მმართველი პარტიის ოპონენტები მიუთითებენ, რომ „ქართული ოცნება“ ეფესბესთან დაკავშირებულ რუსეთის მოქალაქეს, ოთარ ფარცხალაძეს იცავს და უგულებელყოფს მთავარს - სახელმწიფოს უსაფრთხოებას.
რატომ? სახელდება არაერთი მიზეზი, მათ შორის - თადარიგის დაჭერა სხვათა შესაძლო სანქცირების მოლოდინში.
20 სექტემბერს თბილისში სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციის რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა - ეროვნულ ბანკთან და რუსთაველის გამზირზე.
ხმაურში ჩაკარგული მთავარი აქცენტები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქცია მოაქცია ქვეთავში - „რუსეთის მანკიერი ზეგავლენა საქართველოში“ და საქართველოს უსაფრთხოებას დაუკავშირა. ვაშინგტონმა თბილისს უთხრა, რომ:
- ყოფილი გენპროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანამშრომლობდა რუსეთის მთავრობის საქმიანობაში ჩართულ პირთან, ეფესბეს ოფიცერთან, ალექსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკოსთან;
- ეფესბე იყენებდა ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად - რუსეთის სასარგებლოდ“;
- ფარცხალაძემ მიიღო პირადი სარგებელი ეფესბესთან თანამშრომლობით;
- ეფესბეს ოფიცერი თავის „თანამოაზრე“ ფარცხალაძეს დაეხმარა რუსული პასპორტისა და სავარაუდოდ - რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ეს შეიძლება [რუსეთის] განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აშშ-ის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთის მავნე გავლენა საქართველოსთვის „კვლავინდებურად რჩება პრობლემად“ და განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს.
„ქართულმა ოცნებამ“ თავდაპირველად ფარცხალაძესთან დისტანცირება სცადა განცხადებებით, რომ ის უკვე წლებია, აღარ არის ხელისუფლების რიგებში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებებიდან, რატომ მოხვდა ფარცხალაძე სანქციების სიაში, იმ ექსპერტებისთვის, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, გამომდინარეობს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - რომ საქართველოში კვლავ რჩებიან ადამიანები, მათ შორის - პოლიტიკაშიც - რომლებზეც, ფარცხალაძის ჩართულობით, ეფესბემ შესაძლოა უკვე მოახდინა რუსეთისთვის სასარგებლო ზეგავლენა.
ოპოზიცია სვამს შეკითხვებს - რატომ ვერ შენიშნა ყოფილი გენპროკურორის რუსეთის სასარგებლო მოქმედებები საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა?! და თუკი თავად ვერ შენიშნა, რატომ არ სჯერა სტრატეგიული პარტნიორის?!
რუსეთის უკრაინაში ომთან დაკავშირებული ამერიკული სანქციების ახალი სია 14 სექტემბერს გამოქვეყნდა და სწორედ იქ მოხვდა, რუსეთის საქართველოზე მანკიერი გავლენის გამო, ფარცხალაძის გვარიც. იქვე იყო მითითებული, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა, სავარაუდოდ, ეფესბეს დახმარებით ჰქონდა მიღებული. ხელისუფლებამ თითქმის ერთი კვირის მანძილზე მკაფიო პასუხი ვერ გასცა შეკითხვებს - თუკი ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქე იყო, რატომ არ შეუწყვიტეს საქართველოს მოქალაქეობა.
„ოცნებაში“ ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ ის, რის შესახებაც ქართული მედია ჯერ კიდევ 7 თვის წინ, თებერვალში ალაპარაკდა.
იუსტიციის სამინისტრომ 20 სექტემბერს, გვიან ღამით განაცხადა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა უნდა გაუუქმდეს, რაც ნიშნავს, რომ იუსტიციის სამინისტრომ აღიარა - ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა მინიჭებული.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა წინასწარ გამოხატა მზადყოფნა - ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაუყოვნებელ გაუქმებასთან დაკავშირებით. ის იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებას ელოდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა ვერ შეცვლის იმ მოცემულობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე უარი თქვა.
რაც შეეხება გამოძიებას - პროკურატურამ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხთან დაკავშირებით გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა [სუსი] დაიწყო, „მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“ და „მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება“.
20 სექტემბრის საღამომდე უცნობი იყო, გამოკითხა თუ არა სუსმა ყოფილი გენპროკურორი.
ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ ჯერ მმართველი პარტია და შემდეგ სუსი აშშ-დან ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საფუძველს - მტკიცებულებების გადაცემას ითხოვდნენ.
სუვერენული დემოკრატია?
მმართველმა პარტიამ თქვა, რომ საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები ავტომატურად ვერ ამოქმედდებოდა, სანამ საქართველოს სასამართლო არ გამოიტანდა განაჩენს. ამით „ოცნება“ შეეწინააღმდეგა ეროვნული ბანკის თავდაპირველ განცხადებას, რომ არსებული რეგულაციებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები კომერციულ ბანკებსაც უნდა გაეთვალისწინებინათ და ფარცხალაძის ანგარიშები გაეყინათ.
ეროვნული ბანკის რეკომენდაცია კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფციასაც არღვევსო, - თქვეს „ქართულ ოცნებაში“, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.
20 სექტემბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გაიმეორა, რომ კონსტიტუცია სანქციების აღსრულების საერთაშორისო ვალდებულებაზე მაღლა დგას.
შედეგად:
- კომერციული ბანკების უმრავლესობა გაემიჯნა საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას;
- პოსტებიდან ერთმანეთის მიყოლებით გადადგა ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი;
- ლარმა გაუფასურება დაიწყო.
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების სპეციალისტის, ანდრო გოცირიძისთვის - აშშ-ის სანქციების აღსრულებაზე უარის თქმა საგარეო პოლიტიკის ცვლილების ტოლფასია.
„ვამბობთ, რომ არ ვეთანხმებით სანქცირების პოლიტიკას, არათუ არ ვუერთდებით, არც აღვასრულებთ, სანამ ჩვენი სასამართლო არ დაადასტურებს ბრალეულობას (ეს თავისთავად შეუსრულებელი მისიაა), იმიტომ, რომ გვაქვს რა? სუვერენული დემოკრატია, წმინდა რუსული წყობა“, - გოცირიძე ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკური, მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო.
იურისტი, ექსპერტი ლევან ყურაშვილი რადიო თავისუფლებასთან კიდევ ერთ აქცენტს გამოყოფს და ამბობს, რომ „ეს არ კეთდება კონკრეტულად ფარცხალაძისთვის იმიტომ, რომ ის უკვე გაშიფრული აგენტია და მას გაუშვებენ სავარაუდოდ დამსახურებულ პენსიაზე. სამართლებრივი ბაზის მომზადება ხდება მათთვის, ვინც მომავალში შეიძლება დაასანქციროს აშშ-მა და სავსებით შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს და რომ შესაძლებელი იყოს მერე შავი ფულის მიმოქცევა ბანკებს შორის, უცხო ქვეყნებიდან ჩარიცხვები და ასე შემდეგ“. ლევან ყურაშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ეს არის თადარიგის დაჭერა მათ შორის არჩევნებისთვისაც, რომ სხვების სანქცირების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უფულოდ არ დარჩეს.
„დღეს ფარცხალაძეა, ხვალ სხვა იქნება“, - თქვა ხელისუფლების მიმართ ლოიალურობით გამორჩეული „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ 20 სექტემბერს.
„ოცნების“ დანაყოფის - „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ - აშშ მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დასჯასა და შეცვლას - „საქართველოში "მეორე ფრონტის" არგახსნის გამო“.
მეორე ფრონტზე ლაპარაკობდნენ „ოცნებაშიც“.
„[ოპოზიციას - რ.თ.]? არაფერი, გარდა იმისა, არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ და დავალება შეასრულონ. ბოდიში ამ გამოთქმაზე და თავით დავერჭოთ მეორე ფრონტად ომის, ეს დავალება აქვთ შესასრულებელი“, - უთხრა 20 სექტემბერს ჟურნალისტებს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს, 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში, „უცხო ქვეყნების დაფინანსებით“ სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება.
სუსის მიერ დასახელებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაური, მამუკა მამულაშვილი ახალი გამოძიების დაწყების ფაქტსა და ბრალდებებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინს უკავშირებს.
„მთავრობამ იცის, რომ [კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით] გადაწყვეტილება უარყოფითი იქნება და იცის, როგორი რეაქცია ექნება ამაზე ქართულ საზოგადოებას. ამ ამბით [გადატრიალების თემით] სურთ გადაფარონ ის, რაც სავსებით შესაძლებელია მოხდეს უახლოეს მომავალში - ნეგატივი საზოგადოებისგან“, - მამუკა მამულაშვილი უკრაინულ ტელეკომპანია „ფრიდომს“ ეუბნება, რომ საქართველოს ხელისუფლება „წმინდა რუსული სცენარით“ მოქმედებს.
ფარცხალაძესთან დაკავშირებულმა ამბებმა პროტესტის ტალღა და ოპოზიციური პარტიების ერთგვარი შეკავშირებაც გამოიწვია.
20 სექტემბერს აქციები გაიმართა ეროვნული ბანკის შენობის წინ და შემდეგ უკვე - რუსთაველის გამზირზე, სადაც ერთად დადგნენ ერთმანეთთან დაპირისპირებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, თუმცა პროტესტი არ იყო ხალხმრავალი.