საქართველოს დამოუკიდებლობა სამფეროვანია. შინდისფერი, შავი და თეთრი - სწორედ ეს სამფეროვანი დროშა ფრიალებდა ასი წლის წინ თავისუფალ საქართველოში და სწორედ ეს სამფეროვანი დროშა შთააგონებდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველებს მომდევნო სამოცდაათი წლის მანძილზე, საბჭოთა ოკუპაციის დროს. სწორედ ამ დროშას სცემდნენ თაყვანს პატრიოტი ქართველები და სწორედ ამ დროშისათვის სწირავდენ ისინი თავს. დროშას ხომ, როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „ყოველი კაცი, ყოველი ერი თაყვანსა სცემს, როგორც ემბლემას ერის პატიოსნებისას, ერის ღირსებისას, რომლის შეუმწიკვლელად დაცვისათვის - არამც თუ ცალკე კაცი, არამედ მთელი ერი სიცოცხლეს არ ზოგავს და მისთვის სიკვდილი სახელად და დიდებად მიაჩნია“.
საქართველოს სამფეროვანი დროშა პირველად 1917 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე გამოჩნდა, თუმცა ოფიციალურად კანონი „საქართველოს რესპუბლიკის დროშისა“ მიღებულ იქნა 1918 წლის 10 სექტემბერს. მანამდე, 1918 წლის 9 ივლისს, დროშის ესკიზი განიხილა და მოიწონა საქართველოს ეროვნული საბჭოს ხელოვნების კომისიამ.
რესპუბლიკის დროშის შესახებ კანონში ვკითხულობთ:
- საქართველოს რესპუბლიკას აქვს თავისი დროშა სამფეროვანი: წითელის (შვინდის ფერის), შავის და თეთრის ფერისა.
- დროშას შეადგენს: თეთრი ბუნი თავში ბირთვითა და შუბის წვერით, ალამი წითელი (შვინდის ფერისა) შავი და თეთრი თანასწორი ზოლებით ზემო კუთხეში ბუნთან; შავი და თეთრი ზოლები შეადგენს ალამის განის ნახევარს და სიგრძის ორ მეხუთედს.
რატომ ეს ფერები?
„რამდენადაც დროშის ალმის ფერი სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობასთან უნდა ყოფილიყო შეხამებული, ეროვნულმა საბჭომ ალმის ფონად გვიანი პერიოდის ქართლის სამეფოს დროშის მოწითალო-შინდისფერი შეარჩია, რომელსაც, ექვთიმე თაყაიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის კონსულტაციით, ტრადიციული თეთრი და შავი ფერებიც მიეხატა კუთხეში“ - ასეთ განმარტებას იძლევიან ავტორები აკადემიკოს დავით მუსხელიშვილის რედაქციით 1990 წელს გამოცემული ბროშურისა „საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები“.
მხატვარ გია ბუღაძის აზრით კი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა თავისი ფერადოვნებით ქართული კოსმოგონიის ფერადოვანი ინტერპრეტაციაა: „შავი – ქვესკნელი – წარსული; წითელი შინდისფერი – სკნელი – აწმყო; თეთრი – ზესკნელი – მომავალი. შავი – ის, რაც უნდა იყოს საფუძვლად, გადადის ზევით და კეტავს თეთრს, ფაქტიურად, სულიერ საწყისს და მომავალს“.
პირველი რესპუბლიკის დროშის ავტორი მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეა. დემნა შენგელაიას თქმით, შემოქმედი, რომელმაც „მონახა მეფური სახე „აკაკისა“; იპოვნა „საქართველოს მწუხარება“ ადუღებულ ბრინჯაოში და აადუღა იგი ცრემლებით; ამოზიდა საუკუნეებით გაცივებული რუსთაველის ღვთიური სახე; ააშხუილა ქვაში „თმაგაწეწილი ქარი“ და „სალომეს“ ნებით დასწვა ცივი მარმარილო“.
დიდი ნიჭისა და ღრმა განათლების გარდა, იაკობ ნიკოლაძე საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულის გამოც იმსახურებდა რესპუბლიკის დროშის ავტორობას. თანამედროვეთა გადმოცემით, „იაშას“ არ გამოუტოვებია პარლამენტის თითქმის არც ერთი სხდომა, იჯდა ჟურნალისტების ლოჟაში და თან უსმენდა დეპუტატებს და, თანაც, მათ სილუეტებს ხატავდა.
როგორც შალვა ამირეჯიბი იხსენებს, ერთხელ სკულპტორისათვის უკითხავთ, ნუთუ არ მოგბეზრდა პარლამენტში ჯდომა და დეპუტატების უთავბოლო ლაპარაკის ყურის გდებაო.
„არა! - მიუგო თურმე მან, - მე ვსტკბები ჩვენი დამოუკიდებლობით. დამოუკიდებლობა ნამდვილი საზრდოა. ადამიანი ყოველდღე ღებულობს საზრდოს, მაგრამ არასდროს არა სწყინდება!“
საქართველოს რესპუბლიკის დროშას ჰყავს კიდევ ერთი ავტორი, მხატვარი იოსებ შარლემანი, თუმცა საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის 4 ოქტომბრის კანონი რატომღაც არაფერს ამბობს მისი შრომის ანაზღაურების თაობაზე. არადა, კანონი (გადაწყვეტილება) სწორედ ამის შესახებაა:
„მიეცეს სახელმწიფოს ხაზინიდან მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს საქართველოს დროშის პროექტის შედგენისათვის გასამრჯელოდ სამი ათასი (3 000) მანეთი“.
