2 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ანტიკორუფციულმა მოძრაობამ გამართა აქცია აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო ორი წლის წინ ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად და საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვა.
აქციას ესწრებოდა ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუაც, რომლის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს საერთაშორისო ბერკეტებს ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.
„მათი პასუხი უცვლელია, რომ მთავარ საქმესთან დაკავშირებით მათ არა აქვთ წინსვლა. ამ ფუჭ მოლოდინში გავიდა ორი წელი“, - ამბობს თამუნა ბებუა.
ოჯახს დიდი ხანია ირაკლისთან არც სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონია და არც ის იციან ზუსტად, როგორია დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა:
„ჩვენი წყაროებიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ მას საკვებიც კი არ ჰქონდა. მოვახერხეთ და წამლები და საკვები მივაწოდეთ, მაგრამ ახლა როგორ არის, ზუსტად არ ვიცით“, - ამბობს თამუნა ბებუა და ხელისუფლებისგან მოითხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ბიძაშვილის გასათავისუფლებლად.
2020 წლის 30 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა, რომელმაც გალის რაიონში დაწვა „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“. მოგვიანებით, დე ფაქტო შსს-მ განაცხადა, რომ ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა აღმოაჩინეს. დე ფაქტო სასამართლომ ირაკლი ბებუა „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა და 7 დეკემბერს მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა
ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.