Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ძალები დარჩა საქართველოში და რა გადაისროლეს რუსული საოკუპაციო ბაზებიდან უკრაინისკენ


რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არბოსთან.
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არბოსთან.

განწყობა ცხინვალში

იმ ღამით, როდესაც სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობის კოლონები უკრაინისკენ წავიდა, ცხინვალში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ომში გაგზავნილი ჯარისკაცების მშობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობასთან, თუმცა ცხინვალში მათ ასე არ უწოდებენ, ერთი კითხვა ჰქონდათ - რატომ წაიყვანეს ადგილობრივები უკრაინასთან ომში და რატომ დატოვეს დე ფაქტო რესპუბლიკა დაუცველი. რუსეთიდან ჩასული სამხედრო მეთაურები მათ არწმუნებდნენ, რომ რეგიონში დარჩენილი ტექნიკაც და პირადი შემადგენლობაც საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივ საფრთხეებს გაუმკლავდნენ. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიაწოდა,

ცხინვალელების ნაწილი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ოსური არმიის დაშლის და ჯარისკაცების რუსულ არმიაში გაშვების გამო აკრიტიკებენ. განსაკუთრებით აქტიურობენ ფეისბუკის ჯგუფ „ბონვარონში“, სადაც ერთი კომენტატორი, ალან ჯიოევი იმასაც წერს, რომ მცირე ერების წარმომადგენლებს ომში, წინა ხაზზე არ უნდა იწვევდნენ, სამხრეთი ოსეთი კი ახლა დემოგრაფიულ პრობლემებს განიცდის.

ოკუპირებული რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრები 16 მარტს გავრცელდა, ამას ისიც დაემთხვა, რომ უკრაინიდან გადმოასვენეს ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი, რომელიც რუსეთის 58-ე არმიაში მსახურობდა და ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა. გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონში გავრცელდა ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობებიც, რომ ვლადიკავკაზში, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ უკვე 12 ჯარისკაცია გადასვენებული. ამ ყველაფერმა ადგილობრივების შეშფოთება გამოიწვია და უკვე ხმამაღლა დაიწყეს დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკა, რომ არა ოსური არმიის დაშლა და ჩვენი ბიჭების რუსულ ჯარში კონტრაქტით გადაყვანა, ახლა ისინი აქ იქნებოდნენ და ბრძოლის ველზე, ფრონტის წინა ხაზზე არ აღმოჩნდებოდნენო.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რეზერვის ოფიცერი ედუარდ გაბარაევი მათ შორის იყო, ვინც 2015 წელს სამხრეთ ოსეთის ე.წ. არმიის შემცირებას ეწინააღმდეგებოდა. ის იხსენებს, რომ მაშინ ბევრი ცდილობდა შეიარაღებული ძალების შენარჩუნებას, მაგრამ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი. ყველაზე უარესი დღევანდელ ვითარებაში, მისი თქმით, არის ის, რომ რესპუბლიკას არ ჰყავს საკუთარი ბრძოლისუნარიანი ჯარი. გაბარაევი „ეხო კავკაზასთან“ ამბობს:

თუ ადამიანი კონტრაქტით წავიდა რუსეთის ჯარში, ის ჩვენ აღარ გვეკუთვნის. სადაც გაგზავნიან, იქ უნდა წავიდეს. მათ (კონტრაქტორებმა) საკუთარი არჩევანი გააკეთეს. თუმცა, შესაძლოა, ეს თავადაც არ გაუკეთებით და იძულება იყო, რადგან ოჯახს შენახვა უნდა. ჩვენს შეიარაღებულ ძალებში, ისეთი ხელფასი რომ გვქონოდა, როგორც რუსულ არმიაში, დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი არ წავიდოდა იქ სამსახურში. ყველაფერი, რაც უკრაინაში არსებულ ვითარებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება ჩვენზეც აისახოს და ჩვენ, სამწუხაროდ, ამისთვის მზად არ ვართ. აუცილებელია შენი სახლის დაცვა, მაგრამ არასერიოზულია თუნდაც მოძმე ერისთვის (რუსებისთვის) ამის ბოლომდე მინდობა. ჩვენ თვითონ უნდა დავიცვათ ჩვენი სახლი და არ ვთხოვოთ ეს სხვას“.

როგორ შეიქმნა რუსეთის სამხედრო ბაზები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ კი, რუსეთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური თხოვნით მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაერთიანებული რუსული ბაზების დაკანონების თაობაზე.

ბაზების განთავსების შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთთან შეთანხმებას - 2010 წლის 17 თებერვალს, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან - 2010 წლის 7 აპრილს მოეწერა ხელი.

ორივე შეთანხმება არეგულირებს "მხარეთა იურისდიქციის საკითხებს ბაზებთან მიმართებით და აწესებს სამხედრო შენაერთების ურთიერთქმედებით გამოყენების წესებს" რუსეთისა და ოკუპირებული რეგიონების „სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების“ დასაცავად; ასევე რეგულირდება ქონებრივი და სამხედრო ბაზების მოსამსახურეთა სტატუსის საკითხები.

სააგენტო „ინტერფაქსი“ მაშინ იტყობინებოდა, რომ შეთანხმებების მიხედვით, 3 800-კონტინგენტიანი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 49 წლით განლაგდებოდნენ, ვადის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით. ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზა ცხინვალსა და ჯავაში არის განთავსებული, ხოლო აფხაზეთში მე-7 რუსული ბაზა დისლოცირებულია გუდაუთასა და ოჩამჩირეში. წლებია იზრდება ბაზების პირადი შემადგენლობა, ბოლო მონაცემებით, ორივე ბაზაზე 10 ათასამდე პირი მსახურობს. ცხინვალში განთავსებული საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზა, რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის, 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის. სამხედრო ბაზაზე 4500-მდე მოსამსახურეა, ამას ემატება რეგიონში განთავსებული „ეფესბეს“ სასაზღვრო სამსახურის 1200-კაციანი კონტინგენტი, ეს შემადგენლობა საოკუპაციო ხაზის მოწყობასა და დაცვაზეა პასუხისმგებელი. ბაზა აშენებულია ცხინვალის ჩრდილოეთ ნაწილში, ოკუპირებული ქართული სოფლის, თამარაშენის სიახლოვეს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არცევში
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ არცევში

ბაზების პროპაგანდისტული ფუნქცია

რუსული სამხედრო ბაზები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პროპაგანდის ერთგვარი მანქანაცაა. მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რუსული სამხედრო დანაყოფების ბოლო პერიოდის საქმიანობის გადახედვისას, ნათელი ხდება რა როლს თამაშობენ რუსული სამხედრო ძალები რეგიონში. აი, მაგალითად:

2020 წლის იანვარში ცხინვალის სამხედრო ბაზაზე 40-ზე მეტი მოსწავლე რუსულ სამხედრო-პატრიოტულ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „Юнармия“-ს რიგებში გაწევრიანდა. ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით არის შექმნილი და რუსეთის პრეზიდენტის მხარდაჭერით ფუნქციონირებს. ამ ორგანიზაციაში წევრიანდებიან ბავშვები აფხაზეთშიც - 2020 წლის სექტემბერში, ტანკისტის დღეს 50-ზე მეტი ბავშვი გახდა ამ „სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების“ მქონე გაერთიანების წევრი.

ცხინვალის რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში ამჟამად ფუნქციონირებს ოსური ბატალიონი, სადაც ოკუპირებული ცხინვალის მოქალაქეებს შეუძლიათ კონტრაქტის საფუძველზე იმსახურონ - ეს ბატალიონი „კვალიციფიური ადგილობრივი სამხედროების სამჭედლოდ“ განიხილება. ცხინვალში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბოლო წლებში უფასოდ სწავლების კვოტები გამოჰყვეს რუსულმა სამხედრო სასწავლებლებმაც - 2020 წლის მონაცემებით, მათთვის კარი ღიაა 14 რუსულ სამხედრო სასწავლებელში.

რა ჯდება ამ ბაზების შენახვა

რუსეთის ფედერაციის საინფორმაციო-პროპაგანდისტული პლატფორმები პერიოდულად წერენ რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებული სამხედრო ბაზების შენახვისთვის გადახდილ სოლიდურ თანხებზე და იმ შესაძლებლობებსა და აღჭურვილობებზე, რაც ამ ბაზებს აქვს. პროპაგანდისტული ნარატივის ნაწილია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსებული სამხედრო ძალების შესახებ მონაცემებიც.

ოსური და აფხაზური ე.წ. ოფიციალური წყაროების ცნობით, „აფხაზეთის ჯარის გეგმური სამწლიანი მოდერნიზაციისთვის 2015 წელს რუსეთმა 5 მილიარდი რუბლი (73,5 მილიონი დოლარი) გამოყო. სამხრეთ ოსეთისთვის 2008-2018 წლებში რუსეთის ფინანსური დახმარების მოცულობამ 60 მილიარდი რუბლი (880 მილიონ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია „მეგობარი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და რუსეთის სამხრეთ საზღვრების გაძლიერებაზე“.

რა ტექნიკაა განთავსებული

რუსეთის სამხედრო ბაზებზე ოკუპირებულ რეგიონებში განლაგებულია შემდეგი ტექნიკა და აღჭურვილობა: Т-90 და Т-72Б3 კატეგორიის ტანკები, БТР-82АМ კატეგორიის ჯავშანტექნიკა, 152-მმ თვითმავალი ჰაუბიცები- 2С3 „Акация“, 300 მმ-იან ცეცხლსასროლი რეაქტიული მძიმე ტექნიკა საზენიტო სარაკეტო კომპლექსით.

ქართველი ექსპერტების შეფასებით, ცხინვალში რუსული " ბაზის შემადგენლობაში აქამდე იყო 40 ტანკამდე T-72 ტიპის საკმაოდ მოძველებული ტექნიკა. ასევე საუბარია 120 ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ-2-ზე, 31 ერთეულ თვითმავალ საარტილერიო დანადგარ „აკაციაზე“. იქ იყო კიდევ 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნები"

ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო მე-4 სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულია გაძლიერებული მექანიზებული ბრიგადა (დაახლოებით 4500-კაციანი შემადგენლობა - როგორც ჩამოსულები, ისე ადგილობრივები) 3 მექანიზებული ბატალიონით, 1 სატანკო ბატალიონით, 1 ჰაერსაწინააღმდეგო დივიზიონით, დაზვერვის და ელექტრონული საბრძოლო დანაყოფებით.

რა გაიყვანეს უკრაინისკენ

სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან გაყვანილი საბრძოლო ტექნიკის კადრებს დააკვირდა და საკუთარი მოსაზრებები რადიო თავისუფლებას გაუზიარა.

„ ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული საბრძოლო ტექნიკა. ძალიან მოძველებული საბჭოთა პერიოდის ტექნიკაა. კადრებში რაც ჩანს, T-72 ტიპის ტანკები იყო. ყველაზე საინტერესო, რასაც თვალი მოვკარი, კუსტარულად ჰქონდათ დადუღებული გისოსები, როგორც კოშკურაზე, ისე ტანკის ძრავის თავზე. ალბათ ფიქრობენ, რომ ამით „ჯაველინებისგან“ დაიცავენ თავს. ასე კუსტარულად, ერთგვარად საქათმეებდადგმული ბევრი ტანკია უკვე აფეთქებული უკრაინაში. ამერიკული „ჯაველინებისთვის“ მნიშვნელობა არა აქვს, ზემოდან რას დაადუღებენ. ის მაინც აფეთქებს. ომის პირველ დღეებში რუსეთს უფრო თანამედროვე T-90 და T-80 ტიპის ტანკები ჰყავდა მობილიზებული, ახლა კი უკვე ძველი ტექნიკა გაჰყავს, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდა. მით უმეტეს, თუ ეს ძველი ტექნიკა თავისი სვლით ჩავიდა, ოკუპირებული ცხინვალიდან როკის გვირაბის გავლით, ვლადიკავკაზში. ეს ნიშნავს, რომ 150 კილომეტრზე მეტი თავისით გაიარა და როცა ტანკი ამდენს გაივლის, მას უკვე ტექნიკური რემონტი სჭირდება, ვიდრე ბრძოლის ველზე შეიყვან“, - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

კახაბერ ქემოკლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე და უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი, რომელიც კარგად იცნობს საოკუპაციო სამხედრო ბაზების შემადგენლობას, არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მიმართულებით „ეფესბეს“ სასაზღვრო ნაწილებიც იყოს გადასროლილი. ეს ნაწილები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის მოწყობასა და დაცვას უზრუნველყოფენ. ქემოკლიძის თქმით, გარდა მე-4 სამხედრო ბაზისა, ოკუპაციის 350-კილომეტრიანი ხაზის გასწვრივ ნახევრად სამხედრო 19 მინიბაზაც აქვთ მოწყობილი. ეს მინიბაზები კარგად ჩანს საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალიდანაც.

„ის ზიანი, რაც რუსებს უკრაინის ველზე აქვთ, მაფიქრებინებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან ყველა ის ტექნიკა და, მათ შორის, საპელენგაციო აპარატურა (ამ აპარატურით ხდება საკომუნიკაციო სიგნალების გადაჭერა) უკვე გადასროლილი იქნება უკრაინის მიმართულებით, რადგან რადიოელექტრონული დაზვერვის საშუალებები აუცილებლად დასჭირდებათ. ღია წყაროებით გამოსული ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსებს ძალიან დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ. დიდი ჩავარდნები აქვთ ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურის, სამექანიზაციო გაუმართაობის, სამხედრო-ტაქტიკური მომზადების მიმართულებით, ამიტომ აქტიური და ძალიან ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე, გრძელ დისტანციაზე ისეთი პრობლემები გამოუჩნდათ, რამაც დაადასტურა, რომ მომზადებულები არ აღმოჩნდნენ“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. არმიის ნარჩენები

რეგიონიდან შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკის გაყვანის შემდეგ, იმდენად გაძლიერდა დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის კრიტიკა, რომ ის იძულებული გახდა, სპეციალური მიმართვა გაევრცელებინა.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას საზღვარზე, არის ქართული პოსტების მცირე გაძლიერება, მაგრამ ისინი ამ დროისთვის საფრთხეს არ უქმნიან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას. განგაშის საფუძველი არ არსებობს, რესპუბლიკის მცხოვრებლებს არ უნდა ეშინოდეთ, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ“, - განაცხადა ბიბილოვმა 17 მარტს.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მე-4 რუსული ბაზაა განლაგებული, რომელიც რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია.

უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ ის დანაყოფები, რომლებიც ჩვენ გვყავს. ჩვენ გვაქვს საჭირო ძალები და საშუალებები ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების მონიტორინგს, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენმა ხალხმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს“, - წერია ანატოლი ბიბილოვის განცხადებაში.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არმია 2008 წლის ომის შემდეგ 3000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა, თუმცა პირადი შემადგენლობის რაოდენობა ყოველწლიურად მცირდებოდა და ამას დე ფაქტო ხელისუფლება კრემლთან შეთანხმებით აკეთებდა. 2010 წლისთვის ე.წ. არმიაში 1200 კაცი დარჩა, ხოლო 2015 წლიდან, ადგილობრივი ჯარისკაცების დიდი ნაწილი საკონტრაქტო პირობებით სამსახურისთვის, რუსეთის მე-4 ბაზაზე წავიდა. ამჟამად კი დე ფაქტო რესპუბლიკას ე.წ. არმიიდან მხოლოდ ერთი ბატალიონი, დაახლოებით 800 კაცის შემადგენლობა დარჩა.

XS
SM
MD
LG