სამფეროვან დროშას იმთავეთვე დიდი სიყვარული ერგო. როგორც პროფესორმა ზურაბ კიკნაძემ შენიშნა ერთხელ, „სწორედ ის აცისკროვნებდა დამოუკიდებელი საქართველოს ცას ჩვენს შფოთიან საუკუნეში 1007 დღის განმავლობაში“.
1007 დღე - სწორედ ამდენ ხანს იცოცხლა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ!
ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანის თქმით, ასი წლის წინანდელი ფოტო-კინო ქრონიკისათვის თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ სამფეროვანი დროშის სახალხო სიყვარულსა და აღიარებაში.
„ეს დროშა მასობრივად არის ყველგან, ნებისმიერ დღესასწაულზე, იქნება ეს 26 მაისი, 1 მაისი თუ 12 დეკემბერი (სახალხო გვარდიის დღე) - დროშა ყოველთვის საპატიო ადგილზე იყო აღმართული, მოქალაქეებსაც გამოჰქონდათ თავიანთ აივნებზე, ფანჯრებიდანაც გადმოფენდნენ ხოლმე. ასევე მზადდებოდა დროშის გამოსახულებიანი გულსაბნევები, რომლებსაც საქველმოქმედო დანიშნულებაც ჰქონდათ: მათი გაყიდვით მიღებული შემოსავალი ხმარდებოდა თავდაცვის ფონდს ან სხვა რომელიმე საქველმოქმედო ინიციატივას“, - უთხრა ირაკლი ხვადაგიანმა რადიო თავისუფლებას.
გასაკვირი არაა, რომ თავისუფალი საქართველოს დროშას განსაკუთრებული სიამაყით დაატარებდა საქართველოს არმია და ეროვნული გვარდია.
„ჯარი მოდიოდა ქვიურ სვეტებად. ელავდა საქართველოს სამფერი დროშა, უცნაური ცეცხლი ენთებოდა მზირალს. იყო განათება. ჟინიანი გრძნობა და ნათელი სიამაყე“, - წერდა მაშინდელი პრესა.
ირაკლი ხვადაგიანის თქმით, „სამფერი დროშა“ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც, მთელი ოციანი წლების განმავლობაში, როცა წინააღმდეგობა ჯერ კიდევ აქტიური იყო, მუდმივად ფიგურირებდა, როგორც სიმბოლო რესპუბლიკისა და ეროვნული სახელმწიფოსი.
„იქნებოდა ეს ანტისაბჭოთა დემონსტრაციები 1921-1922 წლებში, როდესაც ახერხებდნენ მოქალაქეები ღიად გამოსლვას და დემონსტრაციის მოწყობას დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ან ოკუპაციის გასაპროტესტებლად - ეს დროშა ყოველთვის წინ მიუძღოდათ დემონსტრანტებს. ასე რომ, პირველი რესპუბლიკის დროშა ასევე არის საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოც. ეს დროშა, როგორც ნაწილი სამშობლოსი, ასევე გაიყოლეს შორეულ კოლონიებში ქართველმა პოლიტგადასახლებულებმაც“, - ამბობს ირაკლი ხვადაგიანი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საფრანგეთში გაიყოლა პოლიტიკურმა ემიგრაციამაც. სწორედ ამ დროშას შეავლო ხელი გარდაცვალების წინ საქართველოს ეროვნულმა გმირმა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. ეს დროშა ქაქუცას ხმალსა და ქამარ–ხანჯალთან ერთად ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.
პირველი რესპუბლიკის „სამფერ დროშას“ მალულად ინახავდნენ ქართველი პოლიტპატიმრებიც. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა გიორგაძეს, დღემდე უკიდია შინ უფროსი თანამებრძოლის მიერ ნაჩუქარი და რუსეთის ციხეებგამოვლილი დროშა.
„ეს დროშა არის ყველაზე ძვირფასი რელიკვია, რადგანაც იმ დროს ჩვენთვის იყო დამოუკიდებლობის, ბრძოლის, გამარჯვებისა და იმედის სიმბოლო“, - უთხრა მამუკა გიორგაძემ რადიო თავისუფლებას.
„სამფერი დროშის“ ახალი სიცოცხლე გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როცა ეროვნულმა მოძრაობამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოითხოვა. მალევე, 1990 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, ხელი მოაწერა კანონს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შესახებ, რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა საქართველოს სსრ სახელმწიფო დროშის შესახებ 1951 წლის 11 აპრილის ბრძანებულება და დამტკიცდა საქართველოს რესპუბლიკის ახალი სახელმწიფო დროშის გამოსახულება, თუმცა „სამფერი დროშის“ ახალი სიცოცხლეც მალევე დასრულდა. 2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ორგანულ კანონს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო დროშად დამტკიცდა ხუთჯვრიანი დროშა, სამფერმა კი მუზეუმებში დაიდო ბინა. მისი რამდენიმე ეგზემპლარი პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზს დღემდე ამშვენებს.