რამდენიმე დღეში დე ფაქტო დეპუტატები ბიჭვინთის აგარაკებისა და მიმდებარე ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირებას განიხილავენ. ივლისის შემდეგ აფხაზეთში ამ საკითხზე მწვავე პოლემიკა არ წყდება.
"გადაცემის აქტი არის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა, საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის", - წერს თავის მიმართვაში ახალგაზრდული ჯგუფი Hara Hpitsunda [ბიჭვინთა ჩვენია - რ.თ] და აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს რატიფიცირებას.
ახალგაზრდები ტელეგრამსა და ინსტაგრამში დეტალურად აქვეყნებენ ხელშეკრულების მიუღებელ პუნქტებს, მათ შორისაა:
- დოკუმენტში არასწორად მითითებული კოორდინატები, რომელმაც გადასაცემი ტერიტორიის ფართობი გააფართოვა და 186 ჰექტრიდან 343-მდე გაზარდა;
- ეს ხელშეკრულება იდება 49 წლით და ავტომატურად ახლდება კიდევ 15 წლით;
- "ობიექტი" რუსეთის საკუთრებაში გადადის, მაგრამ არ არის დაზუსტებული, რა შედის "ობიექტში".
10 ნოემბერს სოხუმიდან მოსკოვში აფხაზი დე ფაქტო პარლამენტარები გაემგზავრნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთის დუმაში დანიშნული შეხვედრები დოკუმენტში სადავო ფორმულირებების ნაწილის გამოსწორების საშუალებას მისცემდა. მოსკოვში აფხაზებს დაეთანხმნენ, მაგრამ დოკუმენტი არ შეცვალეს.
"ეს არის ერთგვარი ჩიხური ვითარება აფხაზეთისთვის. როგორც ამ დოკუმენტის რატიფიცირება, ისე რატიფიცირებაზე უარის თქმა, გარკვეულ გართულებებს გამოიწვევს. საზოგადოების განწყობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რატიფიცირებამ დიდი უკმაყოფილების ტალღა შეიძლება წარმოშვას, რომელიც თავისუფლად შეიძლება დემონსტრაციებში გადაიზარდოს. იმის გათვალისწინებით, რომ არსებული ხელისუფლების მიმართ სხვა მრავალ მოუგვარებელ საკითხზე, მათ შორის ენერგოკრიზისზე საზოგადოების მხრიდან კითხვები არსებობს, მოლოდინიც მაქვს, რომ ოპოზიციაც ამ მომენტს ელოდება", - ამბობს რონდელის ფონდის მკვლევარი, კონფლიქტოლოგი ბადრი ბელქანია.
თუ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რატიფიცირებაზე უარი თქვა, ეს დააზარალებს ურთიერთობას რუსეთთან, რომელიც სოხუმის ერთადერთი და სტრატეგიული პარტნიორია.
კონფლიქტოლოგს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს ბიჭვინთის აგარაკების ხელშეკრულების რატიფიკაციის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს.
"ხლართავენ მთელ ქსელს, რათა საზოგადოებამ მტკივნეულად არ მიიღოს რატიფიცირების გადაწყვეტილება და ხალხი არ გამოვიდეს ქუჩაში. როგორც ჩანს, პარლამენტში არის განწყობა, რომ მოხდეს რატიფიკაცია, მაგრამ მერე არ იციან რა მოხდება, ხალხი გამოვა თუ არა ქუჩაში. ამიტომ დროც გაწელეს, სიცივეებისკენ გადაწიეს, რომ დიდხანს ხალხი ქუჩაში არ იყოს. იქ საკმაოდ ნესტიანი ზამთარი და მძიმე შემოდგომაა. მე მგონი, ეშინიათ ხალხის გამოსვლის, მაგრამ მეორე მხრივ ამზადებენ სიტუაციას, რომ ხალხმა მთავრობის ჩანაცვლება ვერ მოახერხოს. ესეც რომ მოხდეს და გადმოაყირავონ დღევანდელი ხელისუფლება, არა მგონია, რომ ბიჭვინთას რამე ეშველოს. იმიტომ, რომ ვინც მოვა, ისინი იტყვიან, რომ ჩვენ ჩამოვაგდეთ საძულველი ხელისუფლება, რომელმაც ბიჭვინთა გაყიდა, მაგრამ ჩვენ ვეღარ შევცვლით სიტუაციას", - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
პირველ დეკემბერს სოხუმში ჩასულმა რუსეთის დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ "დახურულ ფორმატში [აფხაზ პარლამენტარებთან შეთანხმებაზე] საუბარი ძალიან სასარგებლო" იყოო. მან რამდენიმე სიტყვა დიალოგსა და ნდობაზეც თქვა: "მეგობრობა ორმხრივი მოძრაობის ქუჩააო", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
ბიჭვინთა გაგრის რაიონში მდებარეობს. ის ზღვისპირა კურორტია აფხაზეთში საუკეთესო ქვიშიანი პლაჟით, თბილი ზამთრით, ზომიერად ცხელი ზაფხულით, მშვიდი ზღვით და ბიჭვინთის კონცხზე რელიქტური ფიჭვის კორომებით.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ლიდერების საზაფხულო რეზიდენცია იყო. ამ ადგილს რუსეთის ფედერაცია სხვადასხვა შეხვედრისა და ღონისძიებისთვის 1995 წლიდან იყენებს. 2017 წლის აგვისტოში, აგარაკზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
"როგორი ურთიერთობა იქნება რუსეთთან 49 წლის შემდეგ, ჩვენ არ ვიცით. არის მისი (შეთანხმების) გადახედვის შესაძლებლობა. გარდა ამისა, მოქმედ შეთანხმებაში ცალსახად წერია, რომ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი თანამდებობის პირების გარდა, იქ დასვენება არავის შეუძლია. რა გვინდა, საერთოდ არ ვიცი. დღეს, მედიას თუ გადახედავთ, რუსეთთან ურთიერთობაში ისეთი ნეგატივის ტალღა ავწიეთ... ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის… ზოგად კონტექსტში უნდა შევხედოთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ხედავთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები იცვლება. გვირაბი აშენდება, რომელიც რუსეთს საქართველოსთან დააკავშირებს. ზემო ლარსში გამშვებ პუნქტებს აფართოებენ...", - ამბობს უშიშროების საბჭოს დე ფაქტო მდივანი სერგეი შამბა.
თუმცა, აფხაზეთში ცოტას თუ ეპარება ეჭვი იმაში, რომ სოხუმი შეთანხმებას სანქციებში მოქცეული რუსი ოლიგარქების ინტერესებიდან გამომდინარე ლობირებს.
"ბიჭვინთა ჩვენია", "ბიჭვინთა ოლიგარქების ხელში აღმოჩნდება", "თქვენი გადაწყვეტილება მომავალს განსაზღვრავს", "მშობლიური მიწის გოჯი დიდი სიმდიდრეა", "გადახედეთ შეთანხმებას" - ასეთი ლოზუნები ეწერათ მუყაოს პლაკატებზე აფხაზ ახალგაზრდებს, რომლებიც პროტესტის ნიშნად ქუჩაში გავიდნენ და ხელისუფლების გეგმები დე ფაქტო პარლამენტის წინ გააპროტესტეს.
"ჩვენ არავინ გვაფინანსებს და ჩვენთვის არავის უთქვამს, რომ გარეთ უნდა გამოვსულიყავით. ეს ჩვენ გადავწყვიტეთ და ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები. აქციის რამდენიმე მონაწილეს დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი, მაგალითად, მე ვარ 21 წლის, არიან ისეთებიც, რომლებიც 23 წლის და უფროსები არიან. ჩვენ ბავშვები არ ვართ, უბრალოდ გვინდა, რომ მოგვისმინონ", - თქვა სექტემბერში გამართული მსვლელობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა არიანა კვეკვესკირმა.
"კომენტარებში გვიწერდნენ, რომ ჩვენი საქციელი იყო რუსოფობიური. ეს საერთოდ არ არის ასე, ჩვენ ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ, ასეთი რამის დაწერა სრული სისულელეა! არავინ გვაფინანსებს, ჩვენი სპონსორი სოხუმის სანაგვე ურნაა, სადაც პლაკატებისთვის მუყაოს ყუთები ავიღეთ", - უთხრა რადიო თავისუფლების პროექტ "ეხო კავკაზას" სოხუმში სექტემბერში გამართული აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, სოხუმელმა სტუდენტმა სანდრიკ აბლოთიამ.
შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის მე-8, მე-9 და მე-10 კომპლექსების, ასევე კაგებეს მე-9 სამმართველოს განკარგულებაში მყოფი სამხედრო ქალაქის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. რუსეთს ნახევარი საუკუნით, იჯარით გადაეცემა ბიჭვინთის ნაკრძალის 186 ჰექტარი მის მიმდებარე საზღვაო ზოლით.