საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენის, მამუკა ფიფიას საქართველოს პარლამენტში ყოფნასთან დაკავშირებით თქვა, რომ მისი პირადი მოსაზრებით, ეს იყო პროვოკაცია და არ იყოს შემთხვევითი, რომ "ასეთი ადამიანები ფოტოებს დებენ", რაზეც შემდეგ ოპოზიცია რეაგირებს. ეს ყველაფერი, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ემსახურება „ქვეყნის მტრობას“ და „აყირავებას“.
ამ კონტექსტში საუბრისას მამუკა მდინარაძე პარლამენტში, ჟურნალისტებთან კომენტარში გამოეხმაურა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად პარლამენტთან 20 სექტემბერს დაანონსებულ აქციას. მდინარაძის თქმით, ვაშაძის განცხადებაში იკითხება, რომ „მესიჯი გატესტეს, იარაღი ახსენეს, აკვირდებიან საზოგადოების რეაქციას“.
„გუშინ და გუშინწინ სუსის ინფორმაციაზე ღლიცინებდნენ და დღეს იარაღზე ალაპარაკდნენ. ვინმეს სჯერა, რომ ან ფარცხალაძის თემა აინტერესებთ, ან იჯერებენ, ან არ იჯერებენ? ან კანდიდატის სტატუსის მიღება უნდათ? არაფერი, გარდა იმისა, არ უნდათ, რომ ეს ქვეყანა ააყირაონ და დავალება შეასრულონ. ბოდიში ამ გამოთქმაზე და თავით დავერჭოთ მეორე ფრონტად ომის, ეს დავალება აქვთ შესასრულებელი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტთან აქცია საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დააანონსეს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ხალხს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ სამოქმედო გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.
„დღეს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს არცერთ თანამემამულეს, არცერთ ნაბიჯზე უკან არ დავიხევთ - სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. „ქართული ოცნების“, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია. ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ, პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ! არცერთი ნაბიჯი უკან - ვიბრძოლოთ ბოლომდე! დღეს ლაჩრულად გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. არცერთი ნაბიჯი უკან!“ - განაცხადა ვაშაძემ.
რადიო თავისუფლებას "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურში გიორგი ვაშაძის განცხადებისა და მასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის შეფასების კომენტირებისას განუცხადეს, რომ "ხელის მორტყმის გამო უკან დახევა კი არა, რუსები ტყვიას ესროდნენ მარო მაყაშვილს და იუნკრებს და ამის გამო არ დაუხევიათ ქართველებს უკან" და არც ისინი დაიხევენ.
20 სექტემბერს პარლამენტში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის შეუსრულებლობას. ისინი მოითხოვდნენ პარლამენტში დებატები გამართულიყო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ პროცესზე. თუმცა სხდომა არსებული დღის წესრიგით წარიმართა - კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მოსმენით.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა ტრიბუნასთან, სადაც წულუკიანი გამოდიოდა სიტყვით, გაშალეს ბანერი უკრაინელი მებრძოლის ცნობილი ფრაზით რუსული ხომალდის შესახებ, ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზის მიღმა პარლამენტის დერეფანში გაგრძელდა.
ამასთან, პარლამენტში დეპუტატების და მის გარეთ კი სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა ბიზნესმენ მამუკა ფიფიას მიერ თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო გადაღებული. ფოტოს ახლავს წარწერა: „ვეცნობი საქართველოს კონსტიტუციას“. ამავე ფოტოს კომენტარებში ფიფია წერს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მამუკა ფიფია რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მეგობარია. გავრილოვთან გადაღებული ფოტოები ფიფიას საკუთარ ინსტაგრამზე აქვს გამოქვეყნებული. გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნას 2019 წელს მასობრივი პროტესტი მოჰყვა.
მოგვიანებით მედიასთან საუბარში პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ განმარტა, რომ რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია მას სტუმრობდა საქართველოს პარლამენტში, თუმცა დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო მასთან შეხვედრა ვერ მოახერხა. "გავიგე, რომ სურათი გადაუღია, ჩემ სკამზე დამჯდარა. შეიძლება უნდა, ამ პარლამენტის წევრი გახდეს. ან უხარია სურათის გადაღება. განცვიფრებული ვარ. არ ვიცი, რას ემსახურება ეს“, - უთხრა ჟურნალისტებს ჩიგოგიძემ.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ამ სანქციების გამო ოთარ ფარცხალაძეს "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.
18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. "არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა ბაჩა მგელაძემ დაასახელა რამდენიმე ადამიანიც. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.