Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი რიგითი ფარცხალაძისა და „სხვა ნებისმიერის“ გადასარჩენად - სუვერენიტეტის სახელით


ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ვინ იქნება შემდეგ, ვისაც სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის გამონაკლისი დაიცავს?
ოთარ ფარცხალაძეს, სავარაუდოდ, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. ვინ იქნება შემდეგ, ვისაც სანქციების აღსრულებაზე ეროვნული ბანკის გამონაკლისი დაიცავს?

აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, საქართველოს კომერციული ბანკების ნაწილი ამბობს, რომ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დაცვას აგრძელებს. ეროვნულმა ბანკმა მათ ეს ვალდებულება მოუხსნა და მოუწოდებს, საქართველოს არცერთ მოქალაქეზე არ გაავრცელონ სანქციები.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანებას წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები უძღოდა, რომ საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქციების გავრცელება ანტიკონსტიტუციურია.

თურნავას გადაწყვეტილების შემდეგ, - რაც, როგორც დაადასტურა, ერთპიროვნულად მიიღო, - ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა.

ვიცე-პრეზიდენტების წასვლა ეროვნული ბანკის საბჭოში კრიზისის წინაპირობაა. საბჭოში 9 წევრი უნდა იყოს, აქამდე 7 იყო, ახლა 4 რჩება, დეკემბრიდან კი - მხოლოდ 3. საბჭო, რომელიც ბანკის მმართველი და საზედამხედველი ორგანოა, კანონის ძალით, უფუნქციო ხდება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას ბრძანების გაუქმებასა და მის გადადგომას ითხოვს, - და ბოდიშს იხდის თავის დროზე თურნავას სებ-ის საბჭოში ნომინირებისათვის.

მარტივად აგიხსნით:

  • როგორ მივიდა ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებამდე;
  • რას გამოიწვევს რეგულატორსა და ბანკებს შორის უთანხმოება;
  • რატომ არ არის მართებული მმართველი პარტიისა და სებ-ის მმართველის არგუმენტები „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ შესახებ;
  • რა მიზნით შეიქმნა ეს „პრეცედენტი“ და ვინ შეიძლება „დაიცვას“ მომავალში.

სებ-ი მორჩილებას ითხოვს

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.

საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა.

თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-მა) თქვა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება.

მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ სებ-ის ამ გადაწყვეტილებას „არაკონსტიტუციური“ უწოდა - ფარცხალაძეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ქვეყნის კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავსო.

მეორე დღეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა.

ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-ისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

და, რახან ჯერ კიდევ ჰქონდა საქართველოს მოქალაქეობა, სანქციები არც ოთარ ფარცხალაძეზე უნდა გავრცელებულიყო.

მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა - „საქართველოს ბანკმა“, „თიბისიმ“ და „ლიბერთი ბანკმა“ - მეორე დილას გამოაცხადეს, რომ სებ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, სანქციების რეჟიმს ემორჩილებიან. ამით ისინი არ დაემორჩილნენ თურნავას ბრძანებას.

მოგვიანებით, 20 სექტემბერს, ჟურნალისტებთან საუბრისას, ნათია თურნავამ გაიმეორა ბრძანებაში ჩამოთვლილი არგუმენტები და განაცხადა, რომ საბანკო სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს ეროვნული ბანკის მითითებებს.

კომერციული ბანკების წინააღმდეგობა თურნავამ იმით ახსნა, „გადაწყვეტილება დღეს ამოქმედდაო“. არადა, ცვლილება „საკანონმდებლო მაცნეში“ 19 სექტემბერს გამოქვეყნდა, ბოლოში მინაწერით: „ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“.

ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

თურნავა ამტკიცებს, რომ ბანკებთან პრობლემა არ შეიქმნება და დეტალურად განიხილავენ ამ საკითხს: „ჩვენ მათთან, როგორც ყოველთვის, როცა ახალი რეგულაცია და გადაწყვეტილება მიიღება, დეტალურად გავივლით, ტექნიკურ დონეზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის აღსრულება. აქ არანაირი პრობლემა არ არის“, - სცადა მან საზოგადოების დამშვიდება.

რას მოიტანს ეს?

ექსპერტების თქმით, კარგს არაფერს.

იურისტი, საბანკო სამართლის სპეციალისტი დავით კლდიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც წესი, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ექვემდებარებიან არა მხოლოდ ადგილობრივ კანონმდებლობას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეთანხმებებსა და წესებს, - იქნება ეს ფულის გათეთრების თუ სანქციების აღსრულების საკითხებში.

მისი თქმითვე, ეროვნულ ბანკს გამოცემული აქვს დამატებითი დოკუმენტი, სადაც ბანკებს დაუდასტურა სანქციების რეჟიმთან შესაბამისად მოქმედების სისწორე და თავადაც დაავალა, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისა და ბელარუსისთვის დაწესებულ სანქციებს დაემორჩილონ. ესე იგი, კომერციულ ბანკებს სანქციების დამორჩილების ორმხრივი ვალდებულება ჰქონდათ - ადგილობრივი და საერთაშორისო.

„სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, ეროვნულმა ბანკმა თავისი ვალდებულება გააუქმა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სებ-ს შეუძლია, რომ კომერციულ ბანკებს პირდაპირ მოსთხოვოს, არ დაემორჩილოს სანქციებს“, - განუმარტავს იგი რადიო თავისუფლებას.

იურისტი დავით კლდიაშვილი
იურისტი დავით კლდიაშვილი

კლდიაშვილის თანახმად, თუკი სანქცირებული პირი კომერციულ ბანკს ეროვნულ ბანკში უჩივლებს, - ჩემს ანგარიშებზე წვდომა ისე შემიზღუდა, რომ ჩემი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარაო, - სებ-ს ბანკის დაჯარიმება შეეძლება.

„მაგრამ, საბოლოო ჯამში, თუკი სანქცირებულ პირს ენდომება, წვდომა აღუდგეს ანგარიშებზე, უნდა იდავოს სასამართლოში. ყოველ შემთხვევაში, ასეთია სწორი სქემა“, - განმარტავს იგი.

უფრო სერიოზული რისკები კომერციული ბანკებისთვის აქ ჩნდება: თუკი სასამართლო გადაწყვეტს, რომ ბანკმა უნდა აღუდგინოს სანქცირებულ პირს წვდომა, ბანკი იძულებული იქნება, ასე მოიქცეს. და თუ აღსრულებაზე უარს იტყვის, სერიოზული პრობლემები შეექმნებაო, გვეუბნება საბანკო სამართლის სპეციალისტი.

„უდანაშაულოს პრეზუმფციის“ სახელით

ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ბრძანება ერთპიროვნულად მიიღო - ბრძანების გამოცემა პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა გამოქვეყნებამდე ვაცნობე საბჭოს წევრებსო.

იგი იმეორებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებას, რომ საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს მოქალაქეს განსაკუთრებით იცავს და მიუთითებს უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მის დანაშაულს სასამართლო არ დაამტკიცებს. მაგრამ ეს პრეზუმფცია ვრცელდება ყველაზე - „ადამიანზე“, მოქალაქეობის მიუხედავად. თუ ამ ლოგიკით ხელმძღვანელობს, რატომ არ ავრცელებს თურნავას ბრძანება იმავე ლოგიკას სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე?

„ამ შემთხვევაში, როცა საუბარია საერთაშორისო სანქციებზე, ჩვენ ვთვლით, რომ ის ვალდებულება, რაც გვაქვს - რომ საქართველო არ იქცეს სანქციების გვერდის ავლის ადგილად, - უფრო მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეგულაცია გავავრცელეთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რომელთა მიმართ სებ-ს აქვს უპირატესი ვალდებულება“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას ნათია თურნავამ 20 სექტემბერს.

და ეს გადაწყვეტილება სანქციების გვერდის ავლის უფრო მაღალ რისკს არ ქმნის? ვკითხეთ ეროვნული ბანკის მმართველს. „არა, იმიტომ, საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულზე, - თქვენ რაც ახსენეთ, ეს არის ვარაუდი სისხლის სამართლის დანაშაულზე“, - გვიპასუხა მან.

იურისტები სხვანაირად ფიქრობენ. „ეს არის სიგნალი საქართველოსგან, - ის ამბობს, მე შემიძლია, ლოკალურ დონეზე არ დავემორჩილო სანქციებს და ისეთი კანონმდებლობა შევიმუშაო, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება სანქციებისგან თავის არიდებაში“, - ამბობს დავით კლდიაშვილი.

ამ სიგნალის შედეგი, მისი ვარაუდით, იქნება დასავლური ქვეყნების უკვე მკაცრი კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება საქართველოდან და საქართველოში ტრანზაქციებზე. საერთაშორისო საგადასახადო სისტემა „სვიფტიდან“ საქართველოს ჩახსნის მოლოდინს ამ ეტაპზე გადაჭარბებულად აფასებს.

სისხლისსამართლებრივი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება

ნათია თურნავამ 20 სექტემბერს რადიო თავისუფლების კითხვებზე ჯერ „სისხლის სამართლის დანაშაული“ დაასახელა ფარცხალაძის სანქცირების საფუძვლად, - რითაც ამართლებდა თავის ბრძანებას, - შემდეგ კი „პოლიტიკური“ უწოდა სანქციებს.

რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, „სანქციები ხომ თავისი არსით ექსკლუზიურად სისხლისსამართლებრივი არ არის“, თქვა: „არა, პოლიტიკურია. პოლიტიკური ბუნება აქვს“.

ფარცხალაძეს სანქციები იმის გამო კი არ დაუწესებია, რომ მან სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა საქართველოში ან სხვაგან; შტატების განმარტებით, მას სანქციები დაუწესეს „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. ამ საკითხზე რადიო თავისუფლების რეპლიკაზე პასუხად თურნავამ „სუვერენული უფლება“ ახსენა და განაცხადა:

„სადღაც, რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა, რაღაც შეხედულების გამო, - არა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო, საჯარო პოზიციის გამო, - პიროვნება იმსახურებს სანქცირებას, ჩვენთვის ეს გასაგებია, ჩვენ ამას ვიღებთ, როგორც მოცემულობას. მაგრამ ჩვენი უფლება არის, რომ მყისიერად არ მოვახდინოთ ამის გამო ჩვენი მოქალაქის იზოლირება ეროვნული საფინანსო სისტემისგან. ისე, რომ არ გვქონდეს არანაირი მტკიცებულება ხელში. და ჩვენი კანონის თანახმად, ასეთი მტკიცებულება არის სასამართლო გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი სუვერენული უფლება“.

ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია არაერთი ქვეყნის კონსტიტუციითაა გარანტირებული. რა გამოდის, - რომ ქვეყნები, ვინც სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე უერთდება ან აწესებს სანქციებს, საკუთარ კონსტიტუციას არღვევენ? თურნავას პასუხი ასეთია: „მოგიწოდებთ, რომ გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკას, როგორი დათქმები არსებობს, იგივე ევროკავშირში, აშშ-ის სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით. ასევე, სხვადასხვა ქვეყანას“.

მას კონკრეტული მაგალითი არ დაუსახელებია და რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ფორმატი არ გვაძლევს [დაზუსტების] საშუალებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ექსპერტი გამოჩნდება, ვინც ამას განმარტავს“.

ფარცხალაძეს მოქალაქეობა უწყდება

ოთარ ფარცხალაძის საქმეში კიდევ ერთი საკვანძო საკითხი იყო საკამათო - მისი მოქალაქეობა. იგი რუსეთის მოქალაქე ისე იყო, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ ჰქონდა შეწყვეტილი - და არც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ჰქონდა საქართველოში მოთხოვნილი.

იუსტიციის სამინისტრომ ჯერ პასუხი არ გასცა მოქალაქეობაზე კითხვებს, შემდეგ განაცხადა, რომ მოკვლევა დაიწყო, 20 სექტემბრის საღამოს კი გამოაცხადა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ „მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა“.

მანამდე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რისი დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების პირობაც დადო.

ამოიწურა ამით კრიზისი?

არა.

სავარაუდოდ, ზიანი ქვეყნის საფინანსო სექტორისა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას უკვე მიადგა, და ეს შედეგები მომდევნო პერიოდში სხვადასხვაგვარად იჩენს თავს.

ჯერჯერობით ისიც გაურკვეველია, მოახერხა თუ არა ფარცხალაძემ, ან მასთან კავშირში მყოფმა რომელიმე კომპანიამ, რომელიმე ბანკში ანგარიშის რაიმე სახით განკარგვა. ასეთი ფაქტის დადასტურება დამატებით პრობლემებს შექმნის.

ამ მოვლენების ფონზე, ეროვნული ვალუტა ლარი დოლართან მიმართებით 3,38 თეთრით, ევროსთან კი 3,6 თეთრით გაუფასურდა. და გაუფასურების ტრენდის დაბრუნების რისკიც გაჩნდა.

სავარაუდოდ სწორედ ამ პერსპექტივის დაზღვევას ემსახურებოდა სებ-ის გადაწყვეტილება - 20 სექტემბერს მან სავალუტო აუქციონზე გაიტანა და გაყიდა $20 მლნ, რამაც, ბაზრისთვის ლარის მიწოდების ხარჯზე, ხელი შეუშალა ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას.

სამომავლოდ დასაცავად?

ნათია თურნავას მტკიცებით, მისი ბრძანება „არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს“ და „მნიშვნელობა არ აქვს სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელსა და გვარს“.

„საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც შეიძლება, ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ჩვენი ვალდებულებაა, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში“, - განაცხადა მან.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თურნავას დამაზუსტებელი კითხვა დაუსვა ივანიშვილის გარემოცვის სანქცირებაზე: „ხვალ რომ შეერთებულმა შტატებმა დაასანქციროს უჩა მამაცაშვილი ან ვანო ჩხარტიშვილი“, ამ შემთხვევაშიც ამბობს თუ არა სებ-ი წინდაწინ, რომ ეროვნული ბანკი არცერთ მათგანს ანგარიშებს არ გაუყინავს მანამ, სანამ „სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო არ იტყვის, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან“?

„სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ფარცხალაძე, იქნებით ეს თქვენ - ჯვარი გწერიათ, - თუ კიდევ ვინმე სხვა. ყველას ერთნაირად დაგიცავთ“, - თქვა თურნავამ.

ევროპარლამენტმა 2023 წლის 15 თებერვალს დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. ივანიშვილის სანქცირებას ხშირად სთხოვენ შეერთებული შტატების მთავრობას.

საბჭო უფუნქციო ხდება

თურნავას ბრძანება კრიზისს ქმნის ეროვნული ბანკის საბჭოში.

ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა. არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა საბჭოს ტოვებენ. ეროვნული ბანკი დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

არჩილ მესტვირიშვილს 2023 წლის დეკემბერში ეწურებოდა უფლებამოსილების ვადა, პაპუნა ლეჟავას 2025 წლის დეკემბერში, ნიკოლოზ გაგუას კი 2028 წლის ივლისში.

მესტვირიშვილმა, - რომელიც თურნავას დაწინაურებამდე დროებით მართავდა ეროვნულ ბანკს - წასვლის მიზეზად მედიასთან დაასახელა, „ვერ ვიქნები იმ გადაწყვეტილების მონაწილე, რომელზეც არც გავლენა მაქვს და არც ვეთანხმებიო“.

პაპუნა ლეჟავას კომენტარი არ გაუკეთებია. თურნავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლეჟავამ ელექტრონული ფოსტით აცნობა სამსახურის დატოვების შესახებ. რადიო თავისუფლებასთან ინფორმაციის დადასტურების შემდეგ, დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია არც ნიკოლოზ გაგუას.

სებ-ის შესახებ კანონის თანახმად, საბჭოს წევრების რაოდენობა, ჩვეულებრივ, 9 უნდა იყოს. მაგრამ დღემდე იქ მხოლოდ 7 წევრი მუშაობდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებების შემდეგ, საბჭოში სულ 4 წევრი დარჩა - თვითონ ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბერიძე და რობერტ სინგლეტარი.

ეს უკვე კრიზისის ნიშანია: ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, თავისი ფუნქციები შეასრულოს.

კანონის ძალით, ის 4 წევრის პირობებში ვერ შეასრულებს თავის ფუნქციებს. და ვითარებას გაამწვავებს ისიც, რომ რობერტ სინგლეტარს 2023 წლის დეკემბერში გასდის ვადა - საბჭოში მხოლოდ სამნი რჩებიან.

ამ ვითარების დადგომამდე კიდევ 2 თვეა - კანონის თანახმად, განცხადების დაწერიდან 2 თვის განმავლობაში წევრები კვლავ აგრძელებენ მუშაობას.

თუმცა, როგორც მკვლევარი ეგნატე შამუგია გვეუბნება, ეროვნული ბანკის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - კარგი იქნება ის თუ ცუდი - საბჭო მაინც ვერ შეაფერხებს, რადგან ცენტრალურ ბანკში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში - მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.

მკვლევრის თქმით, მონეტარული პოლიტიკის საკითხებს მაინც პრეზიდენტი გადაწყვეტს; თავადვე გაუწევს ზედამხედველობას საფინანსო სექტორს - მათ შორის ამ სანქციებთან შესაბამისობის ზედამხედველობას, - თუკი რომელიმე კომერციულმა ბანკმა დაარღვია რეგულირება, ჯარიმას გამოწერს და გადაწყვეტილებას მიიღებს ნათია თურნავა.

დავა პრეზიდენტთან

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს საბჭოს წევრების ორ ვაკანტურ პოსტზე წარუდგინა გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. პარლამენტმა ისინი სიტყვით მოიწონა, საქმით კი ჩააგდო.

ჩვეულებრივ, ახალ წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. სანამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ არ მორიგდებიან, ეს ვითარება არ შეიცვლება.

სწორედ სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია მოქმედი მმართველი, ნათია თურნავა, - რის გამოც პრეზიდენტი ახლა ბოდიშს იხდის და ეროვნული ბანკის საბჭოს ნათია თურნავას გადაყენებისკენ მოუწოდებს.

„დროა, საბჭომ აიღოს პასუხისმგებლობა და განახორციელოს ზედამხედველობის ფუნქცია. საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით შესაძლებელია ბათილად გამოცხადდეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ეს იქნება პირველი რეალური ქმედება“, - მოუწოდა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საბჭოს წევრებს.

როგორ გახდა თურნავა მმართველი

„მთელი ეს პროცესი კიდევ ერთი, მკაფიო დადასტურებაა იმისა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე სრული კონტროლი და გავლენა აქვს, რის საშუალებასაც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი მდგომარეობა - ეროვნული ბანკის მოწყობა - იძლევა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეკონომისტი ეგნატე შამუგია, „გნომონ ვაიზის“ მკვლევარი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2016 წლის 2 მარტიდან 2023 წლის 2 მარტამდე კობა გვენეტაძე იყო. გვენეტაძის შემდეგ ბანკის მართვა მისმა მოადგილემ, არჩილ მესტვირიშვილმა გააგრძელა.

„ქართული ოცნება“ მას არ ენდობოდა და მთავრობასთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებდა. არადა, კანონით, ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.

საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა ეროვნული ბანკის კანონი შეცვალა, ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოც დასძლია და ამ გზით მესტვირიშვილი ბანკის დროებით ხელმძღვანელობას ჩამოაშორა.

22 ივნისიდან ბანკს დროებით მართავს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა - „ოცნების“ მთავრობის ყოფილი მინისტრი. იგი ეროვნული ბანკის მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე შეინარჩუნებს ამ პოსტს.

„ოცნება“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენას სთავაზობდა, თუმცა ზურაბიშვილმა მას დამოუკიდებლობა დაუწუნა.

XS
SM
MD
LG