Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის ცნობილი ბელარუსში დაკავებულ რუს დაქირავებულებზე


ალექსანდრ ლუკაშენკა სამხედრო სწავლებაზე მინსკში
ალექსანდრ ლუკაშენკა სამხედრო სწავლებაზე მინსკში

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ, სასწრაფოდ მოიწვია უშიშროების საბჭო მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა წუხელ მინსკის მახლობლად დააკავეს „უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის 32 მებრძოლი“.

თავდაპირველად, სახელმწიფი სააგენტო БЕЛТА-ზე დაყრდნობით, გავრეცელდა ცნობა, რომ დაკავებულები არიან „უცხოური კერძო სამხედრო კომპანიის“ (კსკ) მებრძოლები. მომდევნო გამოშვებაში სააგენტომ დააზუსტა, რომ ლაპარაკია რუსეთის მოქალაქეებზე, კერძოდ, ე.წ. კსკ „ვაგნერის“ მებრძოლებზე.

მოგვიანებით ნაციონალისტურად განწყობილმა რუსმა მწერალმა, ზახარ პრილეპინმა, რომელიც ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უკანონო სამხედრო დანაყოფს მეთაურობდა, სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დაკავებულთა შორის მყოფი რამდენიმე კაცი დონბასში, მის ბატალიონში, მსახურობდა.

მინსკში წუხელ დაკავებულ „უცხოელ მებრძოლთა“ დიდი ნაწილი, 20 კაცი, უკრაინაში მოქმედი ცნობილი არასამთავრობო ცენტრის, „მშვიდობისმყოფელის“ ("Миротворец“), მონაცემთა ბაზაში ფიგურირებს.

ამ 20 კაციდან 5 მონაწილეობდა აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.

დაკავებულთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა - ძირითადად დონეცკიდან და ლუგანსკიდან და, ასევე, სავარაუდოდ, ოდესიდან. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ცენტრ „მშვიდობისმყოფელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომან ზაიცევმა.

32-ვე დაკავებულის ვინაობა ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო БЕЛТА-მ გამოაქვეყნა.

ცნობაში მითითებულია, რომ „წინასაარჩევნო კამპანიის დროს სიტუაციის დესტაბილიზაციის“ მიზნით ბელარუსში 24-25 ივლისს ჩავიდა, მთლიანობაში, მებრძოლთა („ბოევიკთა“) 200-კაციანი ჯგუფი.

ჯგუფი მინსკის ერთ-ერთ სასტუმროში დასახლებულა, რომელიც თავდაპირველად 25 ივლისს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ ჯგუფმა სასტუმრო მხოლოდ 17 ივლისს დატოვა და დაბინავდა მინსკის ერთ-ერთ სანატორიუმში.

სწორედ აღნიშნული სანატორიუმის ტერიტორიაზე დააკავა ბელარუსის სპეცდანიშნულების ნაწილმა სავარაუდო რუსი დაქირავებული მებრძოლები.

ამ ფაქტის ამსახველი კადრები ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა გააანალიზა ეს კადრები და მივიდა დასკვნამდე, რომ დაკავებულები შესაძლოა ბელარუსის გავლით სუდანში მიემგზავრებოდნენ. ასეთი ვარაუდი ემყარება იმას, რომ კადრზე ჩანს სუდანური ფუნტის ერთეული და სატელეფონო ჩიპი, ქალაქ კასალაში მდებარე ჰატმიას მეჩეთის გამოსახულებით.

ცნობილია, რომ ახლახან აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული გავლენიანი რუსი ბიზნესმენის კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ სუდანში, ჰონგ-კონგსა და ტაილანდში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები შეეხება ხუთ კომპანიას, რომლებიც დაკავშირებული არიან ევგენი პრიგოჟინთან, და ასევე სამ პირს, რათა შეაჩერონ ფინანსისტის „საქმიანობა, რომელიც მსოფლიოში დესტაბილიზაციას იწვევს“.

რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას ბელარუსში რუსეთის მოქალაქეთა დაკავების თაობაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ჯერჯერობით დუმს ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკაც, რომელმაც ბოლო ხანს რამდენჯერმე განაცხადა, რომ უცხოური - მათ შორის რუსეთის - ძალები არჩევნებში ჩარევას ცდილობენ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG