Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დარჩა თეა წულუკიანი მინისტრის პოსტზე?


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე რჩება და, თუ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის კომენტარის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის რჩება იმ ფასეულობათა ერთგულიც, რის გამოც „2012 წელს ქართველმა ერმა ძალიან რთულ გარემოში დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“.

რის გამო აპირებდა თანამდებობიდან წასვლას 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე „ქართული ოცნების“ სამთავრობო გუნდის უცვლელი მინისტრი? მიზეზი არც პრემიერ-მინისტრს დაუსახელებია და არც თავად თეა წულუკიანს, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ამას ნამდვილად აპირებდა.

გამჟღავნებული ბრაზი

სანამ თანამდებობაზე დარჩენის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ილაპარაკებდა, თეა წულუკიანი ირიბად ადასტურებდა მასა და მმართველ გუნდს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა დეტალებზე საუბარს შორეული მომავლის საქმედ მიიჩნევდა.

აქვს თუ არა ღირებულებითი პრობლემა მმართველ გუნდთან? - რადიო თავისუფლების ამ შეკითხვის პასუხად, 12 მარტს თეა წულუკიანმა განაცხადა:

„როდესაც მექნება თეთრი თმა, გავიზრდი თმებს და გავიკეთებ დიდ კოსას, შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ ამ თემაზე საუბარს, ანუ თემის დაკონკრეტებას. საერთოდ არ ვისაუბრებდი, ღიად რომ არ გამოსულიყო გარეთ აზრთა სხვადასხვაობის შესახებ ეს ამბავი".

თეა წულუკიანის თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გაავრცელა „პირველმა რადიომ“, თუმცა 7 წლის განმავლობაში ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა. მმართველ გუნდთან აფილირებული მედია სხვა დროსაც იუწყებოდა იუსტიციის მინისტრის გადადგომის შესახებ, თუმცა უკანასკნელი შემთხვევა ერთადერთი იყო, რომელსაც თავად თეა წულუკიანის მხრიდან ერთმნიშვნელოვანი უარყოფა არ მოჰყოლია. მან მხოლოდ ის უარყო, რომ მისი შესაძლო გადადგომის საკითხი შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო შეწყალების კომისიის თემასთან ან იუსტიციისა და სასჯელაღსრულების უწყებების შერწყმასთან.

შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლის ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 6 მარტს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გადაწყვეტილების საბოლოო უფლება პრეზიდენტს უნდა დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში უნდა მომზადდეს.

12 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყვეს ინფორმაცია, რომ სადავო საკითხი, რომლის გამოც იუსტიციის მინისტრს, შესაძლოა, თანამდებობა დაეტოვებინა, პატიმართა შეწყალების კომისიას უკავშირდებოდა.

„არანაირი უთანხმოება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის მინისტრს შორის არ არსებობს, მით უმეტეს, ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ვგულისხმობ შეწყალების კომისიის გადატანას იუსტიციის სამინისტროში“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამიზნე

თეა წულუკიანსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება საჯარო არასოდეს გამხდარა. მინისტრს იცავდა მთელი „ქართული ოცნება“ გასული წლის ზაფხულშიც, როდესაც სამოქალაქო სექტორი მის გადადგომას მოითხოვდა.

სამოქალაქო სექტორი მიიჩნევდა, რომ თეა წულუკიანმა, მაგალითად, ვერ შეძლო მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება და მისი მინისტრობის პერიოდში მთავარი პროკურორი ხუთჯერ შეიცვალა.

იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელი იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ულტიმატუმის ენით საუბარი“, ხოლო იუსტიციის მინისტრის გადაყენების მოთხოვნას ის უწოდებდა "აბსურდულს".

პრემიერის ამ შინაარსის პოსტს ფეისბუკის ათასობით მომხმარებელი ხარხარის აღმნიშვნელი ღილაკით, ე.წ. "ჰაჰას" სიცილაკით გამოეხმაურა.

ვინ ვის ევაჭრება

პოლიტიკის ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ თეა წულუკიანის საკითხი უმნიშვნელო საკითხია იმ რღვევის ფონზე, რომელსაც ახლა ხელისუფლება განიცდის. პრობლემა სისტემურია და მას საკადრო გადაწყვეტილებები არ უშველის.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაში კრიზისი მართლმსაჯულების საკითხთან დაკავშირებული დავის ფონზე დაიწყო და დღეს ხელისუფლების შიგნით მიდის ვაჭრობა - „ამ პოლიტიკური გაერთიანების შემაკავშირებელი ხომ არასოდეს ყოფილა ფასეულობათა სისტემა“. ანალიტიკოსის აზრით, ვაჭრობას განაპირობებს მეტი სარგებლის მიღების მისწრაფება.

„ვინაიდან აღარ არიან თანახმა ბიძინა ივანიშვილის უპირობო დიქტატზე, თან არც ბიძინა ივანიშვილი აღმოჩნდა მაგარი... მან, ფაქტობრივად, წააგო საპრეზიდენტო არჩევნები და ახლა გუნდის შიგნით მიმდინარეობს ვაჭრობა სარგებლის მიღებისთვის - ეს იყო კლასიკური ვაჭრობა და მეტი არაფერი“, - ასე აფასებს თეა წულუკიანის თანამდებობაზე დარჩენას გია ხუხაშვილი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG