Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რამდენი უნდა გადავიხადოთ, რომ ზღვაში ვიბანაოთ?“ - აფხაზეთში მიწების გასხვისებას ეწინააღმდეგებიან


კერძო სანაპირო, 1000-საწოლიანი სასტუმრო, დასახლება 500 ჰა-ზე -აფხაზეთში სულ უფრო მწვავდება მიწების გასხვისების საკითხი. მორიგი მღელვარება გერმანული კომპანიის შეთავაზებას მოჰყვა, რომლის განზრახვაც აფხაზეთში დასახლების აშენებაა.

ტელეგრამის არხმა Respublica გამოაქვეყნა FVT–Group & Partner-ის წერილი, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრ ანქვაბის სახელზეა გაგზავნილი. კომპანია მას 6 მლრდ ევროს ინვესტიციას სთავაზობს ქალაქური ტიპის დასახლების ან 10-12-ათასკაციანი „მცირე საკურორტო ქალაქის“ ასაშენებლად.

ინვესტორი მშენებლობისთვის ითხოვს 500 ჰა მიწის ნაკვეთს და სახელმწიფო გარანტიას ხელისუფლების შეცვლის და სხვა შემთხვევებში საინვესტიციო კრახის თავიდან ასაცილებლად. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ახრა არისტავა ამბობს, რომ თავიდან ინფორმაცია „ფეიკი“ ეგონა.

„თუ გავითვალისწინებთ ევროპაში შექმნილ სიტუაციას და სანქციებს, ეს ყველაფერი სიმართლეს არ ჰგავს. ჯერ ერთი, ძალიან დიდი თანხაა და თან წერილიც არაა შედგენილი წესების დაცვით, როგორც საინვეტიციო წინადადებას ადგენენ ხოლმე. თან მიუღებელი პირობაა, წერენ, რომ სახელმწიფო გარანტიები სჭირდებათ ინვესტიციისთვის, ანუ კომერციული რისკი ბიუჯეტს უნდა დაუკავშირდეს. ჩვენ უკვე გვახსოვს მსგავსი გარანტიების სევდიანი ისტორია რკინიგზასთან დაკავშირებით. აქ კი გაცილებით დიდ თანხაზეა საუბარი. მინიმალური პროცენტების გადახდასაც კი ვერ შევძლებთ. ჩვენი ბიუჯეტი 4 მილიარდი რუბლია (61 მილიონ ევრომდე). ან საერთოდ რა შუაშია სახელმწიფო გარანტიები?

პრეზიდენტმა გარანტია მისცა, რომ განიხილავს მიწის ნაკვეთის საკითხს. ასეთი დიდი ნაკვეთი მხოლოდ გალის რაიონში თუ გვექნება. როდესაც ინვესტორები ჩვენთან ათჯერ უფრო პატარა ნაკვეთებს ეძებდნენ, პრობლემებს აწყდებოდნენ. ქვეყანა პატარაა და მსგავსი ნაკვეთის პოვნა ჭირს. სიმართლე გითხრათ, ამ წერილს არც ვუპასუხებდი. არა მგონია, ამ ამბავს გაგრძელება მოჰყვეს. საზოგადოება ყოველთვის ძალიან მწვავედ რეაგირებს, როდესაც საქმე მიწას ეხება“, - ამბობს ახრა არისტავა.

აღშფოთებული საზოგადოების დასაშოშმინებლად, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია მიწის მიყიდვასა და უცხოელების ჩამოსახლებას არ ითხოვს. ინვესტორი აპირებს, მშენებლობის დასრულების შემდეგ აფხაზეთს გადასცეს სოციალური ობიექტები, - წერია განცხადებაში. პროექტით გათვალისწინებულია სკოლების, საბავშვო ბაღების, 100-ადგილიანი კლინიკის, ადმინისტრაციული შენობების, საგანგებო სიტუაციების სამსახურის, პოლიციის, სახანძრო და სხვა შენობების მშენებლობა.

ვნახე პრეზიდენტის პრესსამსახურის წერილი. მათ აღიარეს, რომ მსგავსი შეთავაზება ნამდვილად იყო და ის განიხილეს. მაგრამ დაწერეს, რომ შეხვედრა არ შემდგარა, საგნობრივი მოლაპარაკება არ ყოფილა. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, არ პასუხებენ ან იწვევენ. ჩვენ გვქონდა შემოთავაზებები კანადური, შვეიცარიული, ბულგარული ფირმებისგან. თუ დაინტერესებულები ვიყავით, ვიწვევდით, რომ აფხაზეთში ჩამოსულიყვნენ. ამის შემდეგ უკვე შეიძლებოდა რამეზე დალაპარაკება“, - განმარტავს ახრა არისტავა.

ჟურნალისტ იზიდა ჭანიას თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ პროექტი არაადეკვატურია, უშუალოდ ხელისუფლების ქმედებაც ბადებს კითხვებს.

პრემიერ-მინისტრისადმი მიწერილ წერილს პრეზიდენტი პასუხობს. ეს, სულ მცირე, უცნაურია. მით უფრო, რომ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტო, რომელიც ვალდებულია მსგავს საკითხებს განიხილავდეს. აღშფოთებულ საზოგადოებას ხელისუფლებამ არსობრივად არაფერი უთხრა, მაგრამ შეატყობინა, რომ პროექტის ინიციატორები ხელმეორედ აღარ დაკავშირებიან და საიდუმლო შეთანხმება, რომელსაც გეგმავდნენ, დღის წესრიგიდან მოიხსნა“, - ამბობს იზიდა ჭანია.

ფასიანი ბანაობა

აფხაზეთში საზოგადოებას ყოველთვის მწვავე რეაქცია აქვს, როდესაც საქმე მიწის გასხვისებას ეხება, იქნება ეს ჰექტრობით ტერიტორია თუ უბრალოდ კერძო პლაჟი. მაგალითად, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ სანაპიროს 600 მეტრი იჯარით გაიცემა, ინტერნეტი აღშფოთებული ხალხის რეპლიკებმა წალეკა.

მხოლოდ ნაპირს კი არა, სამშობლოს ყიდიან“.

ვიღაც უზბეკი ცდილობდა გავეგდე სანაპიროდან, მიმტკიცებდა იჯარით ავიღე ადგილობრივისგანო. მიყვიროდა, ან სხვაგან წადი, ან შეზლონგში ფული გადაიხადეო. და ეს იმ სანაპიროზე, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე.

საშინელებაა... რამდენი უნდა გადავიხადოთ, რომ ზღვაში ვიბანაოთ“.

რუსეთი აგარაკების გადაცემას ითხოვს

ამ დღეებში ისევ წამოიწია საკითხმა, რომელსაც აფხაზეთი უკვე 12 წელია განიხილავს. რუსული მხარე ითხოვს საკუთრებაში გადაეცეს სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი ბიჭვინთა-მიუსერის აღკვეთილში. კომპლექსის ფართობი 186 ჰექტარია. ამჯერად ცდილობენ, დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტს შეთანხმების ახალი ტექსტი წარუდგინონ. სახალხო პალატამ დეპუტატებს რეკომენდაცია მისცა, სამართლებრივი ექსპერტიზისა და მოსმენის გარეშე ტექსტი არ განეხილათ, მაგრამ დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მაინც გადაწყვიტეს მისი უახლოეს სესიაზე გატანა.

პანსიონატი „მიუსერა“
პანსიონატი „მიუსერა“

„რუსებს ამ აგარაკებში მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ, რა აუცილებელია ობიექტს სტატუსი შეუცვალონ? მგონია, რომ ხელშეკრულება როგორიც იყო არძინბას დროს, ისევე უნდა დარჩეს“, - ამბობს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი კან კვარჩია, ის მომხრე იყო, სესიაზე გატანამდე დოკუმენტი საფუძვლიანად შეესწავლათ.

ათასსაწოლიანი სასტუმრო

კიდევ უფრო ადრე, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, ალექსანდრ ტკაჩევის 27 დეკემბრის განცხადებას, რომლის თანახმად, ბიჭვინთაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების კომპლექსი „მოსკოვი რიზორთი“ აშენდება. პროექტში დაახლოებით 20 მილიარდი რუბლის ინვესტიციაა ჩადებული. „მოსკოვი რიზორთი“ იქნება 700-საწოლიანი სასტუმრო, ხოლო მიმდებარედ აშენდება ათასსაწოლიანი აპარტამენტები.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ აფხაზეთში მიწის გაყიდვის შიში უსაფუძვლოა, რადგან ასეთ შეთანხმებას სამართლებრივი ძალა არ ექნება. მისი სიტყვებით, მართალია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, განსაკუთრებით, გაგრასა და ბიჭვინთაში, ბოლო დროს, ბევრი მაღალი კლასის სასტუმრო შენდება, მაგრამ მიწები დაკანონებული არ არის და ერთ მშვენიერ დღეს ეს ყველაფერი შეიძლება გაუქმდეს.

„ეხო კავკაზას“ სტატიების მიხედვით მოამზადა თეა თოფურიამ.

XS
SM
MD
LG