Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
25 თებერვალი - ბოლშევიკური პროპაგანდის მთავარი თარიღი

25 თებერვალი - ბოლშევიკური პროპაგანდის მთავარი თარიღი


25 თებერვალი საბჭოთა პროპაგანდაში
25 თებერვალი საბჭოთა პროპაგანდაში

საქართველოს დაპყრობის შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ XI არმია კი არ შეიჭრა საქართველოში, არამედ მშრომელი ხალხი აუჯანყდა მთავრობას; საქართველო კი არ დაიპყრო რუსეთმა, არამედ უბრალოდ მენშევიკები დამარცხდნენ ბოლშევიკებთან. გასაბჭოების შემდეგ მალევე დაიწყო ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისთვის.

საბჭოთა პროპაგანდა იმასაც ამტკიცებდა, რომ კომუნისტური მმართველობის დამყარება საქართველოში არ ნიშნავდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოსპობას; მისი მტკიცებით, 1921 წლის თებერვალ-მარტში ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობა კი არ დაკარგა, არამედ გათავისუფლდა მენშევიკების მონობის უღლისგან.

საბჭოთა რუსეთს საქართველოს დაპყრობისა და მთავრობის დამხობისათვის თითქმის ერთი თვე დასჭირდა. ქართველი ხალხი და მისი შეიარაღებული ძალები 1921 წლის 11 თებერვლიდან 17 მარტამდე მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ სამი მხრიდან შემოჭრილ მრავალრიცხოვან მტერს, რომელმაც საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ იდეოლოგიურ ფრონტზეც გააჩაღა არანაკლებ სასტიკი ბრძოლა ისტორიული მეხსიერებისათვის.

როგორც ისტორიკოსი მალხაზ მაცაბერიძე შენიშნავს 2018 წელს დაწერილ ნაშრომში „26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში (1921-1922)“ საოკუპაციო რეჟიმმა უმთავრეს მიზნად დაისახა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დისკრედიტაცია და საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღად 25 თებერვლის – თბილისში წითელი არმიის შესვლის დღის – გამოცხადება.

„მენშევიკების ხელშიო,
ვერ გავიმართე წელშიო.
ყაჩაღად გადავარდნილი,
ვკვდებოდი ტყე და ღრეშიო“.

„კომუნისტების ხელშიო,
ქე გევიმართე წელშიო.
კოლექტივს ვენაცვალები,
მისი ჭირიმე ყელშიო“.

ასე პრიმიტიულად წარმოაჩენდა საბჭოთა პროპაგანდა ცვლილებებს, რომლებიც თითქოსდა 1921 წლის 25 თებერვალმა მოიტანა საქართველოში, თუმცა სინამდვილეში ბოლშევიკები კარგად ხედავდნენ, რომ, ბრძოლის ველზე დამარცხების მიუხედავად, ქართველი ხალხი არ თმობდა თავისუფლებისა და ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას. ამის გამო საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც პირველ წლებში ძირითადად რუსეთის წითელ არმიას ეყრდნობოდა, იძულებული გახდა, საზოგადოების დასაბნევად, ეწარმოებინა რთული პოლიტიკური და იდეოლოგიური თამაში, რომლის ფარგლებში საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოში შექმნილი ე. წ. რევოლუციური კომიტეტი (რევკომი) აცხადებდა, რომ წითელი არმიის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი მოვლენა იყო და საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ხოლო მისი პოლიტიკა მიმართული იყო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და განმტკიცებისაკენ“.

სერგო ორჯონიკიძეც კი, საქართველოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მტერი, ოკუპაციის პირველ თვეებში საჯაროდ აცხადებდა, რომ უცხო ჯარის, რუსეთის წითელი არმიის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს დაპყრობას არ ნიშნავსო:

„არა! მილიონჯერ არა! ამ წითელ დროშების წინაშე ფიცსა ვდებთ, რომ საბჭოთა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, არც რუსეთის და არც მისი წითელი ლაშქრის მხრივ არ ელის მცირე რა დაბრკოლებაც კი. პირიქით, წითელი ლაშქრის მკერდით დაცული იქნება საქართველოს მიერ ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება“.

ოკუპაციის პირველ თვეებში ბოლშევიკური პროპაგანდა მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ მენშევიკებს გულწრფელად საქართველოს დამოუკიდებლობა არასოდეს არ გამოუცხადებიათ.

„ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა. მენშევიკების ბატონობის დროს იყო მხოლოდ მენშევიკების, შინაური და გარეშე ბურჟუაზიის დამოუკიდებლობა. ეს იყო რამიშვილის მილიტარიზმის და მექი კედიას მათრახების დამოუკიდებლობა. წვრილი ბურჟუაზიული პარტიები, მაგ. სოციალ-ფედერალისტები, ესერები, რომელთაც არასოდეს არ ჰქონიათ სოციალისტური, პროლეტარული შემეცნება, რა თქმა უნდა, ერთბაშად წამოეგნენ მაშინ მენშევიკების გადასროლილ ანკესზე“, - წერდა 1921 წლის 18 მაისის გაზეთი „კომუნისტი“, რომლის მიხედვითაც ნამდვილი დამოუკიდებელი საქართველო მას შემდეგ შეიქმნა, როცა, ბოლშევიკების წყალობით, ის გახდა მუშების და მშრომელი გლეხების საქართველო:

„არც მეტი, არც ნაკლები ეროვნულმა დამოუკიდებლობამ სწორედ მაშინ გაიმარჯვა, როდესაც საქართველოში პროლეტარულმა რევოლუციამ გაიმარჯვა და ქართველი მშრომელი ხალხის ძალაუფლება დამყარდა. ეს ანბანური ჭეშმარიტება უნდა იცოდეს ყველამ - მტერმა და მოყვარემაც, მთელი საუკუნოებით დამონებული ქართველი ხალხი, სწორედ 1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ განთავისუფლდა საქართველოს კომუნისტური პარტიის და რუსეთის ძმური წითელი ლაშქრის დახმარებით. ისტორიაში სწორედ ასე ჩაიწერება ეს“. (კომუნისტი“, 1921 წ. N62)

გაზეთი "კომუნისტი", 1921 წ.
გაზეთი "კომუნისტი", 1921 წ.

სხვა სტატიებშიც ბოლშევიკები ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ოქტომბრის რევოლუციის შედეგი იყო; რომ ერთა თვითგამორკვევის იდეის პრაქტიკული დამცველები და ცხოვრებაში გამტარებლები ბოლშევიკები იყვნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს ხელისუფლებაში მყოფმა მენშევიკებმა გამოიყენეს კომუნისტური რუსეთისაგან საქართველოს ჩამოსაცილებლად და ანტანტისათვის საქართველოს მშრომელთა მასის დასამონებლად და, რომ საბჭოთა ხელისუფლება მშრომელი მასების დამოუკიდებლობის ერთადერთი დამცველია.

ქართველი კომუნისტების თქმით, საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობა მათ მოუტანეს და არა მენშევიკებმა - „ევროპის კაპიტალისტების დამქაშებმა“. ბოლშევიკების მტკიცებით, მენშევიკების დროს საქართველო ფორმალურად განთავისუფლდა, რადგან ქვეყანა იმპერიალისტთა ტყვეობაში იყო და მუშათა კლასი იჩაგრებოდა, საქართველოს გასაბჭოებით დაემხო იმპერიალისტთა ბატონობა და განთავისუფლდა მუშათა კლასი ანუ საქართველო ნამდვილად დამოუკიდებელი გახდა.

თუმცა, როგორც ისტორიკოსი მალხაზ მაცაბერიძე შენიშნავს („26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში (1921-1922)“), კომუნისტები ოკუპაციის პირველი დღეებიდან ძირითადად საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევით იყვნენ დაკავებული: „კომუნისტებს „დამოუკიდებლობა სულ სხვაგვარად ესმოდათ და ოკუპირებულ და, ფაქტობრივად, ანექსირებულ ქვეყანას სუვერენულად აცხადებდნენ“.

თუ როგორ ესმოდათ საქართველოს დამოუკიდებლობა ქართველ ბოლშევიკებს, კარგად ჩანს 1921 წლის 22 მაისს საქართველოს რევკომის მიერ გამოცემული დეკრეტიდან (N36), რომლითაც გაუქმდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა და გერბი.

„ვინაიდან 1921 წლის თებერვლის 25-დან საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, ე.ი. მშრომელთა დიქტატურა, საქართველოს სოც. საბ. რესპუბლიკის რევოლიუციონური კომიტეტი სამუდამოდ გაუქმებულად აცხადებს ბურჟუაზიული წესწყობილების ყველა ემბლემებს, როგორიც იყო სამფეროვანი დროშა და ძველი ღერბი“, - იუწყებოდა რევკომის დეკრეტი, რომელშიც ასევე იყო აღწერილი საქართველოს ახალი საბჭოური დროშა და გერბი, რეალურად - რუსული წითელი დროშა და ნამგალი და ურო.

1921 წლის 22 მაისს საქართველოს რევკომმა ასევე გამოაქვეყნა დეკლარაცია „აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესახებ“, რომელშიც ვკითხულობთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამომთხრელ სიტყვებს:

„მენშევიკური ხელისუფლება, რომელიც არსებითად წარმოადგენდა ქართველ ბურჟუაზიის ხელისუფლებას, ქართველ მშრომელთა ჩაგვრასთან ერთად განსაკუთრებული სიმკაცრით ახშობდა ეროვნულ უმცირესობათა რევოლუციონურ თვითმოქმედების გამომჟღავნებას. რაც სთესავდა ყოფილ „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის“ ცალკე ეროვნებათა შორის განუწყვეტლივ შუღლსა და მტრობას. <…> სდგას რა ამ საფუძველზე, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რევოლიუციონური კომიტეტი სცნობს აფხაზეთის სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას და მიესალმება მას”.

ბოლშევიკური პროპაგანდის მტკიცებით, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველო გათავისუფლდა როგორც დასავლელი იმპერიალისტების გავლენისაგან, ასევე იმ პარტიისაგანაც, რომელიც „ამ ძალების ყავარჯენი იყო“.

„საქართველოს მუშებმა და გლეხებმა წითელი მუშურ-გლეხური რუსეთის, ან უკეთ რომ ვთქვათ, საერთაშორისო რევოლიუციონურ პროლეტარიატის წითელი არმიის შემწეობითა და დახმარებით ფოლადის ცოცხით გახვეტეს თბილისიდან მენშევიკური ნაგავი და გაატანეს ის დასავლეთის იმპერიალისტების ქარს. ერთი წელია, რაც საქართველოს მუშები და ღარიბი გლეხები თავისუფლათ სუნთქავენ და ეწევიან ენერგიულ მუშაობას თავისი ხელისუფლების განსამტკიცებლათ და ქვეყნის დაცემული მეურნეობის აღსადგენათ“, - წერდა პროპაგანდისტი ს. ანდრიაძე.

„25 თებერვალს 1921 წელს აღმოხდა მენშევიზმს შავი სამარცხვინო ლაქით გასვრილი სული. 25 თებერვალს მოკვდა იგი. მოკვდა ისე, როგორც ეს შეჰფეროდა მას: ახალი ღალატით, ახალი გამცემლობით. სიკვდილის წუთებშიც მან მოახერხა ბათომის მიყიდვა ქამალისთვის და რევოლიუციონერების ცეცხლით დაწვა ქუთაისში. 25 თებერვალს დამთავრდა ბოლშევიზმის ბრძოლა მენშევიზმთან საქართველოში. 25 ოქტომბერმა 25 თებერვალს გაიმარჯვა ბრწყინვალედ“, - წერდა პროპაგანდისტი ვ. ბახტაძე.

გაზეთი "კომუნისტი", 1921 წ.
გაზეთი "კომუნისტი", 1921 წ.

თუმცა ოკუპაციის პირველ თვეებში საბჭოთა ხელისუფლება საქართველოში ჯერ მყარად არ იყო ფეხმოკიდებული. ამიტომ კომუნისტურმა ხელისუფლებამ, საზოგადოების არგაღიზიანების მიზნით, გადაწყვიტა, თავად აღენიშნა დამოუკიდებლობის დღე, ოღონდ „დამოუკიდებლობის საბჭოური შინაარსით“, რომ თითქოს ნამდვილი დამოუკიდებლობა მოპოვებული იქნა მენშევიკების ხელისუფლების დამხობის შემდეგ, რომ ამ დღეს ზეიმობდნენ საქართველოს გათავისუფლებას იმპერიალიზმისაგან, დამოუკიდებლობის მენშევიკური გაგების სრულ კრახსა და დაღუპვას.

1921 წლის 25 თებერვლიდან სამიოდე თვეში რევკომმა მართლაც აღნიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რითაც, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, კომუნისტურმა საოკუპაციო რეჟიმმა საზოგადოების ნაწილში გარკვეული დროით შეინარჩუნა ილუზია, რომ საქართველოში უბრალოდ სახელისუფლებო გადატრიალება მოხდა – ერთმა პარტიამ (ბოლშევიკებმა) შეცვალა მეორე (პარტია) – მენშევიკები, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობა ხელშეუხებელი იყო.

საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის ბიურომ დამოუკიდებლობის დღეს წარმოსათქმელი სიტყვების თეზისებშიც განავითარა მენშევიკების ვერაგული იდეა, რომ თითქოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მენშევიკურმა პარტიამ გამოიყენა საქართველოს მშრომელთა მასის დამონებისათვის „იმპერიალისტურ ანტანტას, მენშევიკების და ბურჟუაზიის ხელისუფლების გასაძლიერებლად“. საბჭოთა პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა არ ყოფილა დამოუკიდებელი სახელმწიფო, რადგანაც მენშევიკები რევოლუციისა და მშრომელთა ინტერესების მოღალატეები იყვნენ, ხოლო საქართველო - „საერთაშორისო რეაქციის დიქტატურის ბუდე“, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით კი საქართველოს მუშებმა და გლეხებმა მიიღეს თავისუფლება, ხოლო საქართველომ - ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა.

გაზეთი "კომუნისტი", 1922 წ. 25 თებერვალი
გაზეთი "კომუნისტი", 1922 წ. 25 თებერვალი

„საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარება იყო საერთაშორისო პროლეტარული რევოლუციის მორიგი გამარჯვება საერთაშორისო მენშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში; საერთაშორისო რევოლუციამ 25 თებერვალს მოიპოვა კიდევ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი გამარჯვება საერთაშორისო რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერდა ქართული ბოლშევიკური პრესა, რომელიც მთელი ერთი წლის განმავლობაში ამზადებდა ნიადაგს 25 თებერვლის - ოკუპაციის დღის - საქართველოს მთავარ დღესასწაულად გამოცხადებისთვის. და მართლაც, 1922 წლის 25 მაისს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობის დღესასწაულად“ გამოცხადდა 25 თებერვალი, იქვე გამოქვეყნებული იყო მოწინავე სტატია, რომელშიც ავტორი „ასაბუთებდა“, თუ რატომ იყო 25 თებერვალი „ნამდვილი დამოუკიდებლობის“ მომტანი:

  • ქართველი მენშევიკები ჩამოსცილდნენ „რევოლუციის და სოციალიზმის გზას“, რომელსაც დაადგა საბჭოთა რუსეთი და „აშკარა მტრების ბანაკში მოექცნენ“, აირჩიეს „კონტრრევოლუცია და ბურჟუაზიული წყობილება“;
  • „რევოლუციის წინააღმდეგ მათ აღმართეს ნაციონალური სახელმწიფოებრიობის კედელი“;
  • მენშევიკებმა საქართველო გადააქციეს საექსპლუატაციო ახალშენად და დასაყრდენ ბაზად რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ გასალაშქრებლად“;
  • მენშევიკების დროს საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენობა „ფრიად მოჩვენებითი, ეფემერული იყო“;
  • 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს მშრომელმა ხალხმა მოიშორა მენშევიკების მონობის უღელი და „საქართველო ისევ დაუკავშირდა რევოლუციას და საბჭოთა რესპუბლიკებს“.

ბოლშევიკური პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ „მენშევიკების დამოუკიდებლობა“ იყო სიმბოლო ხალხის მტრების ბატონობის აღდგენისა და მშრომელი მასების დამონებისა, ხოლო 25 თებერვალი არის „საქართველოს მშრომელთა განთავისუფლების დღე ყოველგვარი სოციალურ და ეროვნულ მონობისა და ჩაგვრისაგან“, თუმცა, ისტორიკოს ლევან თოიძის თქმით, „ბოლშევიკების დამოუკიდებლობა“, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს დაიწყო, სინამდვილეში იყო ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც და ფაქტობრივი ანექსიაც, რომელსაც რეპრესიებით ზურგგამაგრებული საბჭოთა პროპაგანდა ოსტატურად ნიღბავდა მთელი 70 წლის განმავლობაში და წამლავდა ქართველთა თაობებს, მათ შორის ბავშვებისთვის დაწერილი ასეთი ლექსებით:

თებერვალო, თებერვალო,
გთვლიდნენ ზამთრის თვედ –
და დროშები გაზაფხულის
შენ აღმართე ტყედ.

შენ მოუღე ბოლო ზამთარს
და ქართველის ცრემლს,
აზიარე საქართველო
ოქტომბერს და კრემლს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG