Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე მოითხოვენ ნათია თურნავას გადადგომას


საპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, აქცია მიმდინარეობს, რომელზეც აპროტესტებენ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, დაიცვას აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძის აქტივები.

ამ აქციას შეუერთდნენ ისინიც, ვინც ცოტა ხნით ადრე იმავე მოტივით შეიკრიბნენ ეროვნული ბანკის ოფისთან.

„ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირების მთავარი პრეტენდენტი და ხვალ თუ მას დაასანქცირებენ, ამ ბრძანების საფუძველზე მათ დატოვეს შავი ხვრელი, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი მის თანხებს გამოაძრობს“, - ამბობს აქციის ორგანიზატორი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

აქციაზე, მათ შორის, ისმის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე საუბრობენ საქართველოს „რუსული ჯაშუშური ქსელისგან“ გაწმენდის საჭიროებაზე.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის "მოქალაქეობის დაკარგვასთან" დაკავშირებით დაწყებული წარმოების შედეგად მიღებული დასკვნა გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

XS
SM
MD
LG