ენერგოკრიზისია, რომელიც უფრო და უფრო მძიმდება. აქაც რუსული ინტერესები ჩანს. მათ სურთ, ისე დააჩოქონ ენერგეტიკაში აფხაზური საზოგადოება, რომ გადასცენ ელექტროგადამცემები რუსეთს და მაშინ გამოსწორდება მდგომარეობა.

მესამე, ეს არის სამოქალაქო სექტორის მიმართ სერიოზული შეტევა, რომელიც რუსეთში მიმდინარე პროცესების გამოძახილია. რუსეთს არ სურს, რომ აფხაზეთში ძლიერი სამოქალაქო სექტორი იყოს და მართლაც ძლიერი სამოქალაქო სექტორია აფხაზეთში. საქართველოში ამის ბევრს არ სჯერა, მაგრამ ეს ასეა, რუსეთმა იცის ეს და ამიტომ ებრძვის მათ", - ამბობს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG