Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა იცოდეთ, რომ აქციაზე არ დაშავდეთ


აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.
აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.

საპროტესტო აქციის დროს შეიძლება დაშავდნენ მისი მონაწილეები (და არამარტო), განსაკუთრებით მაშინ, თუ აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. როგორ შეიძლება მოემზადოთ ასეთი სიტუაციისთვის?

რა იგეგმება აქციამდე?

აქცია შეიძლება იყოს სპონტანური ან/და დაგეგმილი. სპონტანური აქციების დროს გადამწყვეტი სისწრაფეა. მეორე შემთხვევაში აქციის მონაწილეს მომზადებისთვის დრო აქვს. მომზადებაში არა მხოლოდ ამინდის შესაბამისად ჩაცმა იგულისხმება, არამედ პლაკატების დამზადება და პერფორმანსების დაგეგმვა. როდესაც ყველაფერი წინასწარ არის მოფიქრებული, აქციის მონაწილეებმა მეტ-ნაკლებად იციან, საკუთარი აზრის გამოსახატავად რას და როგორ გააკეთებენ.

როგორ უნდა ჩაიცვათ?

მოხერხებული ტანსაცმელი, დამჯდარი ფერებით. ჯობს თვალში არავის მოხვდეთ. აქციების დასაშლელად ხშირად იყენებენ წყლის ჭავლს, არეულობის დროს კი შესაძლოა ცეცხლიც გაჩნდეს. ტანსაცმელი ადვილად უნდა გაშრეს და ძნელად დაიწვას.

დაიცავით თავი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაიხურეთ კეპი, რომელსაც შიგნით პლასტმასის ან რეზინის ფენა აქვს. აქციებზე ხშირად ისვრიან სხვადასხვა ნივთს, ქვებს, ტყვიებსაც - რაც შეიძლება თავში მოგხვდეთ. კეპი დაგიცავთ მაშინაც, თუ აქცია ხელკეტებით დაარბიეს ან არეულობის დროს წაიქეცით.

შეარჩიეთ დახურული და მოსახერხებელი ფეხსაცმელი. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ყველაზე კარგი სალაშქრო ფეხსაცმელია. ფეხსაცმელი და სანდალი ჭყლეტაში შეიძლება ადვილად გაგძვრეთ და ფეხშიშველი დარჩეთ.

აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.
აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.

რა ხდება, თუ მომწამვლელი აირი გაუშვეს?

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მომზადებული აქვს სახელმძღვანელო მიტინგებზე მუშაობისთვის. მასში მითითებულია, რომ თვალების დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ბალისტიკური სათვალე, რომელიც აკმაყოფილებს MIL-PRF-32432(GL) და ANSI Z87.1-2010 სტანდარტებს. ცრემლსადენი აირისგან დასაცავად იყენებთ აირწინაღს. ასევე დაგიცავთ goggles ბალისტიკური სათვალე რეზინის საიზოლაციო შრით და FFP2 (იგივე N95) რესპირატორი.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პირველი დახმარების კოორდინატორის თეიკო ჩიკვილაძის რეკომენდაციებით, თუ რესპირატორი არ გაქვთ, სულ არაფერს სჯობს ჩვეულებრივი ნიღაბი ან რამე ნაჭერი აიფაროთ. ამის შემდეგ უნდა მოშორდეთ იმ ადგილს, სადაც მომწამვლელი აირი გაუშვეს და ნიღაბიც გამოიცვალოთ. თუ საშუალება გაქვთ, ტანსაცმლის ზედა ფენაც გაიხადეთ.

არ გაიღიზიანოთ კანი, არ მოისრისოთ თვალები.

ვინც ლინზებს ატარებს, ჯობს აქციაზე ლინზები სათვალით ჩაანაცვლოს. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ბრონქული ასთმით დაავადებულები, ორსულები და ხანში შესულები.

წყლის წაღება აუცილებელია?

აუცილებელია. ჯერ ერთი, მოგწყურდებათ, მეორეც, თუ აქცია დაარბიეს და დაშავდით, ჭრილობა წყლით უნდა ჩამოირეცხოთ. მომწამვლელი გაზის გაშვების შემთხვევაშიც წყლით დაიბანეთ თვალები, წყალი გადაივლეთ სხეულის იმ ნაწილზე, სადაც მომწამვლელი ნივთიერება მოხვდა, დაიბანეთ სახე და ხელები. მიაქციეთ ყურადღება, რომ მომწამლელი აირით დაბინძურებული ხელები თვალს არ მოხვდეს.

თუ აქციის მონაწილეს ჭრილობა აქვს?

შესაძლოა, თქვენ გვერდით ჭყლეტაში ვინმეს გული წაუვიდეს ან დაცემისას თუ რეზინის ტყვიისაგან დაშავდეს. ამ დროს საჭიროა, დაშავებული განზე, ჰაერზე გაიყვანოთ და დააწვინოთ.

თუ ჭრილობა აქვს, ის წყლით გადარეცხვის შემდეგ სუფთა ნაჭრით უნდა შეუხვიოთ. ეცადეთ მიიყვანოთ, და რაც შეიძლება სწრაფად, სასწრაფო დახმარების მანქანამდე ან საავადმყოფომდე.

რა არ უნდა წაიღოთ აქციაზე?

ყველაფერი, რაც თქვენთვის ძვირფასია და შეიძლება დაკარგოთ. ეს არ ეხება მობილურ ტელეფონს, ის აუცილებლად დაგჭირდებათ. ასევე წაიღეთ მსუყე საჭმელი, ისეთი, რომელიც დიდ ადგილს არ დაიკავებს, მაგალითად, შოკოლადის ბატონი ან ჩურჩხელა.

აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.
აქცია „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ კანონის წინააღმდეგ, 7 მარტი, 2023.

როგორ იქცევით, თუ აქციაზე გაპატიმრებენ?

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი განმარტავს, რა უფლებები გაქვთ აქციაზე დაკავების შემთხვევაში.

არ მოგეთხოვებათ, მაგრამ ჯობს თან გქონდეთ პირადობის მოწმობა. ასე თქვენი იდენტიფიცირება გაცილებით გაიოლდება.

პოლიციას შეუძლია განარიდოს ადამიანი გარკვეული ტერიტორიიდან. ანუ გადაგიყვანონ სხვა ადგილას და იქ გაგანთავისუფლონ. თქვენ აუცილებლად უნდა განგიმარტონ, ამას რატომ აკეთებენ.

დაკავება უკიდურესი ფორმაა და პოლიცია ვალდებულია დაკავებამდე გაფრთხილება მოგცეთ.

პოლიციამ უნდა განმარტოს, რის საფუძველზე გაკავებთ, უნდა შეადგინოს შესაბამისი ოქმი. ამის შემდეგ თქვენ გადაგიყვანენ პოლიციის განყოფილებაში ან დროებითი დაკავების იზოლატორში.

თუკი პოლიციელის შევსებულ ოქმს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ ოქმზევე გააკეთოთ შენიშვნა. თუ პოლიციელი ამის საშუალებას არ იძლევა, შეგიძლიათ ოქმს ხელი არ მოაწეროთ.

თქვენ გაქვთ ადვოკატის ყოლის უფლება. თუ მოითხოვთ ადვოკატს, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია თქვენს ადვოკატს დაუკავშირდეს, ასევე დაუკავშირდეს ოჯახს და აცნობოს თქვენი ადგილსამყოფელი. ადვოკატის მოძიება ოჯახსაც შეუძლია.

დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში სამართალდამცავები ვალდებულები არიან წარგადგინონ სასამართლოს წინაშე. არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მათ ამისთვის 48 საათი სჭირდებათ, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დაგისაბუთონ, რომ პროცესი ნამდვილად ობიექტური მიზეზების გამო გაჭიანურდა.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG