Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კანვას საქართველოს“ დირექტორი სუსის განცხადებაზე: „ავტორიტარიზმის ცუდ ფორმასთან გვაქვს საქმე“


გიორგი მელაძე, "კანვას საქართველოს" დირექტორი
გიორგი მელაძე, "კანვას საქართველოს" დირექტორი

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე თავის ფეისბუკის გვერდზე ეხმაურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას. სუსის თანახმად, „საქართველოში ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება სამოქალაქო არეულობის მოწყობა და დესტაბილიზაცია, რომლის მიზანიც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა“, "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

"კანვას საქართველოს" დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!“ - წერს გიორგი მელაძე ფეისბუკის გვერდზე.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში გიორგი მელაძე ამბობს, რომ სერბულ ორგანიზაცია „ოტპორის“ წევრებს 2003 წლიდან იცნობს, მათთან ერთად დაახლოებით 2005 წელს შექმნა ორგანიზაცია „კანვასი“ (The Centre for Applied Nonviolent Action and Strategies (CANVAS) და მუშაობენ „არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე“. მათ შორის თავად გიორგი მელაძე ამ საკითხებზე ტრენინგებსაც ატარებს. „კანვას საქართველო“, მისი თქმით, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებაზე მუშაობს.

სერბული ახალგაზრდული მოძრაობა "ოტპორი" (Отпор!) 1998-2004 წლებში არსებობდა. ამ ორგანიზაციის გამოცდილებას და სიმბოლიკას იყენებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული მოძრაობა "კმარა", რომელსაც თავისი როლი ჰქონდა 2003 წლის ნოემბრის "ვარდების რევოლუციაში."

„როდესაც ასეთი განცხადება ვრცელდება, ეს ძალიან ცუდია სახელმწიფო შინაარსის შეფასების თვალსაზრისით, როცა ქვეყნის არაძალადობრივი სამოქალაქო კამპანიების წინააღმდეგ უშიშროების სამსახურის მიერ ასეთი განცხადება კეთდება, ფაქტი ხდება, რომ ავტორიტარიზმის ცუდ ფორმასთან გვაქვს საქმე. როდესაც მთავრობა ასე ხედავს სამოქალაქო საზოგადოების ჩვეულებრივ, ნორმალურ ფუნქციობას, საშიშად აღიქვამს, როდესაც „არაძალადობა“ ხდება დევნის სამიზნე, ეს ყველასთვის ძალიან დიდი პრობლემაა და შესაბამისი ადეკვატური რეაგირება სჭირდება“, - ამბობს გიორგი მელაძე.

ის ყოველგვარ კავშირს უარყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დასახელებულ აქტორებთან.

"არეულობის გეგმის ავტორებად" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა დღეს, 18 სექტემბერს, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დაასახელა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები - მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე მიხეილ სააკაშვილის ახლო გარემოცვის წარმომადგენელი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

სუსის განცხადების კომენტირება რადიო თავისუფლებამ მამუკა მამულაშვილს სთხოვა. მოკლე წერილობით კომენტარში მამულაშვილმა ერთი წინადადება მოგვწერა: „იდიოტები არიან“.

„ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წლიდან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ამბოხების დაწყების შემდეგ იბრძვის. ის დღეს დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ორ თვეში, 2022 წლის აპრილში, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ დაქირავებულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ქართული ლეგიონის“ 24 წევრის მიმართ. მათ შორის საქმე აღძრულია ლეგიონის მეთაურ მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ. 2023 წლის მარტში მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლომ 4 ქართველ მებრძოლს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეების სხვა ჯგუფებიც.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია მტკიცებულება, რომელიც უწყების მაღალჩინოსნის ნათქვამს გაამყარებდა.

საქართველოში დესტაბილიზაციის მსურველი ძალების შესახებ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს წლების განმავლობაში არაერთხელ განუცხადებიათ.

2018 წლის ნოემბერში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავდა, რომ „ნაცმოძრაობის ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი. ასეთივე სცენარი ჰქონდათ მათ 2016 წელსაც, სხვა დროსაც, თუმცა ისინი ამას საქართველოში ვერ ეღირსებიან“.

ირაკლი კობახიძე 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წინაც აცხადებდა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომ მზადდებოდა პროვოკაცია: „მთელი ჯაჭვი უნდა ყოფილიყო. გვქონდა ინფორმაცია ე.წ. პარალელური ორგანიზაციების შექმნის შესახებაც. შექმნეს კიდეც ასეთი ორგანიზაცია "საქართველოს ერთგულების სახელით", რომელსაც "ნაცმოძრაობის" გეგმები უნდა განეხორციელებინა. რაც შეეხება ფაქტებს, ერთ-ერთი სერიოზული ინციდენტი მართლაც გოგიჩაიშვილის შტაბში დაფიქსირდა“.

მაგალითად, 2014 წელს ერთ-ერთ ასეთ დესტაბილიზაციაზე მოსახლეობას აფრთხილებდა მაშინდელი შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და ამბობდა, რომ „ნაცმოძრაობამ“ დაიწყო საბურავების მომარაგება, რომ იგეგმებოდა ე.წ. ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება და წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულთან ასოცირებული პირების მობილიზება.

დესტაბილიზაციას, კერძოდ, რუსეთიდან მომავალ საფრთხესა და აგენტურას ხშირად ახსენებდა ხოლმე წინა ხელისუფლების პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.

XS
SM
MD
LG