მაიკლ კარპენტერმა, აშშ-ის ელჩმა ეუთოში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ სანქციების დაწესებას. ის მიიჩნევს, რომ „ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ".
„მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა, იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გენერალური პროკურორი იყო, თუ არ მეშლება, დაახლოებით ათი წლის წინ. ასე რომ, ეს ახლახან არ ყოფილა და ის სამთავრობო თანამდებობას იკავებდა გარკვეული ხნის წინ. და მაინც, ეს არის სასარგებლო შეხსენება იმისა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ვფიქრობ, როცა საქმე ეხება საქართველოს, ეს საკითხი კვლავინდებურად რჩება პრობლემად, რომელიც უნდა აღელვებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქესაც, ვინც უცხოეთის მავნე გავლენას განიცდის. ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელია", - უპასუხა რადიო თავისუფლებას კარპენტერმა.
მაიკლ კარპენტერთან სრულ ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განცხადებაში ცალკე გამოყო ოთარ ფარცხალაძის საკითხი და მას ქართველი-რუსი ოლიგარქი უწოდა.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფესბემ" გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. გარდა ამისა, დეპარტამენტი განსაზღვრავს უამრავ სუბიექტს, რომლებიც აწარმოებენ და ასრულებენ რუსული იარაღის სისტემებს, მათ შორის კალიბრის საკრუიზო რაკეტას, რომელსაც რუსული ძალები იყენებენ ქალაქებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ უკრაინაში", - აღნიშნული იყო ენტონი ბლინკენის წერილში.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი იყო 2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე.
2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ფარცხალაძე ქართულ პოლიტიკურ ელიტასთან ასოცირებული 15 ადამიანის სიაში დაამატა. უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) მხარდაჭერილ ვებგვერდზე „ომი და სანქციები“ ეწერა, რომ ფარცხალაძე არის „საქართველოს სახელმწიფოს ოლიგარქიული მმართველობისა და ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მონაწილე“, მილიარდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის "ნდობით აღჭურვილი პირი".
14 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების საკითხზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ფარცხალაძე კერძო პირია და სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ აქვს. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან.
ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ მხილება უწოდეს